დავით გაბაიძემ სტუდენტებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, ახალი სასწავლო წლის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებს, უმაღლესი საბჭოს წევრებთან - ლადო მგალობლიშვილთან, ილია ვერძაძესთან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებთან - ინგა შამილიშვილთან და ზაალ მიქელაძესთან ერთად დაესწრო.
„2018-2019 სასწავლო წელს ბსუ-ში - 1313 პირველკურსელი ჩაირიცხა. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი სასწავლებელი წელს სიახლეებს სთავაზობს სტუდენტებს. უნივერსიტეტში ამოქმედდა თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ბოტანიკის კაბინეტი, ფარმაკოგნოზისა და უჯრედული ბიოლოგიის ლაბორატორიები, ადაპტირებული გარემო შეიქმნა I და II კორპუსებში, დამონტაჟდა ლიფტები და ელექტროპანდუსები. ბსუ-ში სულ 6 000 სტუდენტი სწავლობს. აღსანიშნავია, რომ წელს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და ის, აბიტურიენტთა მხრიდან მოთხოვნის თვალსაზრისით, ქვეყნის მასშტაბით მესამე ადგილზეა“, - ნათქვამია აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























