აჭარის უმაღლესი საბჭო - „კალოთობა 2018“ ტრადიციად მკვიდრდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე-ხულოს მუნიციპალიტეტის ხიხაძირის თემის სოფელ კალოთაში სახალხო ზეიმს -„კალოთობა 2018-ს“ დაესწრნენ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დღესასწაული, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსახლებული ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით დაარსდა, წელს მეოთხედ აღინიშნა და მას ამჯერადაც უამრავი სტუმარი ჰყავდა. საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა სოფელმა ქვეყანას არაერთი სახელოვანი ადამიანი აღუზარდა - აქ დაბადებული ცნობილი მეცნიერები, ექიმები, ინჟინრები, ბიზნესმენები თუ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები სოფლის უდიდესი სიამაყეა და ისინი, მადლიერების, სიყვარულის ნიშნად, ყოველ დღესასწაულზე მშობლიურ სოფელში იკრიბებიან.
„სოფლის სიამაყეა კალოთას უძველესი ეკლესიის ნანგრევებიც, სადაც სახალხო ზეიმის პარალელურად, საქართველოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის ინიციატივით, ყოველწლიურად სადღესასწაულო პარაკლისს იხდიან. დაწყებულია თავად ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
სახალხო დღესასწაულის მონაწილეები ეცნობიან ადგილობრივი ფოლკლორული და შემოქმედებითი ჯგუფების ხელოვნებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























