თსუ-ში გურამ ლორთქიფანიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე  გაიმართა

ჩემი საფიქრალი, ჩემი უნივერსიტეტია,- განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორმა, ცნობილმა არქეოლოგმა, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა გურამ ლორთქიფანიძემ დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც თსუ-ში გაიმართა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრნენ თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ისრაელის ელჩი საქართველოში შაფთაი ცური, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წარმომადგენლები, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, გურამ ლორთქიფანიძის ოჯახის ახლობლები და სტუდენტები.

მათივე ინფორმაციით, გურამ ლორთქიფანიძეს 80 წლის იუბილე მიულოცა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის. „ბატონი გურამი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კათედრას, არის უამრავი ნაშრომის ავტორი, 300-ზე მეტი შრომა აქვს გამოქვეყნებული, მათ შორის 12 მონოგრაფია და სახელმძღვანელო. ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი მის მოღვაწეობაში. იგი დღემდე ხელმძღვანელობს „ისრაელის ცენტრს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ძალიან მხნედ აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას“, - აღნიშნა თსუ რექტორმა.

„ამაღელვებელი დღეა, ბუნებრივია. მიხარია, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების რიცხვშია დასახელებული და მინდა ვიფიქრო, რომ ჩემი მცირე წვლილიც არის ამაში. მინდა ჩვენ ახალგაზრდობას ვუსურვო დიდი წარმატებები, იმიტომ რომ ქვეყნის და უნივერსიტეტის მომავალი მათ შემართებაზე, შრომისმოყვარეობაზე და, რაც მთავარია, განათლებაზეა დამოკიდებული,“- განაცხადა გურამ ლორთქიფანიძემ.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ნაჩვენები იყო გურამ ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი - ,,გადარჩენილი სახელი” (ავტორი: ნინო კაკულია – გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორი); ასევე, გაიმართა გურამ ლორთქიფანიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა _ ,,ყველაფერი ცნობილი არქეოლოგის შესახებ”.

გურამ ლორთქიფანიძე 1977 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჯერ ისტორიის კათედრისა და შემდეგ არქეოლოგიის კათედრისა. მისი ინიციატივით ისტორიის ფაკულტეტზე დაფუძნდა კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრა, რომელსაც იგი 1985-2005 წლებში ხელმძღვანელობდა. იგი დღემდე ხელმძღვანელობს, ასევე, თსუ-ში ,,ისრაელის ცენტრს”. გურამ ლორთქიფანიძე 2009 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს. წლების განმავლობაში იგი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა არქეოლოგიურ გათხრებში, 1975 წლიდან იყო ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. ავტორია 12 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოსი, დაწერილი აქვს 300-მდე სამეცნიერო ნაშრომი.

უნივერსიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისა და ხანგრძლივი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისთვის, თსუ რექტორმა გურამ ლორთქიფანიძე უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა