თეიმურაზ მეფის პორტრეტი ხვალიდან დამთვალიერებელს ელოდება

დღეს ხელოვნების სასახლეში უნიკალური ექსპონატის, ცნობილი მხატვრის ალექსანდრე ანტროპოვის მიერ შესრულებული თეიმურაზ მეფის პორტრეტის დაბრუნებასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა. მიღებას კულტურის მოღვაწეები და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.

სასახლე ხვალიდან დამთვალიერებელს სამეფო საგანძურის სანახავად ელოდება - ფერწერული ნამუშევარი 257 წლის შემდეგ საქართველოს დაუბრუნდა. 2 დღის განმავლობაში მუზეუმის კარი ღია იქნება ყველა დამთვალიერებლისთვის და სამშობლოში დაბრუნებული პოეტი მეფის პორტრეტის ნახვა ყველა მსურველს უსასყიდლოდ შეეძლება.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელობის და ღირებულების ექსპონატის ქვეყანაში დაბრუნება პირველი შემთხვევაა. თეიმურაზ მეფის პორტრეტი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახისა და კოლექციის შემადგენელი ნაწილია. პორტრეტის საქართველოში დაბრუნება ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ დახმარებით მოხდა.

ხელოვნების სასახლის ექსპერტებმა პორტრეტის შესასყიდად 1Stdibs გალერეასთან დაიწყეს მოლაპარაკება. ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია დაუკავშირდა ფონდ „ქართუს“, რომელმაც სრული - ფინანსური და ორგანიზაციული დახმარება გასწია ნახატის შესაძენად. საბოლოოდ, უნიკალური პორტრეტი „ქართუ ფონდმა“ 38,400 აშშ დოლარად შეისყიდა და ხელოვნების სასახლეს გადასცა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით უნიკალური განძი უსაფრთხოდ დაბრუნდა სამშობლოში. ნახატს საქართველოშიც ჩაუტარდა პირველადი საექსპერტო დათვალიერება და სარესტავრაციო შემოწმება, რითაც სრულად დასტურდება უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნის ყველა პირობა.

თეიმურაზმა რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო, ის უკანა გზაზე შეუძლოდ გახდა და გზაშივე გარდაიცვალა და სამეფო ამალამ ქართველი მეფე ასტრახანში დაკრძალა. მას შემდეგ საქართველო არაერთხელ შეეცადა გვირგვინოსნის

სამშობლოში გადმოსვენებას, მაგრამ ეს ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა. ამდენად, პორტრეტის სამშობლოში დაბრუნება სიმბოლურია.

თეიმურაზი მეფედ 1745 წელს სვეტიცხოველში მას შემდეგ ეკურთხა, რაც 130 წლის განმავლობაში საქართველოში ქრისტიანული წესით არ კურთხეულა არც ერთი მეფე. ასევე ხაზგასასმელია, რომ 1962 წელს ასტრახანში ქართველი მეცნიერების ჩართულობით გაიხსნა მეფეების აკლდამა, რა დროსაც მეფე თეიმურაზის პრაქტიკულად უხრწნელი ცხედარი აღმოაჩინეს. მეფის ნეშტს ზუსტად ის სამოსელი ემოსა, რაც ნახატზეა გამოსახული.

1761 წლის 8 აპრილს რუსეთში მოლაპარაკებებზე ჩასულმა ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ მეორემ იმდენად მოხიბლა რუსეთის იმპერატრიცა ელისაბედი, რომ მონარქმა რუსეთის საიმპერატორო კარის ყველაზე ცნობილ მხატვარს ალექსანდრე ანტროპოვს (1716-1795) ქართველი ხელმწიფის დახატვა დაავალა.

იმავე წლის 21 ივნისს მეფე თეიმურაზმა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ტიპოგრაფია დაათვალიერა, სადაც მას ანტროპოვის ნახატის მიხედვით გაკეთებული გრავიურა საჩუქრად გადასცეს. ექსპონატის მარჯვენა კუთხეში წერია რომ ნამუშევრის გრავირება მოხდა ალექსანდრე ანტროპოვის პორტრეტის მიხედვით, ოსტატების - ვინოგრადოვისა და ეფიმოვის მიერ, 1761 წელს. თეიმურაზის გრავიურა სულ რამდენიმე ეგზემპლიარად შემორჩა, რომლებიც რუსეთის მუზეუმებშია დაცული.

აღნიშნული გრავიურა დღემდე თეიმურაზის ყველაზე ძველ და ერთადერთ გამოსახულებად ითვლებოდა. მეფის ყველა მომდევნო პერიოდის პორტრეტი (მათ შორის ეროვნულ მუზეუმში დაცული გვიანი ასლი) ზემოხსენებული გრავიურის მიხედვითაა შექმნილი.

ალექსანდრე ანტროპოვის უნიკალური ტილო დღემდე დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა მიმდინარე წლის ოქტომბერში მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ონლაინ გალერეამ 1Stdibs-მა 186 ათას დოლარად გასაყიდად გამოიტანა უნიკალური პორტრეტი, რომელზეც დახატული პირი ვინოგრადოვისა და ეფიმოვის მიერ 1761 წელს შექმნილ გრავიურაზე გამოსახული თეიმურაზის იდენტური იყო. დაემთხვა ყველა დეტალი: კოსტიუმი, გაფორმება, ორნამენტები თავსაბურავზე და სამოსზე, სახის ყველა დეტალი.

ლონდონში არსებული Daniel Hunt Fine Art გალერეის ექსპერტების სანდი მალლეტის (Sandy Mallet) და ცნობილი რესტავრატორის ფაბიო მაძოკინის (Fabio Mazzocchini) მიერ

გაცემული საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ნახატი დათარიღებული იყო 1760 წლის ახლო პერიოდით, რაც ასევე ზუსტად პასუხობდა ცნობას იმის შესახებ, რომ რუსეთის იმპერატრიცას დავალებით ქართველი მეფის პორტრეტი 1761 წელს სანქტ- პეტერბურგში დაიხატა. ამდენად, საქართველოს ხელოვნების სასახლის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ საქმე გვქონდა უნიკალურ აღმოჩენასთან, კერძოდ, მეფე თეიმურაზის ორიგინალ პორტრეტთან რომელიც დაკარგულად ითვლებოდა.

ისტორიული ძნელბედობის გამო ქართველი მეფეების სულ რამდენიმე თანადროული ფერწერული პორტრეტია შემორჩენილი. ესენია: მეფე ვახტანგ მეექვსის, მეფე ერეკლე მეორის, მეფე გიორგი მეთორმეტის და ამჯერად უკვე მეფე თეიმურაზისა.

პორტრეტის განსაკუთრებულ ღირებულებას განაპირობებს მხატვრის ვინაობაც. ალექსი ანტროპოვი რუსული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთ ფუძემდებლად და საერო პორტრეტების გამორჩეულ ოსტატად ითვლება.

ანტროპოვის ფერწერული ტილოები ძალიან მცირე რაოდენობით, დაახლოებით თხუთმეტ ნიმუშამდეა შემორჩენილი და შედევრებად არის შეფასებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს