ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა ავალიანის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტუბერკულოზის საერთო კლების ტენდენცია შეინიშნება, დაავადების ე.წ წამალგამძლე ფორმები მაინც რჩება, რის გამოც, მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაძლოა, დაავადებული პირის იზოლაციის საჭიროება დადგეს.
როგორც ზაზა ავალიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოში ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმით დაახლოებით, 3 000 ადამიანია დაავადებული, თუმცა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან, რაც „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ კანონით, ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებული ადამიანების არანებაყოფლობითი იზოლაცია უნდა დაწყებულიყო, მსგავსი ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.
„პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მართალია, საქართველოში ტუბერკულოზის საერთო კლების ტენდენცია შეინიშნება, მაგრამ სამწუხაროდ, მაინც რჩება ე.წ წამალგამძლე ფორმების არსებობა. ეს დადსტურებული ფაქტია და თუ ის გადამდები ფორმითაა, უკვე საზოგადოებისთვის ქმნის საფრთხეს.
საბედნიეროდ, ისეთი ტიპის ბენეფიციარები, ვის შემთხვევაშიც არანებაყოფლობითი იზოლაცია უნდა მომხდარიყო, არ გამოვლენილა. პროგრამამ მეტ-ნაკლებად, ყველას მიხედა. ცხადია, ტუბერკულოზის მკურნალობა ასეთი მარტივი არ არის, რადგან ეს გარკვეულ სოციალურ საკითხებთან არის შეჭიდებული. ამ პროგრამამ თავისი გარკვეული საქმე უკვე გააკეთა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ თუ იქნება გადაცდომა, თუ იქნება მცდელობა, რომ თავი აარიდონ მკურნალობას, მათ არანებაყოფლობით იზოლაციაში ყოფნა მოუწევთ, რათა არ დაასნებოვნონ საზოგადოების სხვა წევრები“, - აღნიშნა ზაზა ავალიანმა.
ზაზა ავალიანის ინფორმაციით, ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებულ ადამიანს შეუძლია, წლის განმავლობაში, 10-15 ადამიანი დაასნებოვნოს და ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტუბერკულოზით დაავადებულის არანებაყოფლობით იზოლაციასთან დაკავშირებული რეგულაცია მიიღეს. მისივე განმარტებით, პირის არანებაყოფლობით იზოლაციაში მოთავსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს, ხოლო თუ მის აღსრულებაზე ტუბერკულოზით დაავადებულმა პირმა უარი თქვა, ზაზა ავალიანის განმარტებით, საქმეში სამართალდამცავი ორგანოები ერთვებიან.
ამასთან, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტუბერკულოზთან ბრძოლის ერთიანი ქსელი არსებობს, რომელიც როგორც ჩვენს, კონკრეტულ რეფერალურ ცენტრს, ასევე 10 რეგიონულ ცენტრსა და 64 ტუბსაწინააღმდეგო კაბინეტს მოიცავს, შეიძლება შეიქმნას ერთიანი სტრუქტურა, სადაც ტუბერკულოზით დაავადებული პირების არანებაყოფლობითი იზოლაცია მოხდება, თუმცა, ზაზა ავალიანის თქმით, ამჟამად არსებული რესურსი საკმარისია.