გუბერნატორი - შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალს, რომელიც დააზიანეს, აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა

შინდისის ბრძოლაში დაღუპული 17 გმირის მემორიალს, რომელიც გუშინ დააზიანეს, აღდგენითი სამუშაეობი ჩაუტარდა, - აღნიშნული ინფორმაცია შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„როგორც იცით, გუშინ შინდისის ბრძოლაში დაღუპული 17 გმირის მემორიალი დააზიანეს. ფაქტი უდაოდ აღმაშფოთებელია, ეს იყო ვანდალური ქმედება. ჩვენ ადგილზე გავეცანით სიტუაციას და მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად დაუყოვნებლივ განვახორციელეთ აღდგენითი სამუშაოები. მოწესრიგდა ტერიტორია, დაირგო ყვავილები და მემორიალს დაუბრუნდა პირვანდელი სახე.
აქვე მინდა გითხრათ, რომ შინდისის გმირთა მემორიალის დარბევის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზეა მხილებული და ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ ინფორმაცია, ოპერატიულად ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზები”, - აცხადებს ხოჯევანიშვილი.

























