ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით პროექტის „ჩემი იდეა ყვარელს“ პრეზენტაცია გაიმართა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით პროექტის „ჩემი იდეა ყვარელს“ პრეზენტაცია გაიმართა

პროექტის „ჩემი იდეა ყვარელს“ მიზანია ახალგაზრდებისთვის სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტის განვითარება გარემოს დაცვითი, განათლების, სპორტული, კულტურული და ინფრასტრუქტურული კუთხით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ყვარლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის პრეზენტაციისას ახალგაზრდები გაეცნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, პარლამენტის წევრის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მუშაობის სტრუქტურასა და უფლებამოსილებებს.

მათივე ცნობით, გამარჯვებული პროექტების ავტორები ერთი დღით დაიკავებენ მუნიციპალიტეტის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის, პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობებს.

პროექტის პრეზენტაციას ასევე ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვანო მამულაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჭიპაშვილი ესწრებოდნენ. პოლიტიკოსებმა მათ მიერ დაკავებული თანამდებობების უფლებამოსილებაზე და ქვეყნის მართვაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა აღნიშნა, პროექტის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.

„ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობს, ამიტომაც განსაკუთრებულად საინტერესოა ჩვენი მომავალი თაობის შეხედულებები, მათი როლის და ხედვის განსაზღვრა როგორ განავითარონ ჩვენი მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, კულტურული, გარემოსდაცვითი თუ სხვა კუთხით.

პროექტი „ჩემი იდეა ყვარელს“ ხორციელდება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით,” - ნათქვამია ყვარლის მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.