რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან სამი მოზარდი ამ დრომდე კლინიკაში რჩება

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან სამი მოზარდი ამ დრომდე კლინიკა „რუსთავში“ რჩება. ექიმების ინფორმაციით, მათ გუშინ ოპერაციები ჩაუტარდათ, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან.
კლინიკა „რუსთავში“ გუშინ სულ 11 დაშავებული გადაიყვანეს, მათგან ორი თბილისში, ბოკერიას სახელობის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. 9 წლამდე ასაკის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, რაც შეეხება მეორე მოზარდს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავის მე-19 მიკრორაიონის #14 საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ავტოფარეხის დემონტაჟის დროს ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

























