აბაშის მერია - თხილის მავნებლებთან ბრძოლა „კარდაკარის“ პრინციპით იწყება

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში, თხილის კულტურის გადარჩენის მასშტაბური ღონისძიებების გეგმის განხილვას დაესწრო. აბაშის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, სოფლის მეურნეობის დარგის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.
ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივა სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტების, ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ,,თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ წარმომადგენლებისაგან შექმნილი ჯგუფების ,,კარდაკარ“ სიარულის პრინციპით მუშაობას მოიცავს. პროცესში ჩაერთვებიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა ,,ფერერო“ და ,,ოლორი“. თხილის მავნებლებთან ბრძოლის კამპანია უახლოეს დღეებში, სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ დაიწყება. სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილნი იქნებიან მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლები, სოფლების რწმუნებულები, საკრებულოს წევრები, ექსპერტები და მეცნიერები.
შეხვედრაზე გუბერნატორმა, აბაშის მუნიციპალიტეტში ფაროსანასთან ბრძოლის დადებით შედეგებზე ისაუბრა და ამ კუთხით გატარებულ ღონისძიებებში, უშუალოდ მერის, ლევან მაკალათიასა და მერიის თანამშრომლების ჩართულობას გაუსვა ხაზი.

























