ბათუმში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ სოფლის ტურიზმის II საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, 150-მდე უცხოელი და ქართველი დელეგატები მსოფლიოს 6 ქვეყნიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან განიხილავენ თემას - „სოფლის ტურიზმი, როგორ ბიზნესი“. კონფერენცია გახსნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა, რის შემდეგაც სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სულხან ღლონტმა რეგიონში სოფლის ტურიზმის განვითარებასა და მის პესპერქტივებზე გაამახვილა ყურადღება.
„აჭარაში სოფლის ტურიზმი დინამიურად ვითარდება და მთიანი აჭარის მიმართ ინტერესი ტურისტებში ყოველწლიურად იზრდება. მაგალითისთვის, გასულ წელს 98%-ით იყო გაზრდილი მთაში ტურისტების რაოდენობა და წელს ამ პროცენტული მაჩვენებლის გაუმჯობესებას ველოდებით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ მთაში არსებული ტურისტული მარშრუტების განვითარებისა და ტურისტულ ობიექტებში სერვისის გაუმჯობესების კუთხით. ბოლო ორი წლის განმავლობაში, აჭარაში 1000-მდე ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანს ჩავუტარეთ ტრენინგები და მთაში 15-მდე ტურისტული მარშრუტის განვითარება შევძელით. რაც შეეხება უშუალოდ კონფერენციას, ეს ძალიან კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ საერთაშორო და ქვეყნის შიგნით არსებული გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს. წარმატებული მაგალითები, რომლის შესახებაც ჩვენი გამომსვლელები საუბრობენ მოიტანს მეტ ინფორმაციას და მეტ მოტივაციას, რათა უფრო ეფექტურად მოვახდინოთ რეგიონში სოფლის ტურიზმის განვითარება-გააქტიურება“, - განაცხადა სულხან ღლონტმა.
სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის პირველი დღე დაეთმო ქვეყნისა და მის ფარგლებს გარეთ სოფლად წარმატებული ტურისტული ბიზნესის შესახებ მომზადებულ პრეზენტაციებს, რომლებიც ქართველმა და უცხოელმა სტუმრებმა წარმოადგინეს. მათ საკუთარი გამოცდილება წარმატებული ტურისტული ბიზნესის წარმოების მიმართულებით სტუმრებს გააცნეს. აჭარაში სოფლის ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური პრეზენტაცია წარმოადგინა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემაც.
კონფერენციის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ, როგორებიცაა სოფელი და სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი; ბიზნესი და შემოსავლის წყარო; ინოვაციური სერვისები და ტურისტული პროდუქტები სოფლად; სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები აჭარის რეგიონში; ქართული სტუმართმასპინძლობა, როგორც ბიზნესი; სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები; სახელმწიფო პროგრამები სოფლის ტურიზმის განვითარების კუთხით საქართველოში და სხვა ქვეყნებში; ტურისტების მოზიდვა სოფლად და რეკლამირება.
კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე ჯამში 31-მდე მოხსენება/პრეზეტაცია ჩატარდება, რომელთა უმრავლესობაც სოფლად არსებულ წარმატებულ ტურისტულ პროდუქტებსა და ბიზნესს მიეძღვნება. სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მეორედ ტარდება და ის ხვალ მთიან აჭარაში გასვლითი ტურით დასრულდება.

























