ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსნდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გუბერნატორის პრესსამსახურიდან აცნობეს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელებმა განხორციელებულ და შეფერხებულ პროექტებზე ისაუბრეს. სოფლების უდიდეს ნაწილში გზის საფარის, სანიაღვრე და წყალსაწრეტი არხების, სკოლებსა და საბავშო ბაღების პრობლემა გამოიკვეთა.
ამასთან, შეხვედრაზე ისაუბრეს კოოპერატივების ბალანსზე არსებული ძველი, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ნაგებობების შესახებაც, სადაც ამბულატორია, საჯარო ბიბლიოთეკა და ზოგან, საბავშვო ბაღებიცაა განთავსებული. სოფლის წარმომადგენლებმა ინერტული მასალის ადგილობრივად მოპოვების შესაძლებლობასაც გაუსვეს ხაზი, რაც ლიცენზირებულ კომპანიებს შეუძლიათ და მუნიციპალიტეტს გაძვირებული სახით უწევთ შეძენა. აღინიშნა ჩაშლილი ტენდერების თემაც, რის გამოც პროექტები განხორციელება წლობით ვერ ხერხდება.
,,ჩვენ შევისწავლეთ რამდენიმე სოფელი, თუმცა, ვხედავ, რომ უამრავი პრობლემაა და მინდა, ვითანამშრომლოთ თითოეული მათგანის გადაჭრის მიზნით. ეს ერთბაშად ვერ მოხერხდება, თუმცა პრიორიტეტულ საკითხებად დავყოთ და ეტაპობრივად, შევძლებთ დაბრკოლებების დაძლევას“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

























