ქართული პრესის მიმოხილვა   04.10.2018

ნატოს პირველი ოფიციალური აღიარება საქართველოს რეალობაზე - “მაპის მინიჭებამ შესაძლოა რუსეთის თავდასხმა გამოწვიოს”

სალომე ზურაბიშვილი რუსული პასპორტების მქონე ჯავახელ სომხებს ქართული მოქალაქეობის აღდგენას ჰპირდება

ლია მუხაშავრია - “ივანიშვილს არ სურს საკუთარი ფულის დახარჯვა საარჩევნოდ”

* * *

ნატოს პირველი ოფიციალური აღიარება საქართველოს რეალობაზე - “მაპის მინიჭებამ შესაძლოა რუსეთის თავდასხმა გამოწვიოს”

“საქართველოსთვის მაპის მინიჭებამ რუსეთის მხრიდან შესაძლოა კიდევ ერთი აგრესიული ნაბიჯი გამოიწვიოს, - რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან მიმართებაში, 2008 წლის საშინელი აგვისტოს სცენარი გაიხსენოს. სწორედ ამიტომ, იგი დემონსტრაციულად არღვევს საქართველოს საჰაერო საზღვარს, ამით იგი ცდილობს საქართველოს მისი საბრძოლო მზადყოფნა აუწყოს. საბოლოო ჯამში კი, მაპი საქართველოსთვის უსაფრთხოების მინიჭების გარანტიას არ იძლევა, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ ნატო-სკენ სვლა უნდა შეწყვიტოს, - აღნიშნულთან დაკავშირებით “რეზონანსს” სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ესაუბრა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ნატოს პირველი ოფიციალური აღიარება საქართველოს რეალობაზე / “მაპის მინიჭებამ შესაძლოა რუსეთის თავდასხმა გამოწვიოს”.

“ჯეიმს აპატურაიმ საკითხი რეალურად დასვა და სამწუხაროდ, ის მართალია. სიტუაცია ამერიკასა და რუსეთს შორის გამწვავდა და ვიხილეთ ახალი ცივი ომი, რომელიც ცხელ ფაზაში გადადის. არც ერთი მხარე არ გამორიცხავს სამხედრო დაპირისპირებას. “რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტმა უკვე გასცა ბრძანება, რომ საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ მოამზადოს ქვეყანა საომარი ვითარების პირობებისათვის და სწორედ ამ დონეზეა მისული საქმე, ეს ყველაფერი ყოველგვარ გონივრული საზღვრის მიღმა გადავიდა - ბირთვულ შეიარაღებაზეა საუბარი, როგორც ერთ, ისე მეორე მხარესთან მიმართებაში. ვხედავთ, რომ სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა და ბუნებრივია, ნატო ამ ფერხულში ჩართულია; ამერიკა-რუსეთის დაპირისპირება, ჩვეულებრივ, ნატო-ზე აისახება. რუსეთი აგრესიულად უყურებს ნებისმიერ გამოჩენას, ეს იქნება ნატო-ს შეიარაღებული ძალებისა თუ ამერიკის. დღეს მომაწოდეს კადრები, სადაც ჩანს რუსეთის სამხედრო ვერმტფრენები როგორ არღვევენ სააკაშვილი-სარკოზის მიერ მიღწეულ შეთანხმებას და დემონსტრაციულად არღვევენ ჩვენ საჰაერო სივრცეს. ისინი იმიტაციას ახორციელებენ საბრძოლო ოპერაციის განვითარებაზე”, - აღნიშნა მაისაიამ. მან 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაპი საქართველოსთვის უსაფრთოხების გარანტიას არ წამოადგენს და ამიტომაც, უსაფრთხოებაზე საუბარს იმ შემთხვევაში შეძლებს საქართველო, თუკი იგი ნატო-ს წევრი სახელმწიფო გახდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აპატურაიმ სწორედ ეს აღნიშა, რომ ამ ყველაფრის ფონზე, მაპი საქართველოსთვის უსაფრთხოების მინიჭების გარანტია არ არის. სხვა საკითხი იქნება, თუკი ჩვენ მაპის შემდეგ გავხდებით ნატო-ს წევრი სახელმწიფო. აპატურაიმ განაცხადა, რომ მაპის მინიჭებამ შესაძლოა გამოიწვიოს რუსული აგრესია, - მიუხედავად ამისა, მგონია რომ ნატო-ს მიმართულებით მაინც უნდა გავაგრძელოთ გზა. ნატო-ს ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე არ უნდა მივცეთ რუსულ მხარეს იმის საშუალება, რომ პროვოკაციული ქმედება მოგვიწყოს და გავებათ იმ ხაფანგში, რომელიც 2008 წელს დაგვიგო. გავებით ამ მახეში იმიტომ, რომ მაშინ ნატო-ს ხელმძღვანელობას არ მოვუსმინეთ, ისინი ჩვენ გვაფრთხილებდნენ და დღესაც იგივე სიტუაცია მეორდება”, - განმარტავს მაისაია. მისი თქმით, მაპის მინიჭების შემდეგ ჩვენ ვერ შევძლებთ მე-5 მუხლის ვალდებულებების ამოქმედებას, რომელიც თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას გულისხმობს”, - განაგრძობს გამოცემა.

“რუსული სამხედრო ინტერვენცია პირდაპირ დაემუქრა მას და ამიტომაც, ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განათავსოს ბრიტანულ-კანადური და ამერიკული შენაერთები. საუბარია, მოტორიზირებულ ბატალიონებზე, რომლებიც განთავსდება ბალტიის ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში. ნატო-მ და ბალტიის სახელმწიფოებმა მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება აამოქმედა. ჩვენთან მიმართებაში მე-5 მუხლის ვალდებულება ვერ ამოქმედდება, სანამ არ გავხდებით ნატო-ს წევრი. მაპი კი ამის გარანტიას არ იძლევა: მაპის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ავამოქმედოთ მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, რომელიც შეზღუდული სამხედრო ტიპის დახმარების ელემენტებს მოიცავს, ისიც თუ ამოქმედდება სპეციალური მექანიზმი ნატო-ს ხელმძღვანელობისაგან”, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ. ცნობისათვის, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ჯეიმს აპატურაიმ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსთვის მაპის მინიჭებას გულისხმობს. მისი თქმით, შესაძლოა რუსეთმა საქართველოს კიდევ ერთხელ შეუქმნას საფრთხე. ჩრდილოეთატლანტიკური ალიანისის წევრი სახელმწიფოები ამ გადაწყვეტილების მიღებისგან, სწორედ ამიტომ იკავებენ თავს - ამის შესახებ აპატურაიმ პრესასთან ინტერვიუს დროს განაცხადა”, - დასძენს გამოცემა.

სალომე ზურაბიშვილი რუსული პასპორტების მქონე ჯავახელ სომხებს ქართული მოქალაქეობის აღდგენას ჰპირდება

“სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთ ახალ სკანდალში ეხვევა. ამჯერად მას ქვეყნისათვის სახიფათო განცხადების გაკეთების გარდა, ქსენოფობიასა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წაქეზებაში ადანაშაულებენ ოპოზიციაც და ექსპერტებიც სამცხე-ჯავახეთში გაკეტებული იმ განცხადების გამო, რომ “სააკაშვილმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ სომხებს - არა”. გარდა ქსენოფობიური განცხადებისა, ასევე სახიფათოდ აფასებენ მისი მხრიდან ეთნიკური სომხებისათვის მიცემულ იმ პირობას, რომ ვინც რუსული პასპორტების აღების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს, მათ მოქალაქეობა აღუდგებათ. “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ორი დღის წინ სამცხე-ჯავახეთში სომხურ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, სადაც უარყოფით კონტექსტში მოიხსენია მიხეილ სააკაშვილის მიერ თურქებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სალომე ზურაბიშვილი რუსული პასპორტების მქონე ჯავახელ სომხებს ქართული მოქალაქეობის აღდგენას ჰპირდება.

“აქამდე მოქალაქეობის მინიჭება იყო მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ერთმა პრეზიდენტმა, რომლის წარმომადგენელიც არის ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი, ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა”, - ასე მიმართა ზურაბიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას და მოუწოდა, რომ ვისაც რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო ავტომატურად გაუუქმდათ საქართველოს პასპორტი, მოქალაქეობის აღდგენაზე შეეტანათ განაცხადი. “ამ წელს კონსტიტუციაში მივიღეთ ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში არ არის აკრძალული ორმაგი მოქალაქეობა. ასევე მივიღეთ კანონი, რომელიც ამას არეგულირებს და უკვე შესულია ძალაში. ამიტომ, უკვე დღეიდან შეგიძლიათ განცხადება შეიტანოთ არა გამონაკლისის წესით, არამედ ჩვეულებრივი წესით ორმაგი მოქალაქეობის აღდგენაზე. თუმცა ერთი მაგრამ არის, უნდა საუბრობდეთ ელემენტალური ქართულით და ისტორია უნდა იცოდეთ ელემენტარულად. ეს არის მინიმალური ქართული”, - განაცხადა ზურაბიშვილმა ნინოწმინდის კულტურის სახლში შეკრებილებთან. ზურაბიშვილის ამ განცხადების გამო დიდი ხმაური იყო გუშინ პარლამენტში, სადაც “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი სამარცხვინოა და ქვეყნისთვის საშიში. “ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა კი “ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი რუსული ნარატივის განმეორებაში და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობაში დაადანაშაულა. შეფასებები გააკეთეს ანალიტიკოსებმაც. პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, ზურაბიშვილი ძალიან სახიფათო თემით თამაშობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ზურაბიშვილმა განცხადებით, ერთი, რომ თამაშობს ამ ძალიან სახიფათო თემით, რომელიც არის სომხურ- თურქული ისტორიულად მტრული ურთიერთობები და ეს ის თემაა, რომელთან თამაშიც არ შეიძლება იმიტომ რომ, თურქეთი არის ჩვენი მეზობელი, პარტნიორია და ამავე დროს, ჩვენ ტერიტორიაზე ცხოვრობენ ჩვენი ეთნიკურად სომეხი თანამოქალაქები. მეორე - ეს რეგიონი იყო პრობლემატური. წლების წინ იქ რუსული სამხედრო ბაზა იყო და ბაზის გაყვანა პრობლემატური იყო, რადგან რუსები სპეციალურად ნერგავდნენ შიშს და იყო ეს შიში, რომ როგორც კი გავიდოდა რუსული ჯარი, საქართველო შევიდოდა ნატოში და იქ თურქი სამხედროები შევიდოდნენ. ეს, რა თქმა უნდა, სისულელე იყო, თუმცა ამაზე ძალიან კარგად თამაშობდნენ. ეს ქალი ამ განცხადებით ცარიელ ადგილზე ხელოვნურად აღვივებს პრობლემას და ამას პლუს, ეთამაშება ძალიან სახიფათო თემას, როგორიცაა სომხურ-თურქული ისედაც რთული ისტორიული ურთიერთობები”,- აღნიშნავს შარაშენიძე. მისივე თქმით, საკითხავია ისიც, პრივილეგირებულ მდგომარეობაში მაინცდამაინც სომხებს რატომ აყენებს ზურაბიშვილი, როცა მათ ეუბნება, რომ თქვენ მოგცემთ მოქალაქეობას და არ მივცემ თურქებს და სხვებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეს საერთოდ რა არის? გაუგებარია! აქამდე შორს ვიყავი იმ აზრისგან, რომ ზურაბიშვილი რუსულ ინტერესებს ატარებდა, მიმაჩნდა, რომ მთლად ბოლომდე ადეკვატური არ არის და ამით ვხსნიდი მის განცხადებებს, თუმცა ახლა ეს განცხადება მაფიქრებინებს, რომ ის მართლა შეგნებულად ხომ არ მიდის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ?” - ამბობს შარაშენიძე. “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ ეს განცხადება ქსენოფობიურია და ქვეყნისთვის სახიფათო. “ეს სერიოზული შეცდომაა და ასეთი შეცდომა ზურაბიშვილს წინასაარჩევნოდ უკვე რამდენიმე დაუგროვდა და წესით, მას მიმართვების დაწერაში მრჩევლები და კონსულტანტები უნდა ეხმარებდნენ. მესმის, რომ ქართულთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მაგრამ ეს განცხადება ქართულის პრობლემასთან დაკავშირებული არ არის, ეს აშკარად ერთი ეთნიკური ჯგუფის გულის მოსაგებად მეორე ჯგუფის სტიგმატიცაზიაა და ასეთი ქსენოფობიური ლექსიკა არ უნდა იყოს დამახასიათებელი პრეზიდენტობის კანდიდატისათვის”, - მიიჩნევს კაკაჩია. რომლის აზრით, ეს ქვეყნისთვის საზიანოა და ამ კუთხით ზურაბიშვილი რამდენჯერმე გააფრთხილეს, მათ შორის როგორც საზოგადოებამ, ასევე ექსპერტებმაც, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლებმაც, რომ უფრო მოზომილად ისაუბროს. თუმცა დრო და დრო სერიოზული შეცდომები ისევ მოსდის, რაც მის წინასაარჩევნო კამპანიას დიდი ჩრდილს აყენებს”, - დასძენს გამოცემა.

“მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანი ამბობს, სამცხე-ჯავახეთში სომხური მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთში მუშაობს, რის გამოც რუსული პასპორტები აიღეს და ავტომატურად გააუქმდათ საქართველოს მოქალაქეობა, რაც მოსახლეობისთვის პრობლემაა და ეთნიკური სომხების უკმაყოფილებასაც იწვევდა, თუმცა სტეპანიანი მიუღებლად მიიჩნევს ზურაბიშვილის განცხადების კონტექსტს. “ამ განცხადებაზე ორი მიმართულებით შემიძლია საუბარი. ფაქტია და პრობლემაა ის, რომ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების დიდმა ნაწილმა რამდენიმე წლის წინ მასობრივად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობა აქვთ და ამ დროს სააკაშვილმა რამდენიმე ათას უცხოელს დაურიგა ქართული პასპორტი. თუმცა კონტექსტი, როგორც ეს განცხადება გაკეთდა, ძალიან არ მომწონს. თურქებს დაურიგა მოქალაქეობა, მაგრამ სომხებს არა - აქ სიტყვა “მაგრამ” ქსენოფობიურ ელფერს აძლევს”,- მიიჩნევს სტეპანიანი. ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ზურაბიშვილის განცხადება ჩვეულებრივი სახელმწიფო ღალატია”, - წერს სტატიის ავტორი.

“სააკაშვილის თქმით, მან მოქალაქეობა დაურიგა თურქეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები არიან, საუბრობენ ქართულად და მთელი ცხოვრება საქართველოს პატრიოტები არიან. “ზურაბიშვილის სიგიჟეები უცნაურად ემთხვევა იმას, რაც ძალიან სურს რუსეთს. მე მგონი, სიგიჟე არ არის, ეს არის ჩვეულებრივი სახელმწიფო ღალატი. ეს არის ძალიან საშიში და ეს ჩვენს ხალხს კარგად ესმის... ის, რასაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ის საუბრობს არა ჩვენს სომხებზე, რომელთაც აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, ის საუბრობს ეთნიკურ სომხებზე, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას, 90%-ს აქვს რუსეთის მოქალაქეობა და ის ჰპირდება მათ, რომ დააკანონებს ორმაგ მოქალაქეობას რუსეთის მოქალაქე სომხებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე,”- განაცხადა სააკაშვილმა, რომლის თქმით, “ეს არის ის, რის საფუძველზეც რუსეთი ყირიმში შევიდა, რის საფუძველზეც, ვითომ, ცხინვალსა და აფხაზეთში შემოვიდა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ლია მუხაშავრია - “ივანიშვილს არ სურს საკუთარი ფულის დახარჯვა საარჩევნოდ”

“არც ჩვენს ქვეყანაში და არც საზღვარგარეთ ქვეყნებში ეჭვი არავის ეპარება, რომ ზაზა ოქუაშვილის მიერ გასაჯაროვებული ინფორმაცია სიმართლეს შეეფერება და ფაქტებს ადასტურებს, ეს არ არის მოგონილი. ვფიქრობ, საქმე უნდა აღძრულიყო ჯერ კიდევ პირველი ფარული აუდიჩანაწერის გამოქვეყნებისთანავე, რაც მხოლოდ სამი კვირის წინ მოხდა და ამ სამ კვირაში ძალიან ბევრი კითხვა იქნებოდა პასუხგაცემული, მათ შორის, ამ ჩანაწერების ავთენტურობის შესახებაც, ავთენტურობის შემდეგ უკვე სხვა დასკვნებიც გაკეთდებოდა... რატომ არის პროკურატურა უძრავად და ყოველდღიურ რეჟიმში რატომ არ გვამცნობს ანგარიშს იმის თაობაზე, თუ რა შედეგი დადგა, რა დასკვნები გაკეთდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები არ არიან თავის სიმაღლეზე და არ არიან მიუკერძოებელნი და დამოუკიდებელნი”, - აცხადებს იურისტი ლია მუხაშავრია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილს არ სურს საკუთარი ფულის დახარჯვა საარჩევნოდ” - მუხაშავრია.

“აშკარაა, რომ ადგილი აქვს ძალიან მაღალ ეშელონებში გავრცელებულ და დამკვიდრებულ სისტემურ კორუფციულ სქემას, რომელიც სწორედ გულისხმობს ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან ბიზნესისათვის მსხვილი თანხების გამოძალვას და ეს ხდება არა მარტო ამ კონკრეტული “ომეგა ჯგუფის” მიმართ, ალბათ ეს არის გავრცელებული სქემა სხვადასხვა ბიზნესების მიმართაც. ამიტომ ჩუმად არიან სხვა ბიზნესმენები და ხმას არ იღებს ხელისუფლებაც. რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა იყოს უკვე დაახლოებით შუა ეტაპზე მისული და პრაქტიკულად, გარკვეული უნდა იყოს სხვა საკითხებიც, მაგრამ ჩვენი მთავარი პროკურორი პასუხისგებაში ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრს რომ არ მისცემს, გამოძიება და პროკურატურა ამიტომაც დუმს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

“თუ საქმე აღიძვრებოდა, გაირკვეოდა, ოქუაშვილი ტყუის თუ მართალს ამბობს, დაზარალებულია თუ ბრალდება მის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული, მაგრამ იმის გამო, რომ საქმე არ აღძრულა და ერთადერთი საქმე თაღლითობის მუხლით არის აღძრული, ცხადი ხდება, რომ ხელისუფლება ცდილობს იგნორირებას და ამიტომაც, ცდილობს მიჩქმალვის გზა დაადგეს. მინდა შევახსენო იმათ, ვისთვისაც ეს საყურადღებოა, რომ ასეთმა მიდგომებმა შესაძლოა თავად ეს ხელისუფლება გადაიყოლოს და შესაძლოა დიდი წარმატებითაც მოხდება ეს ამბავი, რადგან როცა ხელისუფლება დუმს, სხვაგვარად საზოგადოება ვერ იფიქრებს”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ქართული ოცნება” ოქუაშვილის განცხადების საპასუხოდ დუმს. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი და რატომ არ პასუხობენ ისინი ბრალდებებს?” - პასუხობს:

“თუ “ქართული ოცნება” არაფერ შუაში არ არის, მაშინ ისინი უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს და პროკურატურამ რაც შეიძლება მალე უთხრას საზოგადოებას, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე და დაუდასტურებელი. მაგრამ რადგან ეს არ ხდება, ჩვენ ყველა ვფიქრობთ საპირისპიროს, რომ ეს ყველაფერი არის სიმართლე და ხელისუფლების მხრიდან იგნორირებაც სწორედ საპირისპიროს ადასტურებს. მთავარი პროკურორი ახლა ალბათ ისეთ შავ დღეშია, რომ აღარ იცის რა ქნას და რა გზას დაადგეს. ამიტომაც უმოქმედობა არის ყველაზე კარგი პოზიცია მისთვის და მისი ტყავისთვის, მაგრამ ეს არავის არაფერში გამოადგება, არც ხელისუფლებას და არც მთავარ პროკურორს. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს ელიტურ სისტემასთან და ეს განსაკუთრები თვალსაჩინოა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც ნათელი ხდება, რომ ივანიშვილს არ სურს საკუთარი ფულის დახარჯვა საარჩევნო ხარჯისთვის”.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი