ჯეიმს აპატურაი - იქნება MAP-ი, იქნება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება

დღეს ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი იხსნება. მინისტერიალის პირველი დღის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც გაიმართება. რას უნდა ველოდოთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობისგან და რა პერსპექტივები გვაქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, ამ საკითხებზე საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის ესაუბრა.

- ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო მომავალში ნატო-ს წევრი გახდება, როდესაც ნატო-ს მოთხოვნებსა და სტანდარტებს დააკმაყოფილებს, თუმცა, ჩემი აზრით და ეს ასევე ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის აზრია, საქართველომ ნატო-სკენ მიმავალ გზაზე გაცილებით მეტს მიაღწია და მეტი გააკეთა, ვიდრე ნატო-ს ზოგიერთმა ახალმა წევრმა ქვეყანამ. ხომ არ გგონიათ, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში არა ტექნიკური, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია? იენს სტოლტენბერგისთვის შეკითხვის დასმისას ვახსენე, რომ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ერთგვარ შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს საქართველოს ნატო-ში სწრაფ გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება პოლიტიკური საკითხია და ალიანსის ზოგიერთი წევრი ქვეყანა რუსეთის პოზიციას ითვალისწინებს ამ საკითხთან მიმართებაში?

- ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომელშიც საქართველოს გეოპოლიტიკური კონტექსტი გაცილებით რთულია, ვიდრე ნატო-ს ზოგიერთი წევრი ქვეყნის. თუმცა, როდესაც ალიანსის წევრებმა ბუქარესტში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, მათ ეს გეოპოლიტიკური კონტექსტი ესმოდათ. შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ჰქონდათ ადგილი. ამ პერიოდიდან დაწყებული ალიანსის წევრებმა იციან, რომ საქართველოს აქვს ეს პრობლემა, რომ რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზეა განლაგებული. მიუხედავად ამ მოცემულობისა, ისინი ყოველ სამიტზე ან მინისტერიალზე იმეორებენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ალიანსის წევრებმა კარგად იციან თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, მაგრამ მიუხედავად ამისა მხარს უჭერენ თავიანთ პოზიციას. მეორე მომენტი ის არის, რომ ნატო-ს თითოეულმა წევრმა უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული სტანდარტები, ვიდრე ალიანსში გაწევრიანდება. ჩვენ საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ რეფორმებზე, რათა უზრუნველვყოთ ის რომ, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იქნება, საქართველო მზად იყოს; რომ არ გვქონდეს სიტუაცია, როდესაც პოლიტიკური ნებაა წინ წავიწიოთ გაწევრიანების კუთხით, მაგრამ საქართველო მზად არ არის სტანდარტების კუთხით. ჩვენ ასეთი სიტუაცია არ გვექნება. ჩვენ არსებით და მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს და იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველო ახორციელებს. მესამე მომენტი ის არის, რომ ნატო-ს ახალი წევრის წევრობამ არა მხოლოდ წვლილი უნდა შეიტანოს ნატო-ს უსაფრთხოებაში, ასევე წვლილი უნდა შეიტანოს ფართო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ეს ნატო-ს წესდების მე-10 მუხლში წერია. შესაბამისად, ალიანსის წევრები უფრო ფართო კონტექსტს უყურებენ. მართებულია თუ არა, რომ რუსეთს ვეტოს უფლება აქვს? რა თქმა უნდა, არა. რუსეთი ეწინააღმდეგებოდა მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანებას. მოგეხსენებათ, რუსები იმყოფებოდნენ მონტენეგროში, რომლებიც გეგმავდნენ არეულობას არჩევნების დღეს. ისინი ქვეყნიდან გააძევეს და მათ მონტენეგრო რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავით დატოვეს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთი ნატო-ში მონტენეგროს გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ მონტენეგრო ნატო-ში. იგივე ხდება ახლა მაკედონიასთან მიმართებაში. მიუხედავად რუსეთის პოზიციისა, ალიანსის კარები ღია რჩება.

- თუმცა, იგივე მონტენეგროს და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არ არის ერთი და იგივე და ალიანსის წევრები ითვალისწინებენ ამ ფაქტორს გადაწყვეტილების მიღებისას...

- რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ის ფაქტორი რომ იყოს, რომელიც ალიანსის წევრებს შეაჩერებდა, მაშინ ისინი არ მიიღებდნენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეს და არ გაიმეორებდნენ, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება და ისინი ამ პოზიციას კვლავ და კვლავ იმეორებენ.

- მართალი ბრძანდებით, როდესაც ამბობთ, რომ ნატო-ს წევრები ყოველ მინისტერიალზე, ყოველ სამიტზე იმეორებენ იმას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. თუმცა, ეს ერთგვარ ზოგად დაპირებად გამოიყურება, ვინაიდან საუბარი არ არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რაიმე კონკრეტულ და დეტალიზირებულ გეგმაზე. საუბარი მაქვს MAP-ზე. დღევანდელ მოცემულობაში ჩვენ გვაქვს ზოგადი დაპირება, რომ ნატო-ს წევრები გავხდებით, თუმცა როდესაც საქმე MAP-ს ეხება, რაც კონკრეტულ გეგმას წარმოადგენს, აი, აქ უკვე პრობლემები გვაქვს, ვინაიდან ნატო-ს ზოგიერთი წევრი, საფრანგეთი, გერმანია, მხარს არ უჭერს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას. როგორ ახსნიდით ამ დუალიზმს, როდესაც ერთი მხრივ, გვაქვს ზოგადი დაპირება, თუმცა როდესაც საქმე კონკრეტიკას ეხება, საქართველოს უარს ეუბნებიან?

- არ ვფიქრობ, რომ ეს მაინცდამაინც დუალიზმია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ MAP-ი, როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტი და MAP-ი, როგორც პოლიტიკური ნაბიჯი. როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტი, შემიძლია გითხრათ, რომ ფაქტობრივად, არანაირი განსხვავება არ არის MAP-სა, რომელიც საქართველოს არ აქვს და ეროვნულ წლიურ პროგრამას შორის, რომელიც საქართველოს აქვს. პრაქტიკული თვალსაზრისით არანაირი განსხვავება არ არის. ამიტომაც, ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია, რათა ალიანსის წევრი გახდეს.

- თუმცა, ივლისის ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში წერია, რომ საქართველო ნატო-ს წევრი მხოლოდ MAP-ის მეშვეობით გახდება...

- დიახ. მეორე მომენტი ის არის, რომ MAP-ი ასევე წარმოადგენს პოლიტიკურ ნაბიჯს. ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს კონსენსუსი საქართველოსთვის მის მინიჭებაზე. ჩვენ პრაქტიკულ ნაბიჯებს ვდგამთ და საამისოდ ყველა ინსტრუმენტი გვაქვს. დადგება მომენტი, როდესაც პოლიტიკური ნაბიჯები გადადგმული იქნება. წევრობამდე იქნება MAP-ი და ეს აუცილებლად მოხდება. ახლა რაც შეგვიძლია არის ის, რომ პრაქტიკული ინსტრუმენტები და ყველაფერი ის, რაც წევრობისთვის მოსამზადებლადაა საჭირო, გამოვიყენოთ. იქნება MAP-ი, იქნება გაწევრიანება, თუმცა არ ვიცი როდის. არავინ იცის ეს.

- თუ საიდუმლო არ არის მითხარით, როდესაც ალიანსის წევრები საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხს განიხილავენ, რა არგუმენტები მოჰყავთ მათ, ვინც ამას ეწინააღმდეგებიან?

- რასაც ისინი ამბობენ არის ის, რომ MAP-ი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს. უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ ნატო-ში წევრობა უზრუნველყოფს. ისინი შიშობენ იმის რისკს, რომ პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა, როგორიც არის MAP-ის მინიჭება, პოტენციურად გაზრდის რისკს საქართველოსთვის რუსეთის მხრიდან.

- ანუ, MAP-ის არმინიჭებით ჩვენ რუსეთის მორიგი აგრესიისგან გვიცავენ?

- ეს საქართველოსთვის რისკებს ზრდის იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფილი არ არის MAP-ით. ეროვნული წლიური პროგრამის ფარგლებში ჩვენ საქართველოს წევრობისთვის მომზადებაში ვეხმარებით და ამავდროულად პოლიტიკურ რისკებს არ ვზრდით. დადგება მომენტი, როდესაც MAP-ი და გაწევრიანება იქნება. ალიანსის ზოგიერთი წევრი მიიჩნევს, რომ ეს მომენტი დადგა, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ ეს დრო ჯერ არ დამდგარა. თუმცა, ჩვენ გვაქვს კონსენსუსი ნატო-ს საქართველოში და საქართველოს ნატო-ში ყოფნის გაღრმავებაზე.

- რუსეთის საფრთხის ფაქტორი არსად გაქრება. რუსეთის მხრიდან რისკები ყოველთვის იქნება და ჩვენ ამას საქართველოში მუდმივად ვგრძნობთ. ამ ვარაუდიდან გამომდინარე უახლოეს მომავალში MAP-ს არ უნდა ველოდოთ?

- არ მინდა ვარაუდებით საუბარი. თქვენ მკითხეთ, თუ რატომ ყოყმანობს ზოგიერთი ქვეყანა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით. მე გიპასუხეთ ამ კითხვაზე. ეს პასუხი ემსახურება იმას, რომ საქართველოს ნატო-ში წევრობისთვის დავეხმაროთ პრაქტიკული თვალსაზრისით და საქართველოს უსაფრთხოების შენარჩუნებით და ნატო-ს სტანდარტების დაკმაყოფილების დახვეწით. ამის უკან კეთილი სურვილი დგას.

- რუსეთის თემას მინდა შევეხო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და თავდაცვის უწყებამ ბოლო დროს აღშფოთება გამოხატეს საქართველოში ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები იყო გაკეთებული, რომ თითქოსდა სახიფათო ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს აქვს ადგილი ლუგარის ლაბორატორიაში. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ამგვარი განცხადებებით რუსეთი მორიგ პროვოკაციას ამზადებს საქართველოს წინააღმდეგ?

- ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ყველასთვის კარგად ცნობილია რუსეთის დეზინფორმაციის ტაქტიკა - როდესაც რამეში გადანაშაულებენ, იგივეში დაადანაშაულო სხვა. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება. დიდ ბრიტანეთში ადგილი ჰქონდა მკვლელობის მცდელობას. ამიტომაც, რუსეთის მხრიდან ამგვარი ბრალდებების წამოყენებით გაოცებული არ ვარ. ეს რუსეთი დეზინფორმაციული ტაქტიკის ნაწილია.

- საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. რას მოელით საქართველოს ახალი პრეზიდენტისგან ნატო-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში?

- პირველ რიგში, მთავარია არჩევნების ჩატარება. ამ კუთხით საქართველოში ჩვენ ვხედავთ განუხრელ გაუმჯობესებას. მოველით, რომ არჩევნები კარგად ჩატარდება. როგორც გამოკითხვები აჩვენებს, ქართველ ხალხს დასავლური ღირებულებები აქვს, მათ სურთ ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი იყვნენ და წვლილი შეიტანონ ჩვენს ერთობლივ უსაფრთხოებაში. ეს არის ზოგადად ქართველი ხალხის სურვილი. მე ვერ ვეტყვი საქართველოს პრეზიდენტს თუ როგორ უნდა მოიქცეს. თუმცა, რაც ვახსენე, ეს არის ის ფართო კონსენსუსი, რომელიც ქართულ საზოგადოებაშია მიღწეული. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ვინც არ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ მასთან მჭიდროდ ვიმუშავებთ.

- ყოველ ჯერზე, როდესაც ვესაუბრები ნატო-ს წარმომადგენლებს, დასავლელ დიპლომატებს, მეუბნებიან, რომ საქართველო რუსეთს უნდა დაუპირისპირდეს დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობის და დასავლური ღირებულებების გაძლიერებით. თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, როდესაც რუსეთთან დაპირისპირება გიწევს, როგორც ეს 2008 წელს იყო, საქმე მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში არ არის. შენ გიპირისპირდება უზარმაზარი სამხედრო მანქანა. ასეთ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს ნატო-ს წევრობა და შესაბამისად უსაფრთხოების გარანტიები არ აქვს, ჩვენ არ გვყავს მოკავშირეები, ვისაც ჩვენი დაცვის ვალდებულება აქვთ. შესაბამისად, რას უნდა ელოდოს საქართველო თუ ადგილი ექნება რუსეთის მორიგ აგრესიას?

- რა თქმა უნდა, რუსეთის ძალები უზარმაზარად აღემატება საქართველოს რესურსებს. თუ რისი გაკეთება შეიძლება ახლა არის შეიარაღებული ძალების ხარისხის გაუმჯობესება, მათ შორის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება. ნატო-ს მხარდაჭერით ეს მუდმივად ხდება. ნატო-ს ზოგიერთი წევრები საქართველოს აწვდიან თავდაცვით შეიარაღებას. მაგალითად, აშშ-ს მიერ საქართველოსთვის „ჯაველინის“ მიწოდება. 2008 წელთან შედარებით საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ასევე გაიზარდა ოპერატიული გამოცდილება. საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაცილებით ძლიერია, ვიდრე აქამდე იყო. გვსურს ყველას გავაგებინოთ და პირველ რიგში ეს რუსეთს ეხება, რომ ჩვენ საქართველოში ვართ, რომ ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს, რომ ჩვენ არ მივიღებთ რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

„ინტერპრესნიუსი“

კახაბერ დგებუაძე

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2019
თემურ გოჩიტაშვილი - TANAP-ის ამოქმედების შედეგად საქართველო საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება