ბათუმი მე-8 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და უმაღლესი საბჭოს წევრები - ნუგზარ სურმანიძე, დავით თედორაძე, ილია ვერძაძე, სასტუმრო „ეიფორიაში“, აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ახალი ტექნოლოგიების მე-8 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვის - "Agro Batumi 2018-ის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ორგანიზატორებთან ერთად, ლენტი აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ქალაქ ბათუმში მაქბულე ქოჩაკმა და საპატიო სტუმრებმა გაჭრეს.
„საგამოფენო კომპანია „GEONET EXPO-სა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა სამ დღეს გაგრძელდება და მისი თანაორგანიზატორები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროსერვის ცენტრი, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და სარეკლამო კომპანია „OL PRINT” არიან. გამოფენაზე ქართული, პოლონური, უკრაინული, თურქული, ნორვეგიული და ირანული ნაწარმია წარმოდგენილი.
"Agro Batumi 2018-ში“ მონაწილე კომპანიები მომხმარებელს გააცნობენ და რეკლამირებას გაუწევენ საკუთარ პროდუქციას. გარდა ამისა, გამოფენა-გაყიდვა ბიზნესმენებს ახალი კონტაქტების დაამყარებისა და თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების საშუალებას აძლევს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























