ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2018

53% ზურაბიშვილს? "ოცნება" გვარწმუნებს, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვებს

უახლოეს წლებში, სულ მცირე, კიდევ 10 სოფელი დაცარიელდება

***

53% ზურაბიშვილს? "ოცნება" გვარწმუნებს, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვებს

"ქართულ ოცნებას" ძალიან გაუჭირდა და მთელი პროპაგანდისტული მანქანა ამუშავდა, ამაზე მიანიშნებს პროპაგანდისტული შიდა კვლევების გამოქვეყნება, რომ სალომე ზურაბიშვილს 53% უჭერს მხარს და მათ შორის ამაზე მიანიშნებს წინასაარჩევნო კლიპებში პარტიის მძიმე არტილერიის - ბიძინა ივანიშვილის გამოჩენაც," - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის აზრითაც, "ოცნების" შიდა კვლევის მთავარი მესიჯია, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ფარულმა სკანდალურმა ჩანაწერებმა ვერაფერი ავნო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, 53% ზურაბიშვილს? "ოცნება" გვარწმუნებს, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვებს.

"არჩევნებამდე 10 დღით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შიდა კვლევები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ, მათი კვლევით, მეორე ტური მოსალოდნელი არ არის და მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 53% უჭერს მხარს. საგულისხმოა, რომ "ოცნების" ამ კვლევამდე 2 კვირით ადრე სამი სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევა გამოქვეყნდა და სამივე კვლევაში ის კანდიდატი იმარჯვებს, ვისი დაკვეთითაც არის კვლევა ჩატარებული. ერთადერთი, რაც სამივე კვლევაშია ნათქვამი, პრეზიდენტი მხოლოდ მეორე ტურის შემდეგ გამოვლინდება. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კვლევა "ოცნებამაც" ჩაატარა, სადაც ზურაბიშვილი იმარჯვებს პირველსავე ტურში, მაგრამ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ პარტიის შიდა კვლევის გამოქვეყნება, ამიტომაც მისი გასაჯაროვება არ მოხდება. თუმცა გუშინ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან" გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, შიდა კვლევა გაასაჯაროვონ და ამით აჩვენონ საზოგადოებას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" "სპექტაკლები" წარუმატებლად მიმდინარეობს და "ოცნებას" რეიტინგი არ დაჰკლებია“,- აღნიშნავს გამოცემა.

"აქედან გამომდინარე, "ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა, ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, დაებრალებინათ იმგვარი დანაშაულები, რომლებითაც მათი რეჟიმი წლების მანძილზე გამოირჩეოდა, იმთავითვე წარუმატებლობისკენ იყო განწირული. ამასვე ადასტურებს ამომრჩევლის განწყობა და შესაბამისი სოციოლოგიური კვლევის შედეგები," - განაცხადა მდინარაძემ. მან კვლევის ორი ვარიანტი წარადგინა. "კვლევების თანახმად, ე.წ. "ა" ლოკაციის გარეშე, გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან, რომელშიც შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც არ გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობას, საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ შემდეგი მხარდაჭერა დაფიქსირდა: სალომე ზურაბიშვილი 27%, გრიგოლ ვაშაძე 10%, დავით ბაქრაძე 9%, სხვა კანდიდატები 6%. არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას - 48%. ე.წ. "ა" ლოკაციის მიხედვით კი, შემდეგნაირია - სალომე ზურაბიშვილი 53%, გრიგოლ ვაშაძე 19%, დავით ბაქრაძე 17%, სხვა კანდიდატები 11%," - აღნიშნა მდინარაძემ“, - განაგრძობს გამოცემა.

"პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ სახელისუფლებო კანდიდატს ისე უჭირს, საკითხი დგას, საერთოდ გავა თუ არა მეორე ტურში და სწორედ ამაზე მეტყველებს "ოცნების" ბოლოდროინდელი აქტიურობაც. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ძალიან გაუჭირდა და ამას არა მარტო შიდა კვლევის გამოქვეყნება მიანიშნებს, თითქოს დამაჯერებლად იგებს სალომე ზურაბიშვილი, არამედ ბოლო დღეებში გამოჩენილი მისი მხარდამჭერი წინასაარჩევნო კლიპიც, სადაც "ქართული ოცნების" მძიმე არტილერიაა გამოსული. "ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, მამუკა ბახტაძე, ირაკლი კობახიძე - "ქართული ოცნების" მთავარი დამრტყმელი ძალა გამოჩნდა და აქტიურად ჩაერთო კლიპებში ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად. ამ კლიპიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ზურაბიშვილს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს. მაგალითად, წინა, ადგილობრივ არჩევნებს თუ გავიხსენებთ, მაშინ "ქართულ ოცნებას" და კახა კალაძეს არ ჰყავდა კონკურენტი, რაც მშვენივრად იცოდნენ და ივანიშვილი საერთოდ არ გამოჩენილა წინასაარჩევნოდ. მაშინ არ დასჭირვებია "ოცნებას" მძიმე არტილერიის ჩართვა, იცოდნენ, რომ მაინც იგებდნენ არჩევნებს, ახლა კი დასჭირდათ. თუკი ივანიშვილი წინასაარჩევნო კლიპში გამოჩენას იმ არგუმენტით გაამართლებს, რომ მაშინ სტატუსი არ ჰქონდა და ახლა პარტიის თავმჯდომარეა, ეს არ იმუშავებს იმიტომ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ძალიან აქტიურად მონაწილეობდა და არც მაშინ ყოფილა პარტიის თავმჯდომარე, მისივე მტკიცებით, პოლიტიკიდანაც წასული იყო. ამიტომ ერთადერთი რეალობა ისაა, რომ "ოცნებამ" ჩართო მთავარი კოზირი, როგორმე ზურაბიშვილმა ხმები მოკრიბოს," - ამბობს ძაბირაძე“, - დასძენს გამოცემა.

"მისი თქმით, ჩვენ ვნახეთ სხვა პარტიების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები და ყველა ამ გამოკითხვის პირველ ადგილზე გადის იმ პარტიის კანდიდატი, ვინც უკვეთავს კვლევას. ეს იმიტომ, რომ საქართველოში სოციოლოგიური კვლევები პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად იქცა, ვიდრე პროგნოზის ინსტრუმენტად. "დარწმუნებული ვარ, "ოცნებას" რეალური კვლევაც აქვს, ისევ და ისევ ამ ბოლო კლიპიდან გამომდინარე, მაგრამ საზოგადოებისთვის საჩვენებლად სჭირდებათ იმის პიარი, რომ მათ ამ სკანდალურმა ფარულმა ჩანაწერებმა ვერაფერი დააკლო და მათ კანდიდატს მხარდამჭერების პრობლემა არ აქვს. "ჩემი აზრით, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, არათუ პირველ ტურში გამარჯვებაზეა საუბარი, მე მგონი, სახელისუფლებო კანდიდატს ისე უჭირს, რომ საკითხი დგას, საერთოდ გავა თუ არა მეორე ტურში. ეს პრობლემა უფრო დგას და ეს დავინახე კლიპებით, კვლევის გამოქვეყნებით თუ პროკურატურის განცხადებით, რომ პატარკაციშვილის საქმე გახსნეს," - აღნიშნა ძაბირაძემ“, - წერს სტატიის ავტორი.

უახლოეს წლებში, სულ მცირე, კიდევ 10 სოფელი დაცარიელდება

"წლევანდელ ზამთარში მთიანი რეგიონი კიდევ უფრო დაცარიელდება. გაზრდილი ფასებისა და დაბალმოსავლიანობის პირობებში ადამიანებს საგრძნობლად გაუჭირდებათ. დღეს ვითარება იმდენად მძიმეა, რომ ბარშიც კი ჭირს თავის რჩენა, ხოლო მთიანი სოფლებისათვის ეს გაცილებით დიდი პრობლემაა. მოსალოდნელია, რომ მთის რეგიონში კიდევ უფრო შეთხელდება ხალხი და ამას ვერანაირად ვერ უშველის "მთის კანონი", რომლის მოქმედების მიუხედავად, მდგომარეობა ვერ უმჯობესდება. სოციალური პირობების დამძიმების გამო შესაძლოა, წელს მეტადაც ცდილობდნენ სოფლებისაგან "თავის დაღწევას", - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, უახლოეს წლებში, სულ მცირე, კიდევ 10 სოფელი დაცარიელდება

"საქართველოში დაახლოებით 4700 სოფელია. 2017 წლის მდგომარეობით, დაცარიელებული სოფლების რაოდენობა 162-დან 223-მდე გაიზარდა. 2017 წელს ამ მაჩვენებელმა კიდევ უფრო მოიმატა. საერთო ჯამში, საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 250 სოფელში 10 და 10-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ამდენივე სოფელი კი მთლიანად მიტოვებულია. ცხადია, რომ ტენდენცია გაგრძელდება და გაჭირვების გამო, სოფლის დაცლა გაცილებით მეტ ადამიანს მოუწევს. აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე "რეზონანსთან" ადასტურებს, რომ წელს, მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო, მთიან სოფლებში ბევრ ადამიანს მოუწევს საცხოვრისის მიტოვება. ამის შესაჩერებლად სპეციალური სახელმწიფო პროგრამა უნდა შემუშავდეს, რაც რეალურად შეუწყობს ხელს ადამიანების დამაგრებას სოფლად და მიგრაციის დონეს შეამცირებს. "ყველაფერზე ფასები მუდმივად მატულობს, ხოლო ხარჯის გასაწევად ხალხს შემოსავალი არ ჰყოფნის. ელემენტარულად, არ არის მოსავალი, რაც ყოველდღიურ ყოფას შეამსუბუქებს. ცხადია, დაბალმოსავლიანობაა იმის გამო, რომ ადამიანებს არ აქვთ საბრუნავი საშუალებები, დაამუშაონ მიწები და რეალურად მიიღონ შემოსავალი. სამეურნეო სამუშაოები საკმაოდ დიდ ხარჯს უკავშირდება და მოგება არ არის ისეთი, რომ ხალხმა სარგებელი ნახოს. პრობლემა დღეს არ დაწყებულა, წლიდან წლამდე მწვავდება და მეტ ადამიანს ეძლევა საბაბი, რომ სადღაც გადასახლდეს. სოფლიდან აყრილი მოსახლეობის უმეტესობა უცხოეთში მიდის და იქ ეძებს სამუშაოს, ნაწილი დედაქალაქში ცდილობს დამკვიდრებას“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ქვეყნიდან გასვლას ისიც უწყობს ხელს, რომ უფრო მეტად გაიხსნა გზა ევროპული ქვეყნებისაკენ, თურქეთისა და რუსეთისაკენ კი ისედაც გახსნილი იყო, ამიტომ ეს ცუდი ტენდენცია თავისთავად გაგრძელდება. ამას ვერაფერს დავუპირისპირებთ, თუკი სპეციალური სახელმწიფო პოლიტიკა არ შემუშავდება. შეიძლება, ცოტა ადამიანი ცხოვრობდეს სოფელში, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს ინფრასტრუქტურა, რომ ვინც არის იქ დარჩენილი, ისინი მაინც დავიცვათ. ამ მიმართულებით გარკვეული მშენებლობები მიმდინარეობს, რასაც მთავრობას ვერ დავუკარგავთ, მაგრამ არის სოფლები, სადაც არაფერი გაკეთებულა და ხალხს გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება. უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები. აუცილებლად ფერმერული მეურნეობის განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი, რომ კაპიტალის დაბანდება მარტივად მოხდეს. მცირე ტერიტორიებზე, სადაც კი დაყოფილია მიწები, ინვესტირება და რამე სერიოზული საქმიანობის წარმართვა ვერ ხერხდება", - ამბობს "რეზონანსთან" სილაგაძე და აღნიშნავს, რომ ინვესტიციების დიდი ნაწილი მიმართული უნდა იყოს რეალურ სექტორში, რაც სოფლად ცხოვრების მოტივაციას შექმნის“, - განაგრძობს გამოცემა.

"აგრარული სექტორის ინვესტირება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ მიმართულებით შესამჩნევი ნაბიჯი არ გადადგმულა. თითქმის არაფერი განხორციელებულა ისეთი, რაც მიგრანტთა დინამიკას შეაჩერებდა. მრეწველობა და სოფლის მეურნეობა უნდა განვავითაროთ, ამ სფეროში გვაქვს სამუშაო ძალაც, მარამ ეს არ არის გამოყენებული. დღევანდელი ხელისუფლება როცა მოვიდა, საწყის ეტაპზე სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციები ხორციელდებოდა უფრო მეტი, ვიდრე წლების განმავლობაში, წინა პერიოდში, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. პროდუქცია, რაც შეგვიძლია ადგილზე შევქმნათ, ეკოლოგიური პირობებით გაცილებით უკეთესია, ვიდრე შემოტანილი. მარტო ფასზე არ არის საუბარი, ჩვენ მოსახლეობას დოვლათის შექმნის შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რაც გააჩენს შემოსავალს. ამ საკითხს სერიოზული მიხედვა უნდა. საკმაოდ რთული ვითარებაა და ამ პირობებში მიგრაციული პროცესის შენელება ძალიან გაგვიჭირდება", - დასძენს ავთანდილ სილაგაძე. დემოგრაფები ვარაუდობენ, რომ მომდევნო 5 წელიწადში საქართველოში, სულ მცირე, კიდევ 10 სოფელი დაცარიელდება. დემოგრაფ ავთო სულაბერიძის შეფასებით, ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მაღალმთიანეთში, სადაც ხალხს ლუკმაპურის შოვნა უჭირს“, - დასძენს გამოცემა.

"საქართველოში 230 სოფელია გაუკაცრიელებული, ეს ძირითადად მთის რაიონებია, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთაში მცხოვრებთა უმეტესობა მოხუცია. მათ ქალაქში თუ ჩამოიყვანენ შვილები გამოსაზამთრებლად, თორემ, ძირითადად, მაინც ადგილზე რჩებიან. სახელმწიფომ რაც მთიანი რეგიონების დასახმარებლად გააკეთა, არასაკმარისია. გარდა ამისა, მოუსავლიანი წელია, სავალუტო კრიზისმა ხალხს გაცილებით მეტი პრობლემა შეუქმნა. მთაში ძირითადად შინამეურნეობათა ხარჯზე ცხოვრობენ. ფაქტია, რომ, გაჭირვების გამო, ხალხი ბარში ჩამოვიდა, ზოგიც ქალაქში დასახლდა. მთიან ნაწილში მცხოვრებთა დიდი ნაწილი ფულადი გზავნილებით ცხოვრობს, სხვა შემოსავალი ხალხს არ აქვს. ვერ ვიტყვი, რომ მთლად დაიცლება რეგიონი, მაგრამ ბევრ ადამიანს მოუნდება იქიდან წასვლა. ტენდენცია ისედაც არის. ბავშვი არ იბადება სოფლებში, გაუგონარი სიტუაციაა. ფულადი დახმარება რომ დაწესდა ახალდაბადებულ ბავშვებზე, ვერსად მივაგენი ოჯახს, სადაც მესამე ბავშვი გაჩნდა. მაღალმთიანეთში ამ მხრივ გაცილებით მძიმე ვითარებაა, თუმცა ქართველ ხალხს დალხენილი ცხოვრება არსად არ აქვს. გაუკაცრიელებულ სოფელთა რაოდენობას მომდევნო 5 წელიწადში 10 სოფელი მიემატება, არვითარი ინფრასტრუქტურა იქ არ არის, რომ ხალხს სოფლად დარჩენის სურვილი ჰქონდეს", - ამბობს "რეზონანსთან" სულაბერიძე.“, - წერს სტატიის ავტორი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო