ვახტანგ ძაბირაძე - ამ არჩევნებზე ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ 2020 წელს საზოგადოებას „ნაციონალებით“ ან მათი განაყოფით ვერ დააშანტაჟებს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, საქართველოში პრეზიდენტობისათვის ბრძოლა გადამწყვეტ ეტაპს უახლოვდება. სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ შეიძლება ითქვას, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია ერთდროულად ბევრი უცნაურობითაც და მწვავე დაპირისპირების ნიშნებითაც აშკარად გამოირჩევა.

ვიდრე ქვეყნის მოსახლეობა 28 ოქტომბერს საქართველო მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს, თქვენ როგორ შეაფასებდით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას?

- სამწუხაროდ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე პოლიტიკური ვითარებაა შექმნილი. და არა მარტო პოლიტიკური მიმართულებით. საზოგადოებაში საკმაოდ თვალშისაცემია ნიჰილიზმი, ლარის კურსი ეცემა და არავინ იცის ეს პროცესი როდის გაჩერდება. ფაქტია, რომ ჩვენ შევდივართ კრიზისში და ცუდი ისაა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ამ კრიზისის დასასრული ვერ იქნება საპრეზიდენტო არჩევნები - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს იგი.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე პოლიტიკური ვითარებაა შექმნილი და არა მარტო პოლიტიკური მიმართულებით. საზოგადოებაში საკმაოდ თვალშისაცემია ნიჰილიზმი... შევდივართ კრიზისში და ცუდი ისაა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ამ კრიზისის დასასრული ვერ იქნება საპრეზიდენტო არჩევნები - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს იგი

შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ნეგატიური ტიპის არჩევნები საქართველოში მე, უბრალოდ, არც მახსოვს - რა თქმა უნდა, იყო ხისტი და უმწვავესი დაპირისპირებები, გამოვიარეთ სამოქალაქო დაპირისპირება და სამოქალაქო ომიც კი, მაგრამ მთლიანად ნეგატივზე აგებული პიარკომპანიები მე ნამდვილად არ მახსოვს.

ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ერთმანეთს ასაზრდოებენ. ისინი ჯერჯერობით ვერ უკეთებენ იგნორირებას „ევროპულ საქართველოს“, თუმცა დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი მთლიანად მოწყვეტილი ჰყავთ საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური პროცესისაგან.

„ოცნება“ და „ნაციონალები“ საზოგადოებას შანტაჟის ქვეშ ამყოფებენ და ამ ფონზე ცდილობენ, ამომრჩეველმა 28 ოქტომბერს გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ მიიღოს. ვიმეორებ, ამ საარჩევნო ბატალიებში პოზიტივი პრაქტიკულად არ ისმის.

„ოცნება“ და „ნაციონალები“ საზოგადოებას შანტაჟის ქვეშ ამყოფებენ და ამ ფონზე ცდილობენ ამომრჩეველმა 28 ოქტომბერს გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ მიიღოს

ასე რომ, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში საკმაოდ რთული ვითარებაა და სამწუხაროდ, ეს ვითარება არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გართულდება. არ ვამბობ იმას, რომ ეს პირდაპირ იქნება მიბმული არჩევნების შედეგებს. არჩევნები რაღაც ფუნქციას შეასრულებს, მაგრამ ზოგადად შევდივართ ძალიან რთულ ვითარებაში და როგორ მივატანთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, უკვე აღარ ვიცი.

- ახლა, როცა ლამის მთელი ქვეყანა წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებული სკანდალური ჩანაწერების შინაარსზე მსჯელობს, პროკურატურა და მმართველი გუნდის ლიდერშიფი მხოლოდ იმის თქმას ახერხებს, რომ აუდიოჩანაწერების გავრცელებით ოპოზიცია ქვეყანას რევოლუციისთვის ამზადებს, საზოგადოება ხელისუფლებისაგან ჩანაწერების თემებზე მკაფიო პასუხების მოლოდინშია, მაგრამ ამგვარი პასუხები ჯერ არ ჩანს.

თქვენ და არაერთმა თქვენმა ქართველმა კოლეგამ განაცხადა - წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ჩამოყალიბებული რეალობის გათვალისწინებით საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა საპრეზიდენტო არჩევნებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარება.

ახლა, როცა გაუგებარია ამ აუდიოჩანაწერებით ვინ ვის აშანტაჟებს, თქვენი აზრით, რა გავლენა იქონია აუდიოჩანაწერების გავრცელებამ ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, რატომაა აუცილებელი ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება?

- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არის ერთადერთი, რამაც შეიძლება აგვაცილოს პროცესების ქუჩაში გადატანა და სამოქალაქო დაპირისპირება. არ ვგულისხობ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარებას.

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს შეეძლო პოლიტიკური სპექტრის ახალი კონფიგურაცია მიეღო ქვეყანას, რომელსაც ექნებოდა უნარი დაესტაბილურებინა პროცესები

პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს არ შეუძლია საზოგადოებაში გააჩინოს თუნდაც მცირე იმედი, რომ რაღაც შეიცვლება. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს შეეძლო პოლიტიკური სპექტრის ახალი კონფიგურაცია მიეღო ქვეყანას, რომელსაც ექნებოდა უნარი დაესტაბილურებინა პროცესები.

1991 წლის შემოდგომაზე რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო, ჩვენ ალბათ თავიდან ავიცილებდით სამოქალაქო დაპირისპირებას და ქვეყნისათვის იმ არასასურველ შედეგებს, რაც სამოქალაქო დაპირისპირებამ ქვეყანას ავნო.

მარტო იმაზე საუბარი, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკაში გარე ძალები ახდენენ ზეგავლენას, მართებული არ იქნება, ვინაიდან პოლიტიკიკურ პროცესზე გარე და შიდა ძალების გავლენა ყოველთვის იქნება.

1991 წლის შემოდგომაზე რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო, ჩვენ ალბათ თავიდან ავიცილებდით სამოქალაქო დაპირისპირებას და ქვეყნისათვის იმ არასასურველ შედეგებს, რაც სამოქალაქო დაპირისპირებამ ქვეყანას ავნო

მთავარია, ამას არ უნდა დაემატოს ქვეყნის მოსახლეობაში დაგროვილი პრობლემები. როცა მოსახლეობაში ჩნდება ხელისუფლებისადმი უნდობლობა ან ნიჰილიზმი, სწორედ მაშინ იწყებს მოქმედებას მეხუთე კოლონა და სხვა დამატებითი არასასურველი ფაქტორები.

- თუ სწორად გავიგე, თვლით, რომ აუდიოჩანაწერებმა საზოგადოებაში უნდობლობისა და ნიჰილიზმის გაჩენა გამოიწვია...

- დიახ, აუდიოჩანაწერების გავრცელება ამის მცდელობა გახლდათ. ფაქტია, რომ აუდიოჩანაწერების გავრცელება „ნაციონალების“ დამსახურებაა. აუდიოჩანაწერებით „ნაციონალები“ სწორედ იმ თემებით ცდილობენ ხელისუფლების კუთხეში მიყენებას, რა თემებითაც თავად წააგეს 2012 წლის არჩევნები.

როგორც ჩანს, აუდიოჩანაწერების უკან მდგომმა „ნაციონალების“ სტრატეგებმა ვერ გათვალეს ის, რომ აუდიოჩანაწერების ამდენი სერიალების შემდეგ ისინი აქტუალობას დაკარგავდნენ. არა იმიტომ, რომ საზოგადოებას ამ აუდიოჩანაწერების არ სჯერა და პასუხგაუცემელი კითხვები აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ხალხის გარკვეულ ნაწილს, მართალია, ნდობა აქვს დაკარგული ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ხალხი „ნაციონალებისაგან“ წამოსული მესიჯების მიმართაც გამოავლენს უნდობლობასა და ნიჰილიზმს.

აუდიოჩანაწერებით „ნაციონალები“ სწორედ იმ თემებით ცდილობენ ხელისუფლების კუთხეში მიყენებას, რა თემებითაც თავად წააგეს 2012 წლის არჩევნები

ზოგადად, აუდიოჩანაწერების მიმართ მიმართ დამოკიდებულება ასეთია - შესაძლოა აუდიოჩანაწერებში რაზეცაა საუბარი მართალიც იყოს, მაგრამ „ნაციონალები“ ამას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად აკეთებენ. ამავე აზრს ავითარებს ხელისუფლება და ცდილობს საზოგადოებრივი აზრი აქეთ წაიყვანოს.

რა თქმა უნდა, აუდიოჩანაწერები იმოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე, მაგრამ ეს უფრო გამოჩნდება არა არჩევნების დროს, არამედ არჩევნების შემდეგ.

მეჩვენება, რომ საზოგადოებაში ორივე ძალისადმი, ვგულისხმობ „ოცნებას“ და „ნაციონალებს“, დაკარგული ინტერესი იძულებულ ხდის ორივე მხარეს წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო მეტად აშანტაჟოს და ერთმანეთით აშინოს საზოგადოება.

- მთავრობის წევრების შეფასებებით, ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არაა, შესაბამისად, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი გაუგებარია. ქალბატონმა ლია მუხაშავრიამ „ინტეპრესნიუსს“ განუცხადა - „როგორც ჩანს, მთავრობა ვერ აცნობიერებს, რომ სუბელიანის საქმეს შეუძლია არ მხოლოდ მთავრობის გადაყოლება, არამედ ქვეყნის აღმოჩენა საკმაოდ დიდი ქაოსის ვითარებაში“. სავარაუდოდ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ ქვეყანა „დიდი ქაოსის ვითარებაში“ არ აღმოჩნდეს?

- თუ ლაპარაკია იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქუჩაში დიდი საპროტესტო მოძრაობები დაიწყება, შემიძლია ასე ვთქვა - რა შედეგითაც არ უნდა დასრულედეს საპრეზიდენტო არჩევნები, ეს ვერ გახდება პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანის მიზეზი და ქუჩაში დიდ საპროტესტო აქციებს არ ველოდები. ასე ვთვლი იმიტომ, რომ მოსახლეობაში ამგვარი მუხტი რეალურად არაა.

როგორც ჩანს, აუდიოჩანაწერების უკან მდგომმა „ნაციონალების“ სტრატეგებმა ვერ გათვალეს, რომ აუდიოჩანაწერების ამდენი სერიალების შემდეგ ისინი აქტუალობას დაკარგავდნენ... და ხალხი „ნაციონალებისაგან“ წამოსული მესიჯების მიმართაც გამოავლენდა უნდობლობასა და ნიჰილიზმს

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე გამოქვეყნებული ანდა ის აუდიოჩანაწერები, რომელიც აწი გამოქვეყნდება, დავიწყებას მიეცემა და მას არავინ გაიხსენებს. აუდიოჩანაწერების გამო საზოგადოების ცნობიერებაში ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება დაილექება, პოლიტიკური პროცესის გართულებასთან ერთად აუდიოჩანაწერების სკანდალური თემები შესაძლოა აღმოჩნდეს ერთ-ერთი ის ფაქტორი, რომელიც აიძულებს ხალხს ქუჩაში გამოვიდეს.

თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ არჩევნებს, რა შედეგითაც იგი არ უნდა დასრულდეს, არაფერი მოჰყვება, ამაში შეიძლება ხელისუფლებას დავეთანხმოთ, მაგრამ თუ ხელისუფლების მიმართ საზოგადოებისადმი უნდობლობისა და ნიჰილიზმის დამოკიდებულება არ შეჩერდება, საზოგადოება მაინც დაპირისპირებამდე მივა.

ძალიან დიდი ხანია ვლაპარაკობ იმაზე, რომ სამოქალაქო დაპირისპირების ასაცილებლად აუცილებელია „ოცნება“ დროზე მოვიდეს გონზე და პროცესი როგორმე შემოაბრუნოს, ვიდრე ეს პროცესი უმართავი არ გახდება.

სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ნელ-ნელა ხელისუფლება პროცესებზე კონტროლს კარგავს. აქედან გამოსავალი ნამდვილად არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

რა შედეგითაც არ უნდა დასრულედეს საპრეზიდენტო არჩევნები, ეს ვერ გახდება პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანის მიზეზი და ქუჩაში დიდ საპროტესტო აქციებს არ ველოდები. ასე ვთვლი იმიტომ, რომ მოსახლეობაში ამგვარი მუხტი რეალურად არაა

ოღონდ, მანამდე ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს არა მარტო საარჩევნო კანონმდებლობა, არამედ პოლიტიკური პროცესისადმი თავისი მიდგომა და ტაქტიკა, გადაახალისოს თავისივე ხელისუფლების პერსონალური შემადგენლობა როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში. მოკლედ, საპარლამენტო არჩევნები უნდა იქნას გამოყენებული მთელი სახელისუფლებო სისტემის რეორგანიზაციისათვის.

- საარჩევნო კამპანიის საწყის ეტაპზე მმართველი გუნდი აცხადებდა, რომ ქვეყანაში ევროპული დემოკრატიის დასამკვიდრებლად იგი მზად იყო საპრეზიდენტო სავარძელი ოპოზიციისთვის დაეთმო, მაგრამ შემდეგ „ოცნებამ“ პრაქტიკულად ივალდებულა საპრეზიდენტო არჩევნებზე „დამოუკიდებელ“ კანდიდატად გამოცხადებული სალომე ზურაბიშვილის ლობირება, მათ შორის ფინანსურადაც.

თუ მანამდე „ოცნების“ ლიდერები ზურაბიშვილზე საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ იგი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, ახლა „ოცნების“ გენ.მდივანი კახა კალაძე აცხადებს - „ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართული ოცნების“ ღირსების საქმეა“.

რატომ აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება „ოცნებისთვის“ ღირსების საქმე? თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა დოზით გამოიყენებს ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს მმართველი გუნდის ღირსების დასაცავად?

- უკანასკნელ დღეებში გამოჩნდა ზურაბიშვილის ახალი საარჩევო კლიპი, რომელშიც ჩართულია მმართველი გუნდის „მძიმე არტილერია“ დაწყებული კახა კალაძით და დამთავრებული ივანიშვილით. როგორც ჩანს, ხელისუფლება შეშფოთებულია არჩევნებზე ზურაბიშვილის შანსებით და იმით, რომ მათი კანდიდატი არჩევნებზე დამარცხდება. როგორც ჩანს, ეს უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ მის მხარდასაჭერად „ოცნების“ მთელი გუნდია ჩართული.

ფაქტია, რომ ნელ-ნელა ხელისუფლება პროცესებზე კონტროლს კარგავს. აქედან გამოსავალი ნამდვილად არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

ადგილობრივ არჩევნებზე, რომელშიც თბილისის მერად კენჭს კალაძე იყრიდა, ივანიშვილი საერთოდ არ გამოჩენილა. მაშინ პოლიტიკურ ძალებს შორის ძალთა ბალანსი იმგვარი იყო, რომ კალაძეს ივანიშვილის მხარდაჭერა არ სჭირდებოდა. ამჯერად ვითარება საკმაოდ რთულია. ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ ზურაბიშვილს მეორე ტურში გასვლა გაუჭირდება. ამიტომაც ჩაერთო მის მხარდასაჭერად „ოცნების“ მთელი გუნდი.

როგორც ჩანს, ხელისუფლება შეშფოთებულია არჩევნებზე ზურაბიშვილის შანსებით და იმით, რომ მათი კანდიდატი არჩევნებზე დამარცხდება. ეს უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ მის მხარდასაჭერად „ოცნების“ მთელი გუნდია ჩართული

ზურაბიშვილი რომ დამოუკიდებელი იყო, არც მანამდე სჯეროდა ვინმეს მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ხელისუფლებაც მიხვდა, რომ ზურაბიშვილთან დაკავშირებით მის მიერ დაყრილ საკენკს გასავალი არც ქვეყნის გარეთ აქვს და არც ქვეყნის შიგნით - ამიტომ გადაწყვიტა ღიად გამოსულიყო ასპარეზზე.

ორი აზრი არაა იმაზე, რომ ამ არჩევნებზე ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურს მაქსიმალურად გამოიყენებს. მიუხედავად ამისა, პირველი ტური გამარჯვებულს ვერ გამოავლენს.

- 28 ოქტომბრის არჩევნებში რა შანსები აქვთ სახელისუფლებო კანდიდატ ზურაბიშვილის კონკურენტებს?

- დღეის მონაცემებით ზურაბიშვილს მეორე ტურში გასვლის შანსები ნაკლებად აქვს. არჩევნებამდე ჯერ საკმაოდ დიდი დროა და ვნახოთ სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები. „ოცნებას“ საარჩევნო პროცესი იქეთკენ მიჰყავს, რომ მეორე ტურში ზურაბიშვილი გავიდეს და მისი კონკურენტი იყოს „ნაციონალების“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

„ოცნებას“ საარჩევნო პროცესი იქეთკენ მიჰყავს, რომ მეორე ტურში ზურაბიშვილი გავიდეს და მისი კონკურენტი იყოს „ნაციონალების“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე

თუ ქართული საზოგადოება შეძლებს, რომ მეორე ტურში ზურაბიშვილის კონკურენტი იყოს უსუფაშვილი, მაშინ, რა თქმა უნდა, „ოცნება“ ამ არჩევნებს წააგებს. რამდენად დიდია ამის ალბათობა, ანუ იმის ალბათობა, რომ ასეთ გადაწყვეტილებამდე ქართული საზოგადოება მისვლას, ამას მხოლოდ 28 ოქტომბრის არჩევნები გვანახებს.

- უსუფაშვილთან კაკავშირებით გამახსენდა - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პრეზიდენტობის კანდიდატების სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძის და დავით ბაქრაძის ტელედებატები დაანონსა. სოციალურ ქსელში საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ამ დებატებში არაა ნავარაუდევი დავით უსუფაშვილის მონაწილეობა. მეტიც, მათ საზმაუსაგან ამ ფორმატში უსუფაშვილის მონაწილეობა მოითხოვეს, მაგრამ ამაოდ.

გამოდის, „ოცნებას“ მეორე ტურში მართლაც „ნაცების“ კანდიდატის ხილვა სურს, ვიდრე ვინმე სხვისი?

- რა თქმა უნდა. ვიმეორებ - „ქართული ოცნება“ ცდილობს ზურაბიშვილის, ვაშაძისა და ბაქრაძის კანდიდატებით შემოფარგლოს მთელი საპრეზიდენტო კამპანია და აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მოსახლეობამ მხოლოდ ამ სამი კანდიდატის ირგვლივ ატრიალოს.

თუ ქართული საზოგადოება შეძლებს, რომ მეორე ტურში ზურაბიშვილის კონკურენტი იყოს უსუფაშვილი, მაშინ, „ოცნება“ არჩევნებს წააგებს

როგორც ჩანს, ამ არჩევნებზე „ოცნება“ 2020 წლის საპარლამეტო არჩევნებზეც ფიქრობს და ცდილობს 2020 წლისთვისაც თავის პარტნიორად შეინარჩუნოს „ნაცმოძრაობა“ რომ შემდეგ არჩევნებზეც ჰქონდეს წარმატების შანსები.

ძალიან ნათლად და ხილულად ჩანს, რომ „ოცნებას“ სწორედ ამ პროცესიდან სურს განდევნოს ყველა კანდიდატი, მათ შორის კი განსაკუთრებით დავით უსუფაშვილი. ასეა იმის გამო, რომ დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში უსუფაშვილი ის პერსონაა, რომელსაც შეიძლება მხარი დაუჭიროს „ოცნებისაგან“ წასულმა ამომრჩეველმა.

ანუ იმ ამომრჩეველმა, რომელიც მუდმივად „ოცნების“ ამომრჩეველი იყო, მაგრამ დღეს ან ნეიტრალურია ან არჩევნებზე არ აპირებს მისვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნებამ“ ეს ამომრჩეველი დაკარგა.

თუ „ოცნების“ მიერ დაკარგული ამორჩეველი არჩევნებზე მივიდა, მათი 90% ხმას უსუფაშვილს მისცემს. ეს კი პირველი ტურის შედეგებთან დაკავშირებით პრობლემას მმართველ გუნდს შეუქმნის.

ამ არჩევნებში „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტობისთვის კი არ იბრძვიან, არამედ თავისი ელექტორატის დასაბრუნებლად. როგორც ჩანს, ეს „ოცნებას“ კარგად ესმის, ამიტომ რაც არ უნდა ყირაზე დადგეს მთელი სოციალური ქსელი, მმართველი გუნდი საზმაუში საპრეზიდენტო კანდიდატების ტელედებატებზე უსუფაშვილს არ მიუშვებს.

ამ არჩევნებში „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტობისთვის კი არ იბრძვიან, არამედ თავისი ელექტორატის დასაბრუნებლად

უსუფაშვილი რომ საზმაუს ეთერში ზურაბიშვილის, ვაშაძისა და ბაქრაძის გვერდით აღმოჩნდეს, ყველა კითხვაზე პასუხისას გამოჩნდება, რომ იგი თავის კონკურენტებზე ერთი თავით მაღლა დგას. საზმაუზე ეს დებატები იმისთვის კი არ იმართება, რომ მოსახლეობამ სწორი არჩევანი გააკეთოს, არამედ იმისთვის, რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ შეაშინონ ხელისუფლებაში „ნაციონალების“ დაბრუნებით.

- რამდენიმე დღის წინ დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსს“ განუცხადა - „ჩვენთან საპრეზიდენტო არჩევნები აღარ ტარდება და მიმდინარეობს ბრძოლა ძალაუფლებისათვის წესების გარეშე ... თუ ამ ბრძოლაში გამარჯვებული ჯერ არ ვიცით, დამარცხებული ვიცით და ეს იქნება ქვეყანა, საქართველო და ქართველი ხალხი“.

სამწუხაროდ, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით აშკარად არაოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა იმისათვის, რომ უსუფაშვილის არაოპტიმისტური პროგნოზი არ გამართლდეს?

- ამომრჩეველი უნდა მივიდეს არჩევნებზე და არ მისცეს საშუალება არც „ოცნებას“ და არც „ნაციონალებს“ პოლიტიკური ასპარეზი მხოლოდ მათ ჰქონდეთ დაპყრობილი. ხმა მისცეს იმას, ვინც მოსწონს. მათ არ უნდა იფიქრონ იმაზე, რომ თუ ისინი ხმას უსუფაშვილს მისცემენ, ამით დიდი უბედურება მოხდება. „ოცნებასაც“ და „ნაციონალებს“ თავისი მყარი ამომრჩეველი ჰყავთ.

უსუფაშვილისთვის ხმის მიცემით საზოგადოება ხელისუფლებას ეტყვის, რომ იგი პოლიტიკურად გაიზარდა, არც „ოცნების“ და არც „ნაცების“ შანტაჟს არ ექვემდებარება და აღარ სურს პოლიტიკურ ინტრიგებში მონაწილეობა.

უსუფაშვილისთვის ხმის მიცემით საზოგადოება ხელისუფლებას ეტყვის რომ იგი პოლიტიკურად გაიზარდა, არც „ოცნების“ და არც „ნაცების“ შანტაჟს არ ექვემდებარება და აღარ სურს პოლიტიკურ ინტრიგებში მონაწილეობა

თუ ამ არჩევნებზე ამგვარი ამომრჩევლის რაოდენობა დიდი იქნა, ხელისუფლება იძულებული იქნება რეალურად დაფიქრდეს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და შიდა პოლიტიკაში რეალური ნაბიჯები გადადგას იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებითად შეიცვალოს ვითარება.

ამ არჩევნებზე ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ 2020 წელს საზოგადოებას „ნაციონალებით“ ან მათი განაყოფით ვერ დააშანტაჟებს და საზოგადოება ქართულ პოლიტიკაში ამ ორი ძალის დომინანტობას არ დაუშვებს.

თუ ქართული საზოგადოება დროზე არ გამოფხიზლდება, ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში იმაზე ცუდად წარიმართება, ვიდრე ახლა წარმოდგენა შეიძლება.

„ინტერპრესნიუსი’

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს