ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ

ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ

მუშები, რომლებიც ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ, ერთი თვის კუთვნილ ხელფასს ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ხელფასი 15 სექტემბერს უნდა დარიცხოდათ, თუმცა თანხა ამ დრომდე არ მიუღიათ. მუშები აცხადებენ, რომ თუ შესაბამისი რეაგირება არ იქნება, ისინი კომპანიის წარმომადგენლებს ობიექტზე შესვლის უფლებას არ მისცემენ.

„მესამე დღეა რაც ჩვენი ჯგუფი გაფიცულია. ჩვენს გარდა ჩინელების ჯგუფიც მუშაობს, რომლებსაც ხელფასი ჩვეულებრივ დაერიცხათ, ჩვენ კი - არა. უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ხელფასი არ დარიცხეს დროულად. ახლა ანალოგური პრობლემა გვაქვს. დამქირავებელი ჩინური კომპანიაა. ახლა შესვენებაზე არიან გასულები, ველოდებით, რომ არ შევუშვათ ობიექტზე", - აცხადებენ მუშები.

ადგილზე საპროექტო ზედამხედველობის კომპანიის „რომკატელის" წარმომადგენელი ზვიად ჭანტურია იმყოფება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანიის წარმომადგენელთან კომუნიკაცია ჰქონდა და ისინი ხელფასის დაურიცხაობის მიზეზად ხარჯთაღრიცხვის დაგვიანებას ასახელებენ.