დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს ხობში შეხვდა

დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს ხობში შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს ხობში შეხვდა.

როგორც „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, ადგილობრივ მოსახლეობას სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, განსაკუთრებით აწუხებს ფაროსანას მიერ განადგურებული თხილის მოსავალი და ამის გამო ბანკებთან შექმნილი დავალიანების პრობლემა. მათივე თქმით, რეგიონის მთავარი პრობლემა საქართველოს სხვა რაიონების მსგავსად, უმუშევრობა და უპერსპექტივობის განცდაა.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით ,“სამეგრელო არის ის რეგიონი, რომელმაც განსაკუთრებით მტკივნეულად გაიარა წარსულის რთული ეტაპი, რომელსაც განსაკუთრებით ღრმა ჭრილობები მიაყენა იმ დაპირისპირებამ, რომელიც საქართველოში იყო 90 -იან წლებში“.

„ამიტომ აუცილებელია საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელსაც კარგად ესმის ჩვენი წარსული, რომელსაც კარგად ესმის ჩვენი კუთხის თითოეული ტკივილი და რომელსაც კარგად ესმის რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების გამთლიანება და საზოგადოების თითოეულ ნაწილთან ურთიერთობა და დიალოგი. საქართველოს არ სჭირდება კაბინეტის პრეზიდენტი, საქართველოს არ სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც უცხოეთიდან უყურებდა ქვეყანას. ქვეყანას და ხალხს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს ყველასთან ურთიერთობას, რომელიც შეძლებს წარსულის ტკივილების მოშუშებას და რომელიც შეძლებს, რომ ჩვენ ყველა ერთად ავაშენებთ უკეთეს ხვალინდელ დღეს“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.