ევროკავშირის ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აჭარის რეგიონში იმყოფება. ელჩმა შეხვედრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან ზაზა თავაძესთან გამართა. მხარეებმა შეხვედრისას კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე ისაუბრეს.
როგორც კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი დაინტერესდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებით.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ეს იყო გაცნობითი ხასიათის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კარგი რეპუტაცია აქვს და ჩვენც და ევროსაბჭოც სამომავლოდ ვითანამშრომლებთ",- აღნიშნა ელჩმა
როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ აღნიშნა, ევროკავშირის ელჩთან იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ერთობლივად განხორციელდა. მისივე თქმით, სამომავლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება.
„განვლილი პროექტები განვიხილეთ, რომელიც მათი დონორობით განხორციელდა და ასევე სამომავლოდ იგეგმება. ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ სასამართლოს მხარდაჭერა სამომავლოდაც ექნება",- განაცხადა ზაზა თავაძემ.

























