„ევროპული საქართველოს“ წევრი - ხულოში არჩევნების ჩატარებას მმართველი გუნდი ძალოვანებით შეეცდება

„ევროპული საქართველოს“ წევრი - ხულოში არჩევნების  ჩატარებას  მმართველი გუნდი ძალოვანებით შეეცდება

ხულოში არჩევნების ჩატარებას მმართველი გუნდი ძალოვანებით შეეცდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე რაულ თავართქილაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც რაულ თავართქილაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას" ხულოში დაბალი რეიტინგი აქვს და საპრეზიდენტო არჩევნების წაგების ეშინია. მისი თქმით, მერის პირველ მოადგილედ ხულოს პოლიციის ყოფილი უფროსი ვახტან ბერიძე წინასაარჩევნოდ იმიტომ დანიშნეს, რომ საარჩევნო პროცესებს მუნიციპალიტეტში სწორედ ყოფილი ძალოვანი წარუძღვება.

„არჩევნებამდე ათი დღით ადრე, ხულოს მერისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომა პირდაპირ დაკავშირებულია იმ მძიმე შედეგებზე, რაც აქვს „ქართულ ოცნებას" აჭარაში. მმართველი გუნდი ხვდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს აგებს, რადგან დაბალი რეიტინგი აქვს. უავტორიტეტო მერის ძალოვანით ჩანაცვლება სურთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარონ. არაფერი გამოუვათ მაინც წააგებენ. გოჩა მელაძე უავტორიტეტო, სუსტი მერი იყო",- განაცხადა რაულ თავართქილაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ხულოს მერმა და მისმა მოადგილემ უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ხულოს საკრებულოს განცხადებით მიმართეს. ხოლო ხულოს მერის პირველ მოადგილედ ხულოს პოლიციის ყოფილი უფროსი ვახტანგ ბერიძე დაინიშნა.