ქუთაისში „თავისუფალი საქართველოს“ აქცია-პერფორმანსის გამო მოკვლევა დაიწყო

ქუთაისში, მუხნარის ტყეში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერების მიერ წაქცეული ხეების მორებად დაჭრის გამო სამართლებლივი რეაგირება მოხდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იმერეთის სატყეო სამსახურში განუცხადეს.
იმერეთის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელის კახაბერ გაზდელიანის თქმით, ხე-ტყის უკანონო მოპოვება დასჯადია.
საქმეზე მოკვლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირველ ჯერზე შენიშვნას ან 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი ჯარის ოდენობა 1 000 ლარია.
პარტია „თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ და შტაბის უფროსმა გოგი წულაიამ გუშინ საღორიის ტყეში სანიტარული ჭრა განახორციელეს. მათ პერფორმანსით ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს.
პარტიის წევრებმა მოჭრილი ხეები სოციალურად დაუცველ ოჯახს მიუტანეს.

























