დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს სამეგრელოში ხვდება

დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს სამეგრელოში ხვდება

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს სამეგრელოში ხვდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მოსახლეობა დავით ბაქრაძესთან რეგიონში არსებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს.

„გადასაჭრელია გზების, გაზიფიკაციის საკითხები. მძიმე სოციალურ ფონს უმუშევრობის და უპერსპექტივობის პრობლემა ემატება. პრობლემების გადაჭრის გზების გარდა, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტები გააცნო“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ბაქრაძემ პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.

„წალენჯიხაში და ჩხოროწყუში ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი, ძალიან ბევრი ოჯახია,რომელსაც მოუხსნეს სოციალური დახმარება, ძალიან ბევრია გაჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტი, მაგალითად, გაზიფიკაცია, გზები. ძალიან დიდია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც უჭირს და ვინც უმუშევარია, ამიტომ ამ ყველაფერს სჭირდება შეცვლა, ხოლო შეცვლის ერთდერთი გზა დღეს არის არჩევნები. სწორედ ამიტომ ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი ცვლილებები, რყევის გარეშე, მაგრამ აუცილებელია ქვეყანაში თითოეულმა ოჯახმა, თითოეულმა ამომრჩეველმა გამოიყენოს ეს არჩევნები, იმისთვის, რომ გაიუმჯობესოს საკუთარი ცხოვრება. აირჩიოს არა პრეზიდენტი, რომელიც იქნება ფურცელს და კაბინეტის კარს ამოფარებული და იტყვის,რომ მას არ ეხება ინფრასტრუქტურა, არ ეხება გაჭირვება, მას არ ეხება უმუშევრობა, არამედ აირჩიოს პრეზიდენტი,რომელიც იქნება პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ხალხთან ერთად იმუშავებს ყველა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ეხება ხალხს და რომელიც იწვევს დღვანდელ გაჭირვებულ მდგომარეობას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.