პრემიერმა რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემია გახსნა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემია გახსნა. გახსნის ცერემონიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა. ქალაქ რუსთავში 6 ჰექტარზე განთავსებულ საფეხბურთო აკადემიაში ორი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ფუნქციონირებს. ინდივიდუალური განათების სისტემა სამ მოედანს მოემსახურება. ტერიტორიაზე ორი შენობა განთავსდა.
აკადემიაში ამ ეტაპზე დაახლოებით 60 ბავშვი იცხოვრებს. მათთვის აღნიშნულ კომპლექსში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის პირველი შენობა სულ 108 ადამიანზეა გათვლილი. აქ მოზარდებისთვის როგორც საძინებელი ოთახები, აგრეთვე გასართობი კუთხეა წარმოდგენილი. აღნიშნულ ტერიტორიაზე სასადილო, სასწავლო აუდიტორია, საკონფერენციო დარბაზი და უსაფრთხოების ოთახია განთავსებული.
აკადემიის ტერიტორიის, ფართობისა და კლიმატის გათვალისწინებით, კომპლექსი სრულად გამწვანდება - მოედნებს შორის არსებული თავისუფალი სივრცეები გამწვანების ზოლით შეივსება. ტერიტორიაზე არსებულ მეორე შენობაში განთავსებულია სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები და საშხაპეები, სათავსოები, სანიტარული კვანძები და სამედიცინო კაბინეტები. აკადემიის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება როგორც ასაკობრივი ნაკრებების საწვრთნელი შეკრებების გავლა, ისე ამხანაგური მატჩების გამართვა. პროექტის სრული ღირებულება დაახლოებით 20 მილიონ ლარს შეადგენს.

























