ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2018

გრუ, ფე-ეს-ბე, ეს-ვე-ერი - როგორ მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში
"ერთი ქვეყანაში რამე გამწვავდეს და დაინახავთ, კობახიძე როგორ მოკურცხლავს"
***
გრუ, ფე-ეს-ბე, ეს-ვე-ერი - როგორ მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში
“აქტიური პოლიტიკური პროცესების დროს, არჩევნებია ეს თუ რაიმე დიდი პოლიტიკური აქცია, ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში პოლიტიკოსები ყველაზე დიდ საფრთხობელად მუდმივად იყენებენ ერთმანეთის რუსეთის აგენტობაში დადანაშაულებას. ასეა ახლაც, რაღაც ნაწილი გრიგოლ ვაშაძეს მიიჩნევს რუსეთის აგენტად, ნაწილი - სალომე ზურაბიშვილს. თუმცა საინტერესოა, რომ თუკი "ნაციონალური მოძრაობის" დროს შოუების დადგმით ხდებოდა რუსეთის ჯაშუშობისთვის ბრალდებული პირების გამოვლენა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უკვე 6 წელია, რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე არც ერთი პირი არ გამოვლენილა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გრუ, ფე-ეს-ბე, ეს-ვე-ერი - როგორ მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში
"თანაც ეს მაშინ, როდესაც სწორედ ბოლო წლებში მთელ ევროპასა და აშშ-ში გააქტიურდა საუბარი იმაზე, როგორ მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები სხვადასხვა ქვეყანაში და როგორ ცდილობენ სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევას. გარდა ამისა, წელს დიდი სკანდალი მოჰყვა დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის - სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლას და მიუხედავად იმისა, რომ, მოსკოვის მტკიცებით, მოწამვლაში ეჭვმიტანილი რუსეთის რიგითი მოქალაქეები ბრიტანეთში სამოგზაუროდ იყვნენ წასულები, ლონდონმა რამდენიმე დღის წინ პასპორტის ნომრებით გაშიფრა, რომ ეს "რუსი ტურისტები" გრუ-ს პოლკოვნიკები არიან. რუსეთის სხვა სპეცსამსახურს, კერძოდ ეფ-ეს-ბე-ს, უკავშირდება 2006 წელს ყოფილი რუსი ჯაშუშის - ალექსანდრ ლიტვინენკოს მოწამვლა, ხოლო 2004 წელს ყატარის დედაქალაქ დოჰაში მანქანაში ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის, ზელიმხან იანდარბიევის, აფეთქებისთვის დააკავეს გრუ-ს 2 ოფიცერი, რომლებიც ყატარმა რუსეთს გადასცა და მოსკოვში მათ გმირობა მიანიჭეს. როგორ მუშაობენ რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში და რატომ ვერ პოულობენ რუსეთის აგენტებს ბოლო წლებში?“, - აღნიშნავს გამოცემა.
"დღეს რუსეთში სამი ძირითადი სპეცსამსახურია: ფე-ეს-ბე, უსაფრთხოების ფედერალური სამსახური, ეს-ვე-ერი, საგარეო დაზვერვა და გრუ, რუსეთის არმიის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო. ძირითადად ეს-ვე-ერ-ისა და გრუ-ს ფუნქციაა უცხოეთში ღია და საიდუმლო მასალების მოპოვება, თუმცა ეფ-ეს-ბე-საც მიენიჭა დაზვერვის ფუნქცია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, რუსეთს საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით ერგო ე.წ. პოლიტიკური მკვლელობების შემკვეთი და განმახორციელებელი ჯგუფი, რომელიც სამივე ამ სამსახურს აქვს. როგორც უსაფრთხოების ექსპერტი ბესო ალადაშვილი ამბობს, რუსული სპეცსამსახურების მიერ ღია მკვლელობები მსოფლიო მასშტაბით 2004 წლიდან იწყება, როდესაც გრუ-ს ორმა ოფიცერმა ყატარში მოკლა იანდარბიევი, ფარული მკვლელობა კი უამრავი აქვთ ჩადენილი და მათ შორის ყველაზე ძლიერ და სანდო სპეცსამსახურად გრუ მიიჩნეოდა. ალადაშვილის თქმით, საქართველოში სამივე რუსული სპეცსამსახური აქტიურად მუშაობს. საბჭოთა დროს ეფ-ეს-ბე და გრუ გაერთიანებული იყო, მას "კა-გე-ბე", სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ერქვა და რუსეთს დღესაც ხელს აქვთ "კაგებეს" მთელი არქივი - აგენტურები, ფსევდონიმები, ოპერატიული მასალები და რუსები მას დასაშანტაჟებლად იყენებენ, მათ შორის საქართველოშიც“, - განაგრძობს გამოცემა.
"როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, მაშინ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (სუკ-ი) ეროვნულ მოძრაობაში დაიწყო აგენტურის შეგზავნა, გადაბირება და ამ მოძრაობის გახლეჩა. შემდეგ აფხაზეთის ომშიც აქტიურად მუშაობდა რუსული სპეცსამსახურები. შევარდნაძის ხელისუფლების დროს იგორ გიორგაძისა და შოთა კვირაიას მოსვლით რუსული აგენტურა იყო სახელისუფლებო შტოებში და ღიად მოქმედებდნენ. 1995 წლის აგვისტოში შევარდნაძის აფეთქების შემდეგ შეიცვალა ვითარება და რუსეთის სპეცსამსახურები ისე ღიად ვეღარ მოქმედებდნენ," - აღნიშნავს ალადაშვილი. მისი თქმით, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სპეცსამსახურებში მაღალ თანამდებობებზე გამოუცდელი კადრები დაინიშნა, რამაც ისინი შეასუსტა. "ჩემი აზრით, ამ დროს რუსეთმა მოახერხა ჩვენს სპეცსამსახურებში თავისი ხალხის გაყვანა, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობებზე და ეს ხალხი კიდევ შემორჩენილია. სააკაშვილის პერიოდში ვნახეთ დადგმული შოუები, ვითომ ჯაშუში სიმონ კილაძე, ვახტანგ მაისაიას, "ენვერის" საქმე, ფოტოგრაფების საქმე. ესენი თეთრი ძაფით ნაკერი საქმეები იყო. ამ ფარსის ქვეშ კი რუსეთის აგენტურა მუშაობდა, რაც გამოჩნდა 2008 წლის ომშიც. რატომ ვერ ავლენენ რუსეთის აგენტებს? სპეცსამსახურებში, სულ მცირე, 2 პრობლემაა. ერთია არაპროფესიონალიზმი, დაბალი დონე და მეორეა - რუსეთის აგენტურა საკუთარ თავს ხომ არ გამოავლენს? ჩვენი მთავარი სპეცსამსახური გადასულია მუნიციპალიტეტის რიგითი მოხელეების დაკავებაზე, ამ დროს მთავარი ფუნქცია უცხო ქვეყნის ჯაშუშების გამოვლენაა. გამორიცხულია, საქართველოში რუსული სპეცსამსახურები აქტიურად არ მუშაობდნენ, როდესაც ხელისუფლებას გაცხადებული აქვს ნატო და ევროინტეგრაცია," - დასძენს ალადაშვილი. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, რუსეთს საქართველოში დიდი ინტერესები აქვს, ამიტომ გამორიცხული არ არის, რუსეთის სამივე სპეცსამსახურს ჰქონდეს სინქრონული კავშირი, თავისი დიდი ქსელებით და მიძინებული აგენტურით“, - დასძენს გამოცემა.
"იგი ამბობს, რომ ორი ტიპის რეზიდენტურა არსებობს - ლეგალური, რომელშიც შედიან დიპლომატები, მედია, ტურისტები, ის პოლიტიკოსები, გავლენის აგენტები, რომლებიც არ მალავენ განწყობას და არალეგალური, რომლებიც ფარულად მოქმედებენ და მათი გამოვლენა ძალიან რთულია. "საქართველოში ლეგალური რეზიდენტურა მეტ-ნაკლებად შეზღუდულია დიპლომატიური ურთერთობის არარსებობის გამო. არალეგალური რეზიდენტურა კი ძალიან დიდია და ეს არის მთავარი გამოწვევა. საქართველოში ასეთი რეზიდენტების გამოვლენა, ფაქტობრივად, არ მომხდარა. 2006 წელს გრუს 4 აგენტი გამოააშკარავეს, რასაც რუსეთიდან მოჰყვა დიდი ემბარგო და ქართველების მასობრივი გამოძევება. ასევე, 2005 წლის იანვარში გორში მოხდა დივერსია, ელექტროგაყვანილობის ხაზები ააფეთქეს და 3 ადამიანი დაიღუპა. ეს მოხდა გრუ-ს სპეციალური ოპერაციების ხაზით. მაშინ დააკავეს 3 ადამიანი. დანარჩენი კი იყო პოლიტიკური შოუ. მათ შორის დიდი შოუ იყო 2010 წელს სპეცოპერაცია "ენვერი". არალეგალური რეზიდენტურა სახიფათოა იმიტომაც, რომ მას ქვეყანაში დივერსიული ღონისძიებების გატარება შეუძლია, მაგალითად, იატაკქვეშა საბრძოლო ჯგუფების შექმნა, დივერსიების მოწყობა," - ამბობს მაისაია. მისი თქმით, საქართველოში ჰგონიათ, რომ საგარეო ფლანგზე მხოლოდ ეს-ვე-ერი და გრუ მოქმედებენ, მაგრამ ასე არ არის, აქტიურად მოქმედებს ეფ-ეს-ბეც. "მაგალითად, ეჭვი მაქვს, რომ ლიტვინენკო მოწამლა ეფ-ეს-ბემ. მაგალითად, ამერიკელების წინააღმდეგ კიბერშეტევა გრუ-სა და ეფ-ეს-ბე-ს ეგიდით შექმნილმა ჰაკერებმა განახორციელეს. ასევე, სოლსბერისში გრუ-ს ჯგუფმა მოწამლა სკრიპალები. პუტინის ბრძანებით, 2006 წელს შეიქმნა დეპარტამენტი და დაევალა სადაზვერვო ღონისძიებების ჩატარება. ეფ-ეს-ბეში არსებობს სპეციალური ჯგუფი, "ლიკვიდატორების ჯგუფი", რომელიც ქვეყნის გარეთ სპეციალურ ოპერაციებს ატარებს ლიკვიდაციების სახით," - წერს სტატიის ავტორი.
"ერთი ქვეყანაში რამე გამწვავდეს და დაინახავთ, კობახიძე როგორ მოკურცხლავს"
"ექსპრემიერ ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში უკან დაბრუნების შემდეგ მმართველი პარტიის შიგნით დისციპლინის საკითხი გადაწყიტა, თუმცა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ეს ვერ შველის. მისი აზრით, ხელისუფლებაში ისეთი ქაოსია, რომ ერთმანეთს ხელს უშლიან. ფიქრობს, რომ არჩევნებში მეორე ტურის ჩატარების ალბათობა არსებობს და, თუ ასე მოხდა, ის მხოლოდ ორ კანდიდატს ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის გაიმართება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ერთი ქვეყანაში რამე გამწვავდეს და დაინახავთ, კობახიძე როგორ მოკურცხლავს - ხუხაშვილი
"ანალიტიკოსის აზრით, არ არის გამორიცხული, რომ წინასაარჩევნოდ სარალიძის საქმის ირგვლივ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს, რადგანაც ხელისუფლება საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ იქცევა. მისი აზრით, კობახიძის განცხადებები მარგველაშვილზე და სარალიძის საქმეზე "სრული უტიფრობაა" და ქვეყანაში სიტუაცია მცირედაც რომ დაიძაბოს, პარლამენტის თავმჯდომარე "უკანმოუხედავად მოკურცხლავს". მეორე ტურის ალბათობა არსებობს და დღეის მონაცემებით ამის ნიშნები ნათელია. რა თქმა უნდა, ეს იქნება ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის. სხვანაირად გამორიცხულია. მეორე ტური თუ შედგება, ეს იქნება „ნაციონალების" და „ოცნების" დაპირისპირება. სხვა ვარიანტები პოლიტიკურ ბაზარზე უბრალოდ არ ჩანს. კორესპონდენტის კითხვაზე, რატომ აკეთებს მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი გამაღიზიანებელ განცხადებებს ზაზა სარალიძესთან მიმართებაში, ანალიტიკოსის აზრით, ამ საქმეზე თავის დროზე ორივე მხრიდან შეცდომები იყო დაშვებული. თუმცა სარალიძეს, როგორც შვილმკვდარ მამას, ეპატიება, ხელისუფლებას კი არა. საერთოდ ამოუხსნელია, რატომ უშვებს ხელისუფლება ამ შეცდომებს. თუმცა მე ჩემი მოსაზრება მაქვს და აგიხსნით. სიმართლე გითხრათ, იმის პოლიტიკურ სურვილს ვერ ვხედავ, რომ მათ ამ დანაშაულის დამალვა უნდათ. მაგრამ არც იმას ვამბობ, რომ პირველ ეტაპზე საქმის დანგრევის მცდელობები არ იყო. თუმცა ამ ეტაპზე სიტუაციას ასე აღარ ვხედავ. ხელისუფლებაში არის გარკვეული პოლიტიკური ნება, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს, მაგრამ პრობლემები მტკიცებულებებთან დაკავშირებით აქვთ. ამიტომაც ასეთ ვითარებაში ორი მონოლოგის დიალოგის რეჟიმში გადაყვანა შესაძლებელი იყო. რატომღაც ეს ვერ მოხერხდა და სიტუაცია კიდევ უფრო მწვავდება. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას მცდელობა ჰქონდეს ამ ადამიანთან საუბრის, ვხედავთ, რომ რიგი პოლიტიკოსები სრულიად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ. ცეცხლზე ნავთს ასხამენ, ამბობენ, რომ სარალიძე ანგაჟირებულია, პოლიტიკური ინტერესები აქვს, ფული უნდა, ამით ფაქტობრივად შვილმკვდარ მამას უბიძგებენ, რომ უცნაურ პოლიტიკურ ბანაკში მოხვდეს და საღი აზრით მოლაპარაკების საფუძველს ვერ უქმნიან. ხელისუფლებამ, პირველი, სარალიძეს თანადგომა უნდა აჩვენოს და მეორე -ნება, რომ ისინი რეალური გამოძიებით არიან დაინტერესებულები. ელემენტარულად სარალიძის წარმომადგენელი დააახლოვონ გამოძიებასთან და აჩვენონ, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები ვიღაცის დასაპატიმრებლად. სარალიძესაც უნდა ესმოდეს, რომ თუ არ არსებობს მტკიცებულებები, რა შიდა ინფორმაციაც არ უნდა ჰქონდეს, ბუნებრივია, ადამიანს ვერ დაიჭერ“, - აღნიშნავს გამოცემა
"ხელისუფლებამ ეს პირებიც უნდა დასაჯოს, ვინც ეს მტკიცებულებები გაანადგურა, თუმცა აქაც კონკრეტული ფაქტებია საჭირო. ჰაერზე ხომ ვერავის დაიჭერენ? მეორეს მხრივ უნდა ეცადოს, რომ ყველა ფიგურანტი დააპატიმროს, ვინც ამ გამოძიებას ხელს უშლიდა. ხელისუფლებას უნდა, მაგრამ არ შეუძლია. თან სარალიძეს ვერ უხსნიან გასაგებად, რატომ არ შეუძლია, აქეთ აღიზიანებენ. ხელისუფლება იმდენად მყიფე და არაადეკვატურია, რომ პროგნოზირება უკვე მიჭირს. „ქართული ოცნების" მთავარი პრობლემა პოლიტიკური ოპოზიცია კი არ არის, მათი მთავარი პრობლემა საკუთარი თავია. შიგნით მიმდინარე პროცესები, როგორიც არის პოლიტიკური არაპროფესიონალიზმი, სიბრიყვე, გამოუცდელობა. ამ არჩევნებზე „ოცნების" მთავარი მტერი „ოცნებავეა". ის ურჩხული, რომელიც თავის თავში გამოზარდეს, ცდილობს, რომ საკუთარი თავი შეჭამოს. ამ პროცესში ვართ და შიგნით დალაგდნენ ჯერ ის სჯობს“, - განაგრძობს გამოცემა.
"როგორი სისულელეა, რომ მარგველაშვილი სააკაშვილის ექსპერტი ყოფილა და თურმე „მაესტრო" სახელისუფლო პროექტი იყო. ეს შეურაცხყმყოფელი მხოლოდ მარგველაშვილისთვის კი არ არის, ყველა იმ ადამიანისთვისაა, რომლებმაც იმ ბრძოლაში სიცოცხლეც კი სასწორზე დადეს. ამ დროს კი კობახიძე ბუჩქებში იჯდა. ერთი ქვეყანაში პატარა რამე გამწვავდეს და დაინახავთ, კობახიძე სად გაიქცევა და როგორ მოკურცხლავს. ივანიშვილმა გარკვეული ამოცანები გადაწყვიტა და შიდა დისიპლინალური საკითხები მოაგვარა. თუმცა ამ პრობლემებს შიდა დისიპლინის დალაგება არ შველის. აბსოლუტურად მოშლილი, დეზორგანიზებული და ეფექტურობას მოკლებული გაუგებარი სისტემაა შიგნით ჩამოყალიბებული. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე შეცდომები გარდაუვალია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაში ერთიანი სისტემა არ არის. მარცხენა ხელი რას აკეთებს, მარჯვენამ არ იცის. რა თქმა უნდა, წინასაარჩევნოდ ასეთი ნაბიჯები თავად ხელისუფლებას დააზიანებს, მაგრამ სხვადასხვა კომპეტენციები არსებობს და ერთმანეთს აზიანებენ. ამის დამლაგებელი და კორდინატორი არ არსებობს, ამიტომაც ხდება ასეთი რაღაცეები. წინასაარჩევნოდ იგივე მარიხუანის თემის წამოწევა რაში დასჭირდათ... ხომ იცოდნენ, რომ დიდი წინააღმდეგობა მოჰყვებოდა. ან რატომ სჭირდებოდათ პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანის საკითხის ამოწევა. ეს არის დეზორგანიზებულობის ბრალი, რაც გაუგებრობას იწვევს“, - წერს სტატიის ავტორი.

























