მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, ახლად აშენებული საბავშვო ბაღი დღეს გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, 150 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის შენობა ორ სართულიანია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.

საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას, ქვემო ქართლის გუბერნიის ხელმძღვანელი პირები, პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ბაღის შენობა და მიმდებარე ტერიტორია, ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, მოწყობილია პანდუსები და ინკლუზიური საპირფარეშოები.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ბაღის ეზოც, დაიდგა საბავშვო ატრაქციონი, მის მიმდებარედ კი ბავშვების უსაფრთხოებისთვის დაიგო კაუჩუკის საფარი, ასევე დაიდგა სკამები და დამონტაჟდა გარე განათებები.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამ დრომდე არ არსებობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, გამომდინარე აქედან, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული პროექტის განხორციელება, ვინაიდან სკოლამდელი განათლება ალგეთში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის დღეიდან ხელმისაწვდომი გახდა“, - აცხადებენ მერიაში.