ხვალ ხაშურქალაქობის დღესასწაული გაიმართება

ხვალ ხაშურქალაქობის დღესასწაული გაიმართება

ხაშური ხაშურქალაქობის ტრადიციულ დღესასწაულს ხვალ უმასპინძლებს. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

საზეიმო ღონისძიებები 14:00 საათზე ქალაქის ცენტრალური მოედნიდან თეატრალიზებული მსვლელობით დაიწყება.

დღესასწაულის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი ჯგუფებისა და შემსრულებლების კონცერტს, დაათვალიერონ ადგილობრივი მხატვრების და ხალხური რეწვის ადგილობრივი ოსტატების ნამუშევართა გამოფენები, დაესწრონ ქართულ ჭიდაობას და სხვა სპორტულ სანახაობებს, დააგემოვნონ ადგილობრივი ფერმერებისა და მეღვინეების პროდუქცია.

გამოფენილი იქნება ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ნაბეჭდი მასალებიც. დღესასწაულის ფარგლებში დაჯილდოვდებიან ხაშურის საპატიო მოქალაქეები, წარმატებული სპორტსმენები და მოსწავლეები. დღესასწაულს ფოცხიშვილების სამეფო ნაციონალური ბალეტისა და ნიაზ დიასამიძის კონცერტი დაასრულებს.

ხაშურქალაქობაზე მონაწილეობას მიიღებენ დელეგაციები ხაშურთან დამეგობრებული ქალაქებიდან: ბაუსკა (ლატვია), რადვილიშკისი (ლიეტუვა), ნოვოგრად-ვოლინსკი (უკრაინა), გორკი (ბელორუსი).წლევანდელი ხაშურქალაქობა კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში აღინიშნება.