ქართული პრესის მიმოხილვა 23.10.2018

დიდი იგნორი - ივანიშვილთან ინტერვიუს სამი შერჩეული არხიდან ლაივში მარტო ერთი გაუშვებს

“ვაშაძე სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას რჩეულია” - მამრაძე

სოფლების შემდეგ საქართველოში პატარა ქალაქები ცარიელდება

* * *

დიდი იგნორი - ივანიშვილთან ინტერვიუს სამი შერჩეული არხიდან ლაივში მარტო ერთი გაუშვებს

“ამ ცხელი წინასაარჩევნო კამპანიის ფინალში ბიძინა ივანიშვილი მედიით პირველად ჩნდება, თუმცა საკუთარი პირობებით, რამაც ჟურნალისტებში დიდი უკმაყოფილებაც გამოიწვია და როგორც ტელეკომპანია “კავკასიის” მფლობელმა ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, ეს არის “ჟურნალისტი გამოძახებით”, რაც ივანიშვილის მიერ შეპირებულ “გასაოცარ დემოკრატიას” არ უხდება. მეტიც, “რუსთავი 2”-მა და “ტვ პირველმა” გამომწვევად დააიგნორეს ექსპრემიერის შეთავაზება - გარდა იმისა, რომ ინტერვიუერი შეცვალეს, ეს შეხვედრა პირდაპირი ეთერის ღირსადაც არ ჩათვალეს... “ლაივი, ცხადია, არ იქნება, არ არის ინტერესის სფერო, ბიძინა ივანიშვილი რას ილაპარაკებს საარჩევნოდ”, - თქვა ნიკა გვარამიამ. “ტვ პირველის” განცხადებით კი, საეთერო ბადე უკვე შედგენილია და ცვლილებას ვერ შეიტანენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დიდი იგნორი - ივანიშვილთან ინტერვიუს სამი შერჩეული არხიდან ლაივში მარტო ერთი გაუშვებს.

“ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა სამ კონკრეტულ ტელევიზიას გაუგზავნა შეთავაზება, რომ ივანიშვილი სამშაბათს, 22 საათზე, ინტერვიუზე იწვევს პოლიტიკური თოქშოუების წამყვანებს, “იმედიდან” ირაკლი ჩიხლაძეს, “რუსთავი 2”-დან გიორგი გაბუნიას და “ტვ პირველიდან” ინგა გრიგოლიას. “იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქშოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს”, - აღნიშნავენ პარტია “ქართულ ოცნებაში”. ამასთან, პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერესებულ მედიასაშუალებას მიაწვდის. “ტვ პირველმა” და “რუსთავი 2”-მა განაცხადეს, რომ დასახელებულ ჟურნალისტებს 22 საათზე თოქშოუები აქვთ და ამიტომ თავად გადაწყვეტენ, ვინ გააგზავნონ ინტერვიუზე, ხოლო გადაცემა პირდაპირ ეთერში მათ არხზე არ გავა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან კითხვების დასასმელად სამი ჟურნალისტი მიდის - ეკა კვესიტაძე, დიანა ტრაპაიძე და ირაკლი ჩიხლაძე, ეს გადაცემა კი გავა “იმედზე”, თოქშოუ “პირისპირის” ნაცვლად. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სამი ტელეარხისა და სამი კონკრეტული ჟურნალისტისადმი შეთავაზებამ ჟურნალისტების უკმაყოფილება გამოიწვია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გადაცემა “რეაქციის” წამყვანი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ივანიშვილის მიერ შემოთავაზებულ დროს მას გადაცემა აქვს და “გამორიცხულია, დაგეგმილი ინტერვიუს გამო საკუთარი ეთერი ჩააგდოს”. ტელეკომპანია “კავკასიის” მფლობელი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი “ფეისბუქში” წერს, რომ ივანიშვილის შეთავაზება მიუღებელია, რადგან ეს ჰგავს ქცევას “ჟურნალისტი გამოძახებით”. “როცა შენ თვითონ წყვეტ, რომელ საათზე და ვინ გინდა, შენგან ინტერვიუ აიღოს და შეტყობინების სახით უგზავნი სამ არხს ინფორმაციას, რომელი ჟურნალისტების ნახვა გესიამოვნებოდა, ეგ უკვე "ჟურნალისტი გამოძახებით” გამოდის და “გასაოცარ დემოკრატიას” არ უხდება. როდესაც სამ არხს არჩევ რეიტინგის მიხედვით, ესე იგი ირჩევ არხს და არა ჟურნალისტს. შესაბამისად, პირობების კარნახი, რომელი ჟურნალისტი უნდა მოვიდეს შენთან ინტერვიუზე, გაუმართლებელია”, - წერს ჯანგირაშვილი. მისივე თქმით, ასევე გაუგებარია ფორმატი, რადგან ერთი ჟურნალისტისთვის ინტერვიუს მიცემა არის გადაცემა, თუ რამდენიმე ჟურნალისტია, ეს, პრაქტიკულად, პრესკონფერენციაა”, - განაგრძობს გამოცემა.

“თუ გადაცემაა, მაშინ რა უფლებით იღებთ მოწყალებას და დანარჩენ არხებსაც გვთავაზობთ ინტერვიუს ეთერში ჩართვას. იმ სამ არხს აღარ ეკითხები? და თუ პრესკონფერენციაა, მაშინ მხოლოდ სამ, თუნდაც ყველაზე რეიტინგულ არხს რატომ ირჩევ? ქალბატონ სალომეს დავესესხები და ივანიშვილის მცდელობა, ერთმანეთთან “შეტ...ნას” ინტერვიუ, გადაცემა, პრესკონფერენცია, არის სულელური წამოწყება და ერთადერთ მიზანს ემსახურება - ერთდროულად დაიპყროს ყველა არხის ეთერი წინასაარჩევნოდ და მიიღოს მაქსიმალური წვდომა მოსახლეობაზე. აბა, მხოლოდ ვასილის (მაღლაფერიძის) 3%-ის იმედად ეს არ გამოვა. რეალურად, ის ცდილობს უკარნახოს მედიას საკუთარი პირობები”, - წერს ჯანგირაშვილი. ივანიშვილის პირობა მიუღებელია “რუსთავი 2”-ისთვისაც. არხის გენდირექტორ ნიკა გვარამიას განცხადებით, გაუგებარია, რატომ არის მიწვეული მხოლოდ სამი ტელეკომპანია და რატომ არ არიან მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი ან “კავკასია”, - დასძენს გამოცემა.

“გარდა ამისა, გვარამია აცხადებს, რომ გიორგი გაბუნია ვერ მიიღებს მიწვევას, რადგან გადაცემა “არჩევანი” აქვს, თუმცა “კვირის აქცენტების” წამყვან ეკა კვესიტაძეს შეუძლია ინტერვიუზე მისვლა, თუკი ამას ივანიშვილი დათანხმდება. გვარამია ივანიშვილს “კვირის აქცენტებშიც” ეპატიჟება. “ლაივი, ცხადია, არ იქნება, არ არის ინტერესის სფერო, ბიძინა ივანიშვილი რას ილაპარაკებს საარჩევნოდ, საპროგრამო სიტყვას თუ ასე შემდეგ. თუ მას უნდა ლაივში განსაკუთრებით მწვავე ინტერვიუ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ფორმატი “ჰარდ თოქი” - ეს არის “კვირის აქცენტები”. მე და ეკა დიდი სიამოვნებით მივიღებთ მას”, - ამბობს გვარამია, რომლის თქმით, “ეს არ იქნება მისთვის მსუბუქი გასეირნება, მაგრამ იქნება საინტერესო მისთვისაც, ჩვენთვისაც და მაყურებლისთვის”, - წერს სტატიის ავტორი.

“ვაშაძე სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას რჩეულია” - მამრაძე

“არჩევნების მიმართ საზოგადოების ინტერესი ძალიან დაბალია. თუ მოსახლეობის ნახევარზე მეტი მივიდა, მაშინ სალომე ზურაბიშვილი 50%-ზე ცოტა მეტს აიღებს, “ოცნება” აცხადებს, რომ 53%-იო, როგორც ჩანს, ასე დაითვალეს, რადგან მეტის იმედი არ აქვთ. თუ სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა, მეორე ტურში მაინც გაიმარჯვებს, ანუ დიდი ალბათობით გაიმარჯვებს არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ მმართველი გუნდის ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი. “ნაცმოძრაობას” ხმას მისცემს ამომრჩევლის 13%-ი, ეს მისი ორგანიზებული ელექტორატია. იმ შემთხვევაში თუ არჩევნებზე მოსახლეობის ნახევარი მივა, მაშინ ეს 13%-ი 26%-ი გახდება”, - აცხადებს პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მოცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვაშაძე სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას რჩეულია” - მამრაძე.

“ნაცებს” კარგად ესმით საკუთარი რესურსების სიმწირე და უარი თქვეს იმ მაშტაბურ აქციებზე, რომელიც გამოცხადებული ჰქონდათ. ალბათ სააკაშვილიც დაარწმუნეს, რომ ხალხს ვერ შეაგროვებდნენ და ეს იქნებოდა მათი უსუსურობის დემონსტრირება. რაც შეეხება მათ კანდიდატს, ვაშაძე პირადად სააკაშვილის, უფრო მისი ბიძის თემურ ალასანიას რჩეულია, ორივე რუსეთის მოქლაქე იყო და ერთად მუშაობდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. როგორც მე ვიცი, “ნაცებს” ვაშაძე ნამდვილად არ უნდოდათ. მაგრამ საბოლოოდ მასზე შეჯერდნენ. ამიტომ იყო, რომ სააკაშვილი თავისი გუნდის წევრებს ამსტერდამში იბარებდა და ყველას არწმუნებდა, რომ ვაშაძე უნდა ყოფილიყო საპრეზტიდენტო კანდიდატი. “ევროპულ საქართველოს” ნულოვანი შანსი აქვს, ისინი არჩევნებში გამარჯვებისთვის არც იბრძვიან, მოვალეობას იხდიან, თავისი კანდიდატი რომ არ დაეყენებინათ, ეს სისუსტის ნიშანი იქნებოდა. ბოკერია-უგულავს ბევრად ურჩევნია “ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვოს, ვიდრე სააკაშვილის კანდიდატმა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლას, სააკაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს, დილით, ქართულად განაცხადა, რომ არჩევნების დღეს თბილისში სარფიდან შემოვიდოდა. საღამოს კი უკრაინის ტელევიზიით რუსულად განაცხადა, რომ საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ ჩავიდოდა. ამიტომ არასერიოზულია მსჯელობაც კი იმაზე, რომ სააკაშვილი თავისი ნებით ჩამოვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოვა, თუ ტელევიზიით დაინახავს, რომ აეროპორტში 500 ათასი კაცი დგას მის დასახვედრად და “მიშა-მიშას” ყვირიან, ხელისუფლება გაქცეულია და მის მხარდამჭერები როგორც ტრიუმფატორს ხელში აყვანილი სასახლისკენ მიარბენინებენ. ამ ფანტაზიით ცხოვრობს დღესაც სააკაშვილი”, - განაგრძობს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე - “ფარულმ ჩანაწერებმა უამრავი კითხვა გააჩინა “ოცნების” ხელისუფლების მიმართ და პარტიის თავმჯდომარემ მინიმუმ შეფასება მაინც უნდა გააკეთოს, რა ხდება...” - პასუხობს:

“თქვენ და მე ამ ჩანაწერებს ვერ მოვიპოვებთ, ჩანაწერებზე ხელი მიუწვდება ორ ძალას - “ნაცებს” და “ქოცებს”. გვარამიამ ხომ ღიად თქვა, ყველა სტრუქტურაში გვყავს მხარდამჭერები და ინფორმატორიო. ამ ჩანაწერებით დადასტურდა ის, რაც ბევრმა ისედაც იცოდა, რომ ფარცხალაძის რეალური გავლენა დღესაც არის პროკურატურაში და რომ მმართველი დაჯგუფება პატრონ-ყმური პრინციპით არის აგებული, სადაც პატრონად ივანიშვილს მოიაზრებენ... არც იმ ჩანაწერის ავთენტურობაზე არ მეპარება იოტისოდენა ეჭვი, სადაც სააკაშვილის უკანონო და სისხლიანი ბრძანებების შემსრულებლები ამზადებენ პატარკაციშვილის მკვლელობას. რაც შეეხება იმას, გააკეთებს თუ არა ამ მოვლენებზე შეფასებას ივანიშვილი, არა მგონია, რომ მისი გამოსვლა არჩევნებამდე მომგებიანი იყოს მმართველი გუნდისთვის”.

სოფლების შემდეგ საქართველოში პატარა ქალაქები ცარიელდება

“საქართველოს ქალაქების უმეტესობა ფუნქციას კარგავს. თითქმის ყველა მათგანი, რომელიც ინდუსტრიული ზონა, ან ტურისტული ცენტრი არ არის, მოსახლეობისგან იცლება. ქვეყანაში ასეთი რეალობაა - არათუ სოფლებიდან გარბის ხალხი, არამედ პატარ-პატარა ქალაქები თვალსა და ხელს შუა ცარიელდება. ბევრ ქალაქში, როგორიცაა ტყიბული, ამბროლაური, ონი, ოზურგეთი, ჩოხატაური, სენაკი, ხობი, ჩხოროწყუ, წყალტუბო, ხონი, ცაგერი, დმანისი, წალენჯიხა და სხვა, ხალხს უკიდურესად უჭირს. არის ქალაქები, სადაც, ფაქტობრივად, 60 წლის წინანდელი ვითარებაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სოფლების შემდეგ საქართველოში პატარა ქალაქები ცარიელდება / “რა უნდა ქნას ოთახში გამოკეტილმა ოჯახმა, რომელსაც მიწის ნაგლეჯიც კი არა აქვს?”

“ოდნავ უკეთესი ვითარებაა სამტრედიაში, რომელიც დღესაც რკინიგზის კვანძად ითვლება. ზუგდიდი სამხარეო ადმინისტრაციის ცენტრია და იქ ხალხი მეტ-ნაკლებად ნორმალურ პირობებში ცხოვრობს. მესტიას ტურისტული ნიშა უჭირავს და ადგილობრივებს თავის რჩენა სეზონურად მაინც შეუძლიათ. კახეთი მეღვინეობის მხარეა და მისი ქალაქები, სხვებისგან განსხვავებით, ვითარდება. საჩხერეს ახალი სიცოცხლე ბიძინა ივანიშვილის პროექტებმა შესძინა და ვითარება სტაბილურია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში პატარ-პატარა ქალაქები მასობრივად დაიცლება. სოციოლოგ პაატა აროშიძის განცხადებით, ეს პროცესი დაწყებულია და მალე ვითარება ამგვარ დასახლებულ პუნქტებში უკიდურესად დამძიმდება. “პატარა ქალაქებს საქართველოში ძალიან უჭირთ. მხედველობაში მაქვს დღევანდელი ვითარება ტყიბულში, ჭიათურაში, ოზურგეთში, ჩოხატაურსა და საკმაოდ ბვევრ ქალაქში. ვერ ვიტყვით, რომ მათი ყველა მცხოვრები ემიგრირებულია დიდ ქალაქებსა და საზღვარგარეთ. ზოგს ახლომდებარე სოფელში აქვს მიწის ნაკვეთი, მამაპაპისეული სახლ-კარი ან კიდევ აგარაკი და სხვა, რასაც მეტ-ნაკლებად იყენებენ”, ამბობს სოციოლოგი, რომლის თქმით, მაგალითად, ჭიათურის მცხოვრებთა უმეტესობას სოფელი არ აქვს, არც სამუშაო ადგილია და ასეთ დროს იმისთვის, რომ იქაური ადამიანი გადარჩეს და არჩინოს ოჯახი, რომელიმე დიდ ქალაქში უნდა წავიდეს ან კიდევ ბედი ემიგრაციაში ეძებოს. ადამიანის თვითგადარჩენის ინსტიქტიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ ასე ხდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მაღალმთიან სოფლებში დაწესებულ შეღავათს არ შევეხები, მაგრამ ვიცით, რომ დიდი უპირატესობა ენიჭება ბიზნესის დაწყებას მთიან რეგიონში. ამ პირობებს თუ შევადარებ პატარა ქალაქებში არსებულ ვითარებას, მთის უპირატესობა გამოიკვეთება. ბარის ზოგიერთ სოფელში და ქალაქში ისეთ პირობებში ცხოვრობენ, როგორიც მათ წინაპრებს 60 წლის წინ ჰქონდათ. პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით, რომ აქვთ ელექტროენერგია და ტელევიზორის ყურება შეუძლიათ. მკაცრი სოციალური პირობები ადამიანს აიძულებს, შემოსავალი ეძებოს. ამის სურვილი სოფლებშიც კი უჩნდებათ და როგორ შეიძლება, პატარა ქალაქში გამოკეტილ ადამიანს არ გაუჩნდეს? ესენია უფუნქციო პატარა ქალაქები, რომლებსაც ადრე ჰქონდათ რაღაც დანიშნულება, მაგრამ დღეს არავითარი დატვირთა არ შერჩათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას პაატა აროშიძე.

“ქალაქების მოსახლეობისგან დაცლაში მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რამდენადაც მან ვერ შექმნა ცხოვრების შესაბამისი გარემო, რაც ხალხს მშობლიურ ქალაქში დარჩენის მოტივაციას მისცემს. რეგიონებში ბიზნესი ვერ განვითარდა. ჭიათურა რომ ავიღოთ, იქ მცხოვრები მაღაროში თუ არ მუშაობს, ჩვეულებრივ კომუნალურ ბინაში ვერაფერს გააკეთებს, ამიტომ ახალ საცხოვრისს და უკეთეს პირობებს ეძებს. ყველა შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფოს დადანაშაულება, რადგან მან მოქალაქეებს ცხოვრების შესაბამისი გარემო უნდა შეუქმნას. არ მესმის, რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს წყალტუბოს. სავარაუდოდ, არავითარი! უჭირთ ჩოხატაურშიც, ადამიანი იქ ვერაფერს გააკეთებს. თუკი გამოსავალზე ვსაუბრობთ, პირველი, რაც გონებაში მოუვა, ისაა, რომ აიკრას გუდა-ნაბადი და წავიდეს აქედან. ბევრი ასეც იქცევა. სოციალური პირობები თუ არ გაუმჯობესდა, პატარა ქალაქებში დარჩენა აზრს კარგავს. იქ გაძლება წარმოუდგენელია”, - გამაგრძობს რესპონდენტი.

“სპეციალისტების ვარაუდით, კიდევ უფრო დამძიმდება ვითარება იმერეთში, კერძოდ, ტყიბულში, თუკი შახტის მუშაობა დროზე არ განახლდება. სხვა ქალაქებში კი ეს პერსპექტივაც არ არის. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე საუბრობს იმაზეც, რომ მეზობელ სახელმწიფოებში სეზონურად დასაქმებულთა რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს. დემოგრაფ ავთო სულაბერიძის აზრით, სოფლებზე მეტად მოსახლეობის დაცლის საფრთხე პატარა ქალაქებს ემუქრება”, - წერს სტატიის ავტორი.

“შახტმა თუ არ იმუშავა, ხალხმა საერთოდ რა უნდა აკეთოს ტყიბულში, უმძიმესი ვითარებაა. ასეთ შემთხვევაში ადამიანებს ელემენტარული არსებობის საშუალებაც არ ექნებათ. დაუშვებელია, ეს ვითარება დიდხანს გაგრძელდეს. ვიტყოდი, რომ აჭარაში ინვესტიციები არის და ხალხი დასაქმებულია, მაგრამ დიდი ნაწილი როგორც გურიიდან, ასევე აჭარის ქალაქებიდან და სოფლებიდან სამუშაოდ თურქეთში გადის. ეს ტენდენცია არსებობდა და კიდევ გაგრძელდება. ყოველთვის წავა ხალხი იმ ადგილებიდან, სადაც არ არის საშუალება, თავი ირჩინონ და ასეთია ქალაქების დიდი ნაწილი საქართველოში. არ არის ნორმალური მდგომარეობა და გარბიან. ზოგიც სეზონურად მიდის მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ თუ წარმოება არ განვავითარეთ, არაფერი გვეშველება. ყოველწლიურად ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა მატულობს, დაბრუნებულთა კი - არა. ძალიან ბევრ პატარა ქალაქს დღესდღეობით ფუნქცია საერთოდ არ აქვს. ამიტომ ვამბობ, რომ ხალხს ვერ გავაჩერებთ და გაქცევა არც გაემტყუნებათ. მიდიან იქ, სადაც შეიძლება, სამუშაო იპოვონ. მიდიან უცხოეთშიც ისე, რომ უკან მოხედვაც არ უნდათ”, - აღნიშნავს ავთო სილაგაძე.

“მთის სოფლებსა და ქალაქებში კიდევ ნაკლებია შიმშილის საფრთხე, რადგან ხალხს საკუთარი მეურნეობები აქვს. შეიძლება ნაკლები მოსავალი ჰქონდეთ, მაგრამ თავს მეტ-ნაკლებად გაიტანენ. ამ მხრივ ბარის საშუალო და პატარა ქალაქებში მეტი პრობლემაა - არ აქვთ დამხმარე მეურნეობა, დამოკიდებული არიან სამსახურსა და ხელფასზე. როგორც ვიცით, შემოსავალი არ იზრდება, ხოლო სამუშაო ადგილები არ არის. ამდენად, ქალაქებს უფრო უჭირს. ლარის გაუფასურების გამო მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ფასები მატულობს და ხალხს შესაძლებლობა არ აქვს, რომ ელემენტარული მოთხოვნა დაიკმაყოფილოს, რაც არსებობისთვის სჭირდებათ. ამიტომ შიმშილობის დაწყება ქალაქებში უფრო რეალურია, ვიდრე სოფლებში, რაც მაფიქრებინებს, რომ ლუკმაპურის საშოვნელად საკმაოდ ბევრ ადამიანს მოუწევს პატარ-პატარა დასახლებების მიტოვება”, - დაასკვნის ავთო სულაბერიძე.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ