ფოთში მოვაჭრეები თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ

ფოთში მოვაჭრეები თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ

ფოთში მოვაჭრეები თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რიონის სანაპიროზე მდებარე თევზის სარეალიზაციო ობიექტის დემონტაჟი უნდა განახორციელოს, რადგან ის არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

მოვაჭრეების თქმით, წლების მანძილზე ისინი თევზის რეალიზაციას სხვა ადგილზე ახორციელებდნენ, რიონის სანაპიროზე კი მერიის გადაწყვეტილებით 2 წლის წინ გადაიყვანეს. მათივე განცხადებით, მთავრობა მათ ალტერნატიულ ფართს არ სთავაზობს.

„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არ გაითვალისწინა მაშინ ხელისუფლებამ ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების განთავსება კანონდარღვევა იყო და რატომ გაახსენდა მერიას ეს დღეს? ხომ შეიძლება ქალაქის მერმა გამოგვიყოს ადგილი, აგვიშენოს შესაბამისი შენობა და მერე გადაგვიყვანოს. მოდიან და გვეუბნებიან, რომ დანგრევას აპირებენ, ხელიდან გამოვგლიჯეთ ხელსაწყოები. ჯერ დაგველაპარაკონ. თავის დროზე ადგილობრივი ხელისუფლების სურვილით გადმოვედით აქ. ეს შენობა რომ ააშენეს, გახსნის დღეს წითელი ხალიჩა ჰქონდათ დაგებული. თუ 5 წელი ივარგა ამ ობიექტმა, ახლა რატომ არ ვარგა? გაგვცეს მერიამ პასუხი. მშრომელი ხალხი ქუჩაში ვრჩებით,“- განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ თევზის რეალიზატორმა მიმოზა შონიამ.

თევზის რეალიზატორებთან ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დარეჯან ცხვიტარია მივიდა. ის მოვაჭრეების მოთხოვნებს სამართლიანს უწოდებს.

,,ეს ადამიანები იყვნენ სხვა ადგილას და აქ გადმოიყვანეს ზარ-ზეიმით, მაშინ არ იცოდნენ, რომ ეს კანონთან შეუსაბამო იყო? ახლა უნდათ ამ ადგილიდან ჩაქუჩით გამოასახლონ. ნამდვილად უნდა აგონ ამაზე პასუხი. მაშინდელმა ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ გახსნა ეს ობიექტი და დასვა აქ ხალხი. დღეს კი პირდაპირ უნდა აყარონ. ლუკმა-პურს ამით შოულობს ეს ხალხი“, -განუცხადა ჟურნალისტებს დარეჯან ცხვიტარიამ.