ქართული პრესის მიმოხილვა   12.10.2018

"რუსეთის გენშტაბში დევს საქართველოზე სამხედრო კამპანიის კონკრეტული გეგმა"

"საქართველო ნელ-ნელა საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანა ხდება, ამიტომ საიმიგრაციო კანონიც უნდა გამკაცრდეს"

***

"რუსეთის გენშტაბში დევს საქართველოზე სამხედრო კამპანიის კონკრეტული გეგმა"

“კრემლი "ადეკვატურად" უპასუხებს საქართველოში მიმდინარე ნატო-ს სამხედრო სწავლებებს - რუსეთიდან მორიგი მუქარანარევი განცხადება ვრცელდება. ამჯერად ადეკვატური პასუხის გაცემით იმუქრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. ის, ასევე, აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან პროვოკაციული ნაბიჯია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და მისი არსებობა ერგნეთისა და გალის შეხვედრების ფორმატზე ნეგატიურად აისახება. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის გამო გაღიზიანებული რუსეთი გეგმავს, ჩაშალოს ერგნეთის მომავალი შეხვედრაც, რომელიც ნოემბერშია ჩანიშნული”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "რუსეთის გენშტაბში დევს საქართველოზე სამხედრო კამპანიის კონკრეტული გეგმა" / კრემლი ისევ გვემუქრება, ამჯერად ნატო-ს წვრთნების გამო

"კრემლს საქართველოში სამი რამ აღიზიანებს - ნატო-ს მასშტაბური წვრთნები, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, ლუგარის სახელობის ლაბორატორია და იმუქრება, რომ საქართველოს მხრიდან წამოსულ "პროვოკაციებს" შესაბამისი ზომებით უპასუხებს. ლუგარის ლაბორატორიის შესახებ განცხადებით კარასინი ჟენევის 45-ე რაუნდის დასრულების შემდეგ - 10 ოქტომბერს გამოვიდა. მისი თქმით, მოსკოვისთვის მიუღებელია მსგავსი ლაბორატორიის მუშაობა მის საზღვრებთან და იგი გეგმავს, მიმართოს გაერო-ს. გუშინ გრიგორი კარასინთან ინტერვიუ გამოაქვეყნა გამოცემა "იტარ-ტასმაც", სადაც რუსეთის საგარეო უწყების მეორე პირმა ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთისთვის მიუღებელია ნატო-ს წვრთნები საქართველოში, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია და ლუგარის ლაბორატორია."ჩვენ ადეკვატური რეაგირება გვექნება ნატო-სა და საქართველოს ერთობლივ მასშტაბურ წვრთნებზე, რადგან ეს მანევრები ჩვენს საზღვრებთან იმართება. ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებსაც," - აცხადებს კარასინი“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედროების საქართველოში ყოფნა "აქეზებს ავანტიურისტ და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს." ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სააგენტოსთან ამბობს, რომ საქართველოს პროვოკაციული ნაბიჯის გამო, რაც ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სასანქციო სიის შექმნას გულისხმობს და რომელშიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური წარმომადგენლებიც მოხვდნენ, ინციდენტების პრევენციის მექანიზმი არ მუშაობს და თუ საქართველოს მხარე დათმობაზე არ წავა და ამ შავ სიას უკან არ წაიღებს, ამან შესაძლოა, ხელი შეუშალოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმის მუშაობას. კრემლიდან წამოსულ მუქარანარევ განცხადებებს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. როგორც დავით დონდუა აცხადებს, მოსკოვი საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ფორმატებს შანტაჟისთვის იყენებს. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსეთს ყველაზე მეტად საქართველოში მიმდინარე ნატო-ს სწავლებები აღიზიანებს, "რუსეთი და ნატო ანტაგონისტები არიან და მათ შორის ახალი ცივი ომია". ამდენად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ კრემლიდან რეალური პროვოკაციების დიდი საფრთხე არსებობს“, - დასძენს გამოცემა.

"ერთი, რომ კიდევ უფრო გაააქტიუროს თავისი აგენტურული საქმიანობა, არა მხოლოდ ლეგალური, არამედ არალეგალური აგენტურა და პოლიტიკური გავლენის აგენტურა; "მეორე - გააგრძელოს მცოცავი ოკუპაცია და, ფაქტობრივად, შეეცადოს, გადავიდეს და დაიკავოს თბილისი-გორის მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი და, შესაბამისად, შეეცადოს, გადაკეტოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულებაც კი ისე, როგორც ბაქო-თბილისი-სუფსის მიმართულების 2 კილომეტრი მიითვისა და დღეს თავად აკონტროლებენ. ამდენად, შესაძლოა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულებასაც შეუქმნას საფრთხე; "მესამე - შემოიღოს ეკონომიკური სანქციები და ემბარგო დააწესოს; "და მეოთხე - გამართოს სამხედრო წვრთნები, რომელსაც ექნება პირდაპირ სამხედრო მუქარის იერსახე. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც რუსეთის ფედერაციამ შეიძლება გააკეთოს," - ამბობს მაისაია. ექსპერტის განცხადებით, რუსეთის მხრიდან პირდაპირი აგრესიაც არ არის გამორიცხული. დიდი ალბათობით, რუსეთის ქმედება გააქტიურდება საინფორმაციო და კიბერომების სახით, რაც მნიშვნელოვანია. საქართველოში, სამწუხაროდ, არის სეგმენტები, რომლებსაც პრორუსული, პროევრაზიული მიმართულება მიაჩნიათ საინტერესო მიმართულებად. ასევე, რუსეთის გენშტაბში დევს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის კონკრეტული გეგმა, დაახლოებით ისეთივე სცენარი, როგორიც იყო 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, მაგრამ ამჯერად უფრო ორგანიზებული და დახვეწილი, მეტად ჰარმონიზებული დროსა და სივრცეში. ამდენად, პირდაპირ აგრესიაზე გადასვლაც არ არის რუსეთის მხრიდან გამორიცხული იმიტომ, რომ რუსეთის მხრიდან აგრესია ჩვენ უკვე გამოცდილი გაქვს. არავინ ელოდა 2008 წლის სამხედრო ინტერვენციას, მაგრამ რუსებმა ეს ჩაიდინეს. სამწუხაროდ, პრეცედენტი უკვე შექმნილია. მით უფრო, რომ მათ წელს ყველა სამხედრო წვრთნებში, ფაქტობრივად, გაითამაშეს ომის სცენარი. "აღმოსავლეთ 2018" და "კავკასია 2018" იყო წვრთნები, სადაც შემუშავებული იყო სირიის კამპანიის ელემენტები. შესაძლოა, სირიის კამპანიის ელემენტები გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგაც. დღევანდელი რუსეთისაგან ყველაფერი მოსალოდნელია," - წერს სტატიის ავტორი.

"საქართველო ნელ-ნელა საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანა ხდება, ამიტომ საიმიგრაციო კანონიც უნდა გამკაცრდეს"

"იმ უცხოელს, რომელსაც ქართული ენა არ ეცოდინება, შესაძლოა, ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების ნებართვა აღარ მიეცეს. კანონში ამ ცვლილების შეტანის ინიციატივით "ნაციონალური მოძრაობა" გამოდის. საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში შრომითი და მუდმივი ცხოვრების ნებართვის, აგრეთვე არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებას იათვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტი მოიწონა და მის პრინციპებს მხარი დაუჭირა, კენჭისყრა კი მომდევნო სხდომაზე ჩატარდება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "საქართველო ნელ-ნელა საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანა ხდება, ამიტომ საიმიგრაციო კანონიც უნდა გამკაცრდეს"

"კონსტიტუციონალისტები და იურისტები აღნიშნულ კანონპროექტს მიესალმებიან და ამბობენ, რომ მსოფლიოში გეოპოლიტიკის თვალსაზრისით სიტუაცია იცვლება, შესაბამისად, საქართველოს მიმართაც ინტერესი უფრო ბევრ უცხოელს უჩნდება. არსებობს სირიიდან და სხვა კონფლიქტური რეგიონებიდან მასობრივი არალეგალური იმიგრაციის საფრთხეც. ამიტომაც ამ პროცესების სწრაფად განხილვა და კანონის მიღება აუცილებელია. ასევე, მათი აზრით, ენა უნდა ისწავლონ საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც, მართალია, ეთნიკურად სხვა ეროვნებისანი არიან, მაგრამ საქართველოში დაიბადნენ, თუმცა ქართულს ვერ ფლობენ. "ნაციონალების" მიერ შეტანილი კანონპროექტი კი შემდეგ პირობებს ითვალისწინებს: "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის მე-15 მუხლში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მე-15 მუხლის "ა" ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც დარეგულირდება უცხოელებისათვის შესათავაზებელი სპეციალობების/პროფესიების ნუსხა დასაქმების მიზნით“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ნუსხას დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და მისი შეთავაზება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი შრომითი კონტრაქტის მიღების სურვილს არ გამოთქვამს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქე. ცვლილება შედის "ზ" ქვეპუნქტშიც და მკაცრდება მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის წესი. კერძოდ, მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა აღარ მოხდება მხოლოდ 6 წლით ცხოვრების დროებითი ნებართვის საფუძველზე. დამატებითი მოთხოვნა იქნება სახელმწიფო ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე, საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია ან საკუთრება, მინიმუმ, 200 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის "თ" ქვეპუნქტშიც, რაც ამკაცრებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემას. კერძოდ, საინვესტიციო ვიზის მიღება შესაძლებელი გახდება შემდეგ ორ შემთხვევაში: თუ ინვესტორი შეიძენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცემულ არანაკლებ 400 000 აშშ დოლარის ღირებულების ეკვივალენტ ლარში ხუთწლიანი ვადის მქონე სახაზინო ფასიან ქაღალდს და განახორციელებს 100 ათას აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარში ინვესტიციას ან თუ ინვესტორ განახორციელებს არანაკლებ 300 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარში ინვესტიციას (ეს არ უნდა იყოს საცხოვრებელი სახლის შეძენა) და მუდმივ სამუშაოზე დაასაქმებს საქართველოს არანაკლებ 8 მოქალაქეს“, - დასძენს გამოცემა.

"ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს მე-15 მუხლის "კ" ქვეპუნქტის გაუქმებას, რაც გულისხმობს მოკლევადიანი ბინადრობის უფლების ინსტიტუტის გაუქმებას" - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ საქართველო ნელ-ნელა მსოფლიოსთვის საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანა ხდება, ამიტომ საიმიგრაციო კანონიც უნდა გამკაცრდეს. აუცილებელია, რომ უცხოელი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება სურს, ქართულს ფლობდეს. არც ერთი ევროპული დემოკრატიული ქვეყანა ბინადრობის უფლებას გარკვეული პირობების გარეშე არ გასცემს. ყველაფერი ეს კონსტიტუციაში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, რათა ორმაგი წაკითხვის საშუალება არ იყოს, რაც პოლიტიკურ და კორუფციის ინტერესებს საფუძველს დაუდებს. "ამ კანონპროექტში ადამიანის უფლებების დარღვევის ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ. ამიტომ მისი მომხრე ვარ და კარგი იქნება, პარლამენტი თუ მიიღებს. მთავარია, კანონში ზუსტად იყოს განმარტებული პირობები და მას ინტერპრეტაციის საფუძველი არ მიეცეს. "მე უფრო შორს წავიდოდი, ორმაგი მოქალაქეობის უფლება, როგორც ვიცით, პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს არა აქვთ. ამ კანონს როგორც მინისტრებზე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეებზეც გავავრცელებდი. რა თქმა უნდა, მსოფლიო გამოწვევების ფონზე, არალეგალური იმიგრაციის შესახებ კანონი კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. მით უმეტეს, ჩვენი ქვეყანა საკმაოდ კონფლიქტურ რეგიონშია და იმიგრაციის კონტროლი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საუბარი იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეებიც არალეგალურ იმიგრაციაში მიდიან, არგუმეტი ვერ იქნება, რადგანაც ჩვენ ამის გამო ბარტერს არავინ არ გვიკეთებს", - აცხადებს ძაბირაძე "რეზონანსთან". კონსტიტუციონალისტის აზრით, ასევე, აუცილებელია, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებც ეთნიკურად სხვა ეროვნებისანი არიან და ქართულ ენას ვერ ფლობენ, შეიქმნას სპეციალური კურსები, რათა ენა შეისწავლონ. კანონში მკაფიოდ უნდა შევიდეს ცვლილება, რომ ამ ადამიანებს ქართული ენა თუ არ ეცოდინებათ, საჯარო სამსახურში ვერ დასაქმდებიან“, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს