თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში კვლევითი ინსტიტუტის მშენებლობის პროცესს გაეცნო

ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი ცენტრის მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ქობულეთის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში მცენარეთა დაცვისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები განხორციელდება.

კვლევითი ინსტიტუტის სამსართულიანი შენობა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურითაა აჭურვილი. ასევე, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და ენერგოეფექტურობის პრინციპებიდან გამომდინარე ინოვაციური საშენი მასალაა გამოყენებული.

„განათლება ჩვენი მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტია და ვფიქრობ, რომ განათლებაში და მეცნიერებაში ჩადებული ინვესტიცია უმნიშვნელოვანესია როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს, მეცნიერებს, მკვლევარებს შესაძლებლობა მიეცემათ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები მცენარეთა დაცვისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ ცენტრში განახორციელონ,“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტისათვის 1 მილიონ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული. აქედან, 810 700 ათასი ლარი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით. მშენებლობა ქობულეთში დაახლოებით 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს, რომელიც აჭარის ა.რ. მთავრობამ უნივერსიტეტს 2014 წელს გადასცა.

კვლევითი ცენტრის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

ცენტრის მშენებლობა მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და კვლევითი ცენტრის დირექტორმა გურამ მემარნემ დაათვალიერეს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს