აბაშის მერი დიოკლიის მიტროპოლიტის საზეიმო მიღებას დაესწრო

აბაშის მერი  დიოკლიის მიტროპოლიტის  საზეიმო მიღებას დაესწრო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის გრიგოლის მიწვევით ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, დიოკლიის მიტროპოლიტი კალისტოს უერისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონიას დაესწრო.

როგორც „ ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მიტროპოლიტმა კალისტოსმა მოხსენება წაიკითხა თემაზე „შესაქმის მართლმადიდებლური ხედვა“.

მათივე ინფორმაციით, სტუმართან შეხვედრას სამღვდელო პირები, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონის ხელისუფლების წარმომადგნლები ესწრებოდნენ.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის, ქალაქ ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, დიოკლიის მიტროპოლიტ კალისტოსს, ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.

მათივე ცნობით, ფოთში დიოკლიის მიტროპოლიტი ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მოწვევით იმყოფება. იგი თვალსაჩინო საეკლესიო მოღვაწე და თეოლოგია. 1966-2001 წ.წ. იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო მეცნიერებათა განხრით, მოგვიანებით კი იყო კემბრიჯის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო მეცნიერებათა ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მიტროპოლიტი კალისტოს უერი არის არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და თეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი, მრავალი წიგნისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი, მისი ნაშრომები თარგმნილია მსოფლიოს ოცდაათ ენაზე.