დავით ბაქრაძე ადიგენში მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე ადიგენში ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების გასაცნობად ჩავიდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.
დავით ბაქრაძის განცხადებით, რეგიონი ხელისუფლებისგან უყურადღებოდ არის მიტოვებული, ადგილობრივებს მძიმე სოციალური ფონის, უმუშევრობის და გაჭირვების გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც აწუხებთ.
„ადიგენში ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს მოსახლეობას და ყველა ამ პრობლემის სათავე არის ის, რომ ხალხი არის უპატრონოდ. ხელისუფლებას არ აინტერესებს მოსახლეობის გაჭირვება და არაფერს არ აკეთებს გაჭირვებული ხალხის დასახმარებლად. სწორედ ამისთვის არის არჩევნები, რომ ყველამ ერთად შევცვალოთ ცხოვრება, ყველამ ერთად ქვეყანას მოვუტანოთ უკეთესობა, მოვუტანოთ მშვიდობიანი ცვლილებები, რომ პრეზიდენტის სახით ქვეყანას და ხალხს ყავდეს პატრონი, რომელიც ყოველდღიურად იმუშავებს ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად და იმისთვის, რომ ჩვენ ხალხს და სამშობლოს ჰქონდეს ხვალინდელი საიმედო დღე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

























