აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი - წელს, ფესტივალი „განდაგანა“ სტუმრების სიმრავლით გამოირჩეოდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, წელს, ფესტივალი „განდაგანა“ მონაწილეებისა და სტუმრების სიმრავლით გამოირჩეოდა.
„წინა წლისგან გასხვავებით წელს მთიანი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი პროდუქცია, ხილი, ტკბილეული, ხელნაკეთი ნივთები და ტრადიციები 50-მდე მეწარმემ წარმოადგინა. მათ შორის იყვნენ ტურისტულ მარშრუტებზე არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, ტურისტული ობიექტების წარმომადგენლები და კერძო მეწარმეები.
ორი დღის განმავლობაში ევროპის მოედანზე მისულ უამრავ ტურისტს, ადგილობრივსა და ქალაქის სტუმარს საშუალება ჰქონდა დაეგემოვნებინა და შეეძინა სოფლის ნატურალური პროდუქცია, დასწრებოდა მრავალფეროვან ფოლკლორულ წარმოდგენებს, მონაწილეობა მიეღო მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში. საღამოობით კი მათ განწყობაზე ადგილობრივი და მოწვეული მუსიკალური შემსრულებლები და ბენდები - ზვიად ბოლქვაძე, სოფო ბათილაშვილი, „ნიუტონი“, „ასეა სულ“ და „ლურჯი იალქანი“ ზრუნავდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, ფესტივალი ბათუმში მეოთხე წელია იმართება და მათი შეფასებით, ყოველწიურად უფრო და უფრო მეტ სტუმარს იზიდავს.
„ის პირველ რიგში ხელს უწყობს მთიანი აჭარის მდიდარი ტრადიციების, რესურსების პოპულარიზაციას, მთაში მოგზაურობის სტიმულირებას, მთიანი აჭარის საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების ეკონომიკურ კეთილდღეობას. ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად იზრდება ფესტივალის სტუმრებისა და მონაწილეების რაოდენობა. წელს იმდენად დიდი იყო დაინტერესება და მოთხოვნა ფესტივალზე წარმოდგენილ პროდუქციაზე, რომ მეწარმეებს პროდუქციის დამატება და შევსება დასჭირდათ. გაიზარდა ასევე, ადგილობრივების ინტერესიც ფესტივალის მიმართ. ჩვენ ბოლო ორი წელია, ფესტივალის პერიოდში ვატარებთ მცირე გამოკითხვას, სადაც გამოიკვეთა, რომ საშუალოდ ყოველი 10 სტუმრიდან 8 სტუმარმა შეიძინა ფესტივალზე წარმოდგენილი პროდუქტი და ისარგებლა სხვადასხვა სერვისებით, რაც ბუნებრივია მონაწილეების ფინანსურ კეთილდღეობაზე აისახება და უზრდის მათ მოტივაციას. მიხარია, რომ ფესტივალზე იყო სასიამოვნო განწყობა ყველასთვის. ჩვენი მონაწილეები და სტუმრებიც იყვნენ კმაყოფილები, რაც დამატებითი სტიმულია ჩვენთვის, როგორც ორგანიზატორებისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა,“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

























