ხულოს მერმა გოჩა მელაძემ თანამდებობა დატოვა

ხულოს მერმა გოჩა მელაძემ თანამდებობა დატოვა

ხულოს მერმა გოჩა მელაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" ხულოს მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ასევე თანამდებობა დატოვა ხულოს მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ.

როგორც პრესსამსახურში განაცხადეს, გოჩა მელაძემ ხულოს საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გუშინ მიმართა.

„17 ოქტომბერს, განცხადების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ. პირველ მოადგილედ ვახტანგ ბერიძე დაინიშნა. გუშინვე, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ ხულოს საკრებულოს განცხადებით მიმართა თანამდებობიდან წასვლის შესახებ. კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა. ხულოს მერს დღეს უფლებამოსილება შეუწყდა", - განაცხადეს ხულოს მერიის პრესსამსახურში.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ბერიძე მერის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე ხულოს პოლიციას ხელმძღვანელობდა.

ხულოში ახალი მერის ასარჩევად არჩევნები ხელახლა გაიმართება, რომლის ვადებსაც კანონის მიხედვით, ცესკო დაადგენს.

გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები ჰქონდა. ჰქონდა თუ არა გოჩა მელაძესთან შენიშვნები, თორნიკე რიჟვაძეს არ დაუკონკრეტებია.