ბათუმში ის მაშველები დააჯილდოვეს, რომლებმაც შტორმის დროს ადამიანები გადაარჩინეს

ბათუმში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ის მაშველები დააჯილდოვა, რომლებმაც ზღვაში შტორმის დროს ადამიანები გადაარჩინეს. მაშველებს სიმბოლურად სიგელები და საჩუქრები გადასცეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წყალზე მაშველებმა ტურისტულ სეზონზე შტორმის დროს 400-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.
მათივე ცნობით, სამომავლოდ წყალზე მაშველების სახელფასო სარგო გაიზრდება და ასევე იგეგმება ქალების დასაქმება ამ კუთხით.
„მომავალი წლიდან იქნება სიახლე. გაუმჯობესდება მაშველთა სოციალური პირობები, სამსახურის აღჭურვილობა და შეიქმნება გარემო, რომელიც მიმზიდველი იქნება ქალებისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი ქალი მაშველი ვიხილოთ ბათუმის სანაპიროზე", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა.

























