ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2018

ახალი გარემო ქვეყანაში - სახელმწიფოს ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება

მოსკოვმა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ურთიერთობა სრულად გაწყვიტა, შემდეგი ნაბიჯი უკრაინის “დასჯა” იქნება

* * *

ახალი გარემო ქვეყანაში - სახელმწიფოს ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება

“რა გავიგეთ მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერებიდან და რა ვერსია შემოგვთავაზა პროკურატურამ. იურისტები აცხადებენ, რომ სუბელიანის ჩანაწერების მიხედვით, აღმოჩნდა და დადასტურდა, რომ ექვსი წლის თავზე საქართველოს მოსახლეობა მოტყუებული დარჩა და ქვეყანა კვლავ სააკაშვილის დროინდელი ჩინოვნიკებითა და მეთოდებით იმართება. იურისტების აზრით, სუბელიანი ყვება იმ სქემას, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ცხრა წლის განმავლობაში უკვე მოსმენილი აქვს. გამოდის, რომ სისტემას მხოლოდ “ბოსი” შეეცვალა, რომელმაც სააკაშვილის დროინდელი კარგი შემსრულებელი ჩინოვნიკები იყიდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალი გარემო ქვეყანაში / “სიტუაცია იქამდეა მისული, რომ გამოძიება აქ გადამწყვეტი აღარ არის, ახლა პოლიტიკური ქმედებები და გადაწყვეტილებებია საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი”.

“უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ ბოლო დროს ივანიშვილს დალაგების სისტემა აერია და ყველაფერი ზემოთ, ზედაპირზე ამოდის. მათი შეფასებით, ეს არის ვირთხების დარევა, სადაც გამარჯვებული მხოლოდ ერთი დარჩება და ვარაუდობენ, რომ ფარცხალაძისა და სუბელიანის მსგავსი სისტემის სხვა ჩინოვნიკებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ხელისუფლებას მძევლად აიყვანენ. ამიტომ სასწრაფოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებებია მისაღები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება. იურისტი, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ქვეყანაში რაღაც ახალი გარემოა შექმნილი, რომელიც დღის სინათლეზე ნელ-ნელა გამოდის. ამ ჩანაწერებით კი დადასტურდა და აიხსნა მიზეზი, რატომ არ ხდებოდა სამართლიანობის აღდგენა და გახმაურებული საქმეების გამოძიება. იურისტის აზრით, პროკურატურა ხელისუფლების პირველ პირზე, ანუ არაფორმალურ მმართველზეა დამოკიდებული. ამიტომ ახლა ჩანაწერებზე დაწყებული გამოძიება მხოლოდ და მხოლოდ უსუსური მცდელობაა, რომ საზოგადოებას რაღაც მიაჩეჩონ მისი დეზორიენტირების მიზნით, მაგრამ საზოგადოებას უკვე ბევრი აქვს ნანახი და ასე ადვილად არ მოტყუვდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როდესაც საზოგადოებაში “ოცნების” ხელისუფლების მხრიდან სამართლიანობის აღდგენის იგნორირების გამო დიდი იმედგაცრუება იყო, ჩემთვის მაშინვე გამოიკვეთა, რომ ეს არ ხდებოდა გაუბედაობისა და სიფრთხილის გამო. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დავალება და მისი სურვილი, რომ სამართლიანობა კი არ უნდა აღედგინათ, არამედ თვითონ უნდა ჩანაცვლებოდა “ნაციონალების” იმ გარკვეულ ჯგუფს, რომელიც ახლა სუბელიანისა და ფარცხალაძის სახით მოგვევლინა. ახლაც გამოყენებულია იგივე სქემა, სადაც უფრო გამოკვეთილად ერთი ადამიანი ჩანს. მას სახელმწიფო რეკეტი აქვს შექმნილი და მისი ნაწილია ყველა - ფარცხალაძე, სუბელიანი, პროკურატურა და ყველა სახელისუფლო სტრუქტურა. სუბელიანისა და მისთანების კატეგორია ფულისთვის ყველას ემსახურება. მათ ვინც შესაძლებლობას მისცემს, რომ ფულის გამო ყველაფერი იკადრონ, რა თქმა უნდა, საერთოდ არ აინტერესებთ, ხელისუფლების სათავეში რომელი პოლიტიკური პარტია იქნება. ასეთი ადამიანები ძველებურად აგრძელებენ “მოღვაწეობას”. სუბელიანის საუბრიდან გამოიკვეთა, რომ მათ მხოლოდ “ბოსი” გამოიცვალეს და სხვა არც არაფერი აქვთ გამოცვლილი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

“მისივე თქმით, ივანიშვილი თავიდან “ნაციონალების” სისტემის ნაწილი იყო, განხეთქილების შედეგად კი სააკაშვილი ჩამოიცილა და ვინც სჭირდებოდა იმ ხელისუფლებიდან, უკან იყიდა. ახლა საკითხავია, იმ ხელისუფლებიდან მას ვინ არ მიეყიდა. უფლებადამცველი ამბობს, რომ ექვსი წლის თავზე ამომრჩეველი ხვდება, რომ მოტყუებულია და საარჩევნო დაპირებებიც სრული ბლეფი აღმოჩნდა. იმ ცხრა წელს კი ეს ექვსი წელიც უნდა დავუმატოთ, რადგანაც ამ დროის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ არაფერი შეცვლილა. მუხაშავრიას აზრით, არ არის გამორიცხული, რომ სუბელიანმა ხელისუფლებას სამაგიერო გადაუხადა და დალაგების სისტემა ბოლო დროს აირია. ამიტომაც მან თავი მსხვერპლად იგრძნო და გადაწყვიტა, რომ შური იძიოს. ხელისუფლების გასაფრთხილებლად კი მას მხოლოდ ეს ხერხი ჰქონდა. “ჩვენ ახლა ვირთხების ერთმანეთზე დარევის პროცესში ვართ. ვუყურებთ, ერთმანეთს როგორ დაჭამენ. თუმცა მგონია, რომ ეს კარგიც არის, რადგანაც ერთი გადარჩება ამ დაპირისპირებაში და საზოგადოებას მაინც ეცოდინება, რომ ერთი ჰყავს და მას უკვე ადვილად მოუვლის. რაც უფრო ბევრს იტყვიან ერთმანეთზე, მეტი ლუსტრაცია მოხდება. საზოგადოებასაც აზრის გამოტანის მეტი საშუალება მიეცემა”, - მიიჩნევს მუხაშავრია. იურისტი ლევან ალაფიშვილი კი აღნიშნავს, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვერსია ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით აბსურდული და ალოგიკურია”, - განაგრძობს გამოცემა.

“ალაფიშვილისთვის გაუგებარია, თუ გამოძიება თორმეტ ოქტომბერს დაიწყო, მანამდე რატომ არ გამოვიდა პროკურატურა განცხადებით და რატომ დაელოდა სიუჟეტისა და ჩანაწერების გასვლას. ალაფიშვილი უცნაურს უწოდებს ფაქტს, რომ პროკურატურამ გამოძიება სასჯელაღსრულების ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელიც ამბობს, რომ მისთვის უცნობი ადამიანი აშანტაჟებდა და მირზა სუბელიანის ჩანაწერების გავრცელებას აიძულებდა. იურისტი სვამს კითხვას, თუ ამ თანამშრომლისთვის ეს პირი უცნობი იყო, საიდან ჰქონდა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები? ასევე, ვინ არის ის ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი ჩაიწერა. ამიტომაც იგი პროკურატურის ვერსიას არ ენდობა და ფიქრობს, რომ ეს საქმეც ისევე დარჩება გამოუძიებელი, როგორც, მაგალითად, 2016 წელს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება”, - დასძენს გამოცემა.

“პროკურატურისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, საზოგადოებასაც და ჟურნალისტებსაც ამ ჩანაწერის შინაარსი აინტერესებს. ჩემთვის სუბელიანის ყველა მეორე წინადადება შემაშფოთებელია. ყველა მისი ნათქვამი გადამოწმებადია და გამოძიებით შეიძლება დადასტურდეს. რამდენად ადეკვატურად მოიქცევა ხელისუფლება, იმდენად შეგვიძლია, მისი პოლიტიკური მომავალი ვივარაუდოთ. მირზა სუბელიანის საუბრიდან გამომდინარე, გამოდის, რომ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების სისტემაში წარმატებულები იყვნენ, საქმიანობას კვლავ აგრძელებენ. შესაბამისად, პოლიტიკური შემადგენლობა უკვე ვინ იქნება, მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგანაც მმართველობის იგივე სისტემა გვაქვს. სიტუაცია ახლა იქამდეა მისული, რომ გამოძიება აქ გადამწყვეტი აღარ არის. აქ ახლა პოლიტიკური ქმედებები და გადაწყვეტილებებია საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებაც ამის მიხედვით იმოქმედებს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

“პროკურატურის ინფორმაციით კი, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გასაჯაროებული აუდიოჩანაწერის გარდა, არსებობს საკანში ჩაწერილი სხვა საუბრებიც. პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, ჩანაწერის გაკეთება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოხდა. “საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალური პენიტენციალური სამსახურის თანამშრომლის - ი.პ-ს განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის წლის 12 ოქტომბერს მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა. კერძოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოქალაქე ი.პ.-ს მოსთხოვეს პატიმარ მ.ს.-ს შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება. გამოძიების ფარგლებში ი.პ-სგან ამოღებულია მეხსიერების ბარათი, რომელიც შეიცავს რამდენიმე ფარულ ჩანაწერს, მათ შორის იმ ფაილსაც, რომელიც გუშინ გავრცელდა მედიასაშუალებით”, - განაცხადა კოკა კაციტაძემ. პროკურორის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, საპატიმროში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე. გავრცელებულ ჩანაწერში მირზა სუბელიანი ხელისუფლებას არაერთ დანაშაულში ამხელს და ამბობს, რომ მას 50-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი ჰყავს. კოკა კაციტაძის განცხადებით, გამოძიება კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობს, რომელიც გარკვეული ჯგუფის გამოვლენას გულისხმობს. არსებობს მოსაზრება, რომ გარკვეული პირები უწევენ ორგანიზებას მსგავსი შინაარსის საუბრებს, რათა შემდგომ ჩანაწერების მოპოვება მოხდეს”, - წერს სტატიის ავტორი.

მოსკოვმა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ურთიერთობა სრულად გაწყვიტა, შემდეგი ნაბიჯი უკრაინის “დასჯა” იქნება

“რუსეთის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობა სრულად გაწყვიტა და ამით უპასუხა კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭება. ახლა უკვე უკრაინის “დასჯის” ჯერიც დგება, რადგან სწორედ უკრაინის გამო დაიწყო მთელი ეს დაპირისპირება და მოლოდინია, რომ რუსეთის ეკლესიის კვალდაკვალ გააქტიურდება კრემლიც. ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა უკვე განაცხადა, რომ “რუსეთი ყველგან იცავს რუსებისა და რუსულენოვანთა ინტერესებს” და დაიცავს უკრაინაშიც. უცხოური გამოცემები და ანალიტიკოსები კი არ გამორიცხავენ, რომ ვლადიმირ პუტინმა, რომელიც უკრაინას პოლიტიკურის შემდეგ ახლა უკვე რელიგიურადაც კარგავს და ამით დიდი დარტყმა ადგება რუსულ იმერიალიზმსა და პუტინის იმიჯს, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გამოიყენოს უკრაინაში ახალი შეჭრის მიზეზად”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მოსკოვმა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ურთიერთობა სრულად გაწყვიტა, შემდეგი ნაბიჯი უკრაინის “დასჯა” იქნება.

“მას შემდეგ, რაც გასულ კვირას კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ 3-დღიანი სინოდის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებენ, მოსკოვში დაიწყო მსჯელობა, რით უპასუხონ კონსტანტინოპოლს და რით უპასუხონ კიევს. გუშინ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში რუსეთის ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართა და გადაწყდა, რომ რუსეთის ეკლესია კონსტანტინოპოლთან ურთიერთობას - ევქარისტულ კავშირს წყვეტს. “წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობის სრულად გაწყვეტასთან დაკავშირებით”, - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა, ამასთან მისი თქმით, რუსული მართლმადიდებელი ეკლესია იმედოვნებს, რომ კონსტანტინოპოლი უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედავს. რუსეთის ეკლესიის ამ გადაწყვეტილებამდე სასულიერო პირებიდან ბევრად უფრო მკვეთრი განცხადებები ისმოდა. მაგალითად, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სპიკერს არქიეპისკოპოს კლიმენტის ჰქონდა შეთავაზება, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი ანათემაზე გადაეცათ. ასევე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხემძღვანელი ილარიონ ალფეევი აცხადებდა, რომ უკრაინაში არსებულ დიდ მონასტრებს რუსეთის ეკლესია არ დათმობს და შესაძლოა სისხლისღვრაც მოხდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სწორედ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიისთვის უკრაინაში არსებული მონასტრების გადაცემის თემა რომ გახდება დიდი დაპირისპირების საგანი, რაც შეიძლება გამოიყენოს კრემლმა, უკრაინაში შეჭრის ხელახალი გეგმა აამოქმედოს ამას ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ. როგორც ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, კრემლი უკრაინაში მართლმადიდებელთა ინტერესები დაიცვას - “იმ შემთხვევაში, თუ განვითარებული მოვლენები მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სახეს მიიღებს, რა თქმა უნდა, რუსეთი როგორც ყველგან იცავს რუსებისა და რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესებს”. ბრიტანული გამოცემა “თაიმსი” წერს, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება რუსეთის პრეზიდენტს მძიმე დარტყმას მოუტანს და თან, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც პუტინის რეიტინგი ძალიან დაეცა არაპოპულარულ საპენსიო რეფორმის გამო, ამიტომაც საფრთხის მომენტი გააქტიურებულია. კიევსა და დასავლეთში შიშობენ, რომ კრემლმა შეიძლება გამოიყენოს სამხედრო ძალა, რათა დაცვის ქვეშ აიყვანოს ის ეკლესიები, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოს ერთგული დარჩება და ხელი შეუშალოს მათ გადასვლას უკრაინის ახლად მინიჭებული ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციაში. “ბი-ბი-სი” კი წერს, რომ რუსეთის იდეაა, პოსტსაბჭოთა სივრცეში მისი გავლენის აღდგენა მოხდეს და ამისათვის ცდილობს, რომ უკრაინა შეინარჩუნოს არა მხოლოდ რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე, არამედ რელიგიურ ორბიტაზეც. ამიტომაც უკრაინის ეკლესიის დაკარგვა დარტყმას აყენებს „რუსული სამყაროს" კონცეფციას და ამცირებს რუსეთის წონას მართლმადიდებელ სამყაროში, როგორც რელიგიურად, ისე პოლიტიკურად”, - განაგრძობს გამოცემა.

“თეოლოგ ვლადიმერ ნარსიას თქმით, რუსული ეკლესიის სოციალურ დოქტრინაში აღნიშნულია, ასევე ვლადიმირ პუტინს არაერთხელ განუცხადებია, რომ რუსული სახელმწიფო დგას რუსულ ეკლესიაზე და ეკლესია წარმოადგენს იდეოლოგიურ ბერკეტს, ამიტომაც კრემლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიის სიძლიერეს და ახლა, უკრაინის ეკლესიისთვის უახლოეს ხანში ავტოკეფალიის მინიჭების გამო მოსკოვში დიდი შფოთია და ამიტომაც პუტინის რეჟიმისგან ნებისმიერ დაპირისპირებაზე წასვლა. “კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული და მისაღები ხაზი მდგომარეობს იმაში, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეს დისკურსი კანონიკური და თეოლოგიური მსჯელობის ზონიდან არ გაუყვანია და არსად არ გამოუყენებია პოლიტიკური ენა. განსხვავებით რუსეთისგან. მაგალითად ილარიონ ალფეევი ინგლისურენოვან გამოცემასთან ამბობს, რომ ეს გამოიწვევს დაპირისპირებას, რელიგიურ ომს. ასეთი ტერმინები ეკლესიური არ არის”, - ამბობს ნარსია, რომლის განმარტებით “აქედან გამომდინარე, პუტინის რეჟიმისგან, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია ნებისმიერ დაპირისპირებაზე წასვლა”, - დასძენს გამოცემა.

“თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რა ტიპის ძალა ხვდება მეორე მხარეს - თუ ის ძალაც ისევ ბრუტალური ხერხებით მოქმედებს, როგორც რუსეთი, მაშინ მეტია ვარაუდის საფუძველი, რომ დიახ, შეიძლება ძალიან ცუდი რამ. მოხდეს. თუმცა კონსტანტინოპოლი არ შედის ამ დისკურსში და არ იძლევა მიზეზს, რომ რუსეთის ძალადობრივი მოქმედებები გამოიწვიოს. თუ რუსეთი დავობს ქონებაზე, მონასტრების კუთვნილება როგორ იქნება, ეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ეს დიდი დაპირისპირების მიზეზი არ უნდა გახდეს და დიდი ალბათობით პროცესი სასამართლოებში გადავა”, - თვლის ნარსია. თეოლოგის თქმით, ბევრი თვლის, რომ სქიზმით და ევქარისტული კავშირის გაწყვეტით ყველაფერი დაიქცა და მართლმადიდებელი სამყარო გაიხლიჩა სამუდამოდ. “ეს არანაირ დაქცევა არ არის. ათასობით ასეთი ისტორიებია ეკლესიის ცხოვრებაში. რუსეთს კონსტანტინოპოლთან ევქარისტული კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა 1990-იან წლებშიც ესტონეთის ეკლესიასთან დაკავშირებით და შემდეგ ეს კავშირი აღდგა. ეს არ არის დიდი პრობლემა, ეს არის პროტესტი, რომელსაც რუსეთის ეკლესია გამოხატავს”, - აღნიშნავს ნარსია, რომლის თქმით, “შემდეგ კი ვითარება შეიცვლება და ურთერთობა ისევ აღდგება”, - დასძენს გამოცემა.