ქართული პრესის მიმოხილვა 26.10.2018

ვინ მოიგებს ზეგ? - კვლევები დიამეტრულად განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს
“ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ვფიქრობ, რომ ეს კაცი აცდენილია საერთოდ რეალობას და წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქვეყანაში” - ძაბირაძე
“მილიონს გადავუხდი, ვინც ბიძინას მოკლავს” - მორიგი კომპრომატი სააკაშვილის ბიძის მონაწილეობით?
* * *
ვინ მოიგებს ზეგ? - კვლევები დიამეტრულად განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს
“საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე “ქართული ოცნება” სოციოლოგიური კვლევებით ბრძოლაში ერთვება და უკვე მეორე შიდაპარტიულ კვლევას აქვეყნებს იმის დასამტკიცებლად, რომ მათი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში იგებს 54%-ით. პარალელურად, მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი “ოცნების”მომხრეებს მოუწოდებს, დაივიწყონ წყენა, მობილიზება მოხდეს, აუცილებლად ყველა მივიდეს არჩევნებზე და ხმა ზურაბიშვილს მისცენ. პოლიტოლოგების შეფასებით, “ოცნება” და “ნაციონალები” წინასაარჩევნოდ რეიტინგების ბრძოლას მართავენ და ამით გარკვეული განწყობის შექმნასა და საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვინ მოიგებს ზეგ? - კვლევები დიამეტრულად განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს.
“გუშინ სოციოლოგიური კვლევა ჯერ “რუსთავი 2”-მა გამოაქვეყნა. “ედისონ რისერჩის” უკვე მესამე კვლევით, მეორე ტური გარდაუვალია, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე გადიან და მეორე ტურში ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ვაშაძესთან მარცხდება. ამ კვლევის გამოქვეყნებისთანავე “ქართულმა ოცნებამაც” გაასაჯაროვა შიდა კვლევა, სადაც პირველსავე ტურში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. ალოკაციის მიხედვით (ვისაც არჩევნებში მისვლა გადაწყვეტილი აქვს): ვაშაძე - 31%, ზურაბიშვილი - 28%, ბაქრაძე - 14%. მეორე ტურის შემთხვევაში გამოკითხულთა 44% - გრიგოლ ვაშაძეს, 29% კი სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს. ამ კვლევას “ქართულ ოცნებაში” არ ენდობიან. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ეს არის “რეალობას აცდენილი კვლევა” და საზოგადოების განწყობას “ოცნების” მიერ ჩატარებული კვლევა ასახავს. “ოცნების” დაკვეთით ჩატარებული კვლევა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გაასაჯაროვა. “ფსიქო-პროექტის” მიერ “ოცნებისათვის” ჩატარებული კვლევის მიხედვით, ე.წ. ალოკაციის გარეშე (გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან) სალომე ზურაბიშვილს აქვს - 30%, გრიგოლ ვაშაძეს - 11%, დავით ბაქრაძე - 10%, სხვა კანდიდატებს - 7%. არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას - გამოკითხულთა 42%. ე.წ. ალოკაციის გზით შედეგები ასეთია: სალომე ზურაბიშვილი - 54%; გრიგოლ ვაშაძე - 18%; დავით ბაქრაძე - 16%; სხვა კანდიდატები - 12%. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი აგროვებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე ყველა ოპოზიციური კანდიდატი ერთად აღებული, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩევლის აქტიურობის შემთხვევაში ის იმარჯვებს პირველსავე ტურში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“საგულისხმოა, რომ ამომრჩევლის მობილიზების აუცილებლობაზე ბოლო დროს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ “ოცნებაში”. პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჯერ ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, რომ აუცილებელია, “ოცნების” მხარდამჭერები არჩევნებზე მივიდნენ, რაც გაიმეორა გუშინაც, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს სპორტის სასახლეში ხვდებოდა და “ოცნების” ლიდერებიც იყვენ შეკრებილები. “დიდი ალბათობით, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, თუ მობილიზება იქნება "ქართული ოცნების" ამომრჩევლის, ქალბატონი სალომე პირველსავე ტურში აიღებს საჭირო ხმებს, მაგრამ ყველაზე პესიმისტური გათვლებით, ქალბატონი სალომე მოიგებს მეორე ტურს”, - განაცხადა ივანიშვილმა და მხარდამჭერებს მობილიზებისა და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. სამი დღის წინანდელ ინტერვიუში კი თქვა, რომ “ოცნების” ყველა მხარდამჭერმა განაწყენება გადადოს გვერდით, მივიდეს არჩევნებზე და ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი... “ყველა ძველი განაწყენება გადადეთ გვერდზე და კეთილი ინებეთ, ძალიან გთხოვდით, რომ მხარი დაუჭიროთ ქალბატონ სალომეს. ყველა კვლევა, ყველაზე პესიმისტურიც მათ რიცხვში, არსად კითხვებში არ ჩანს, რომ ქალბატონი სალომე მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებს. პირველ ტურში გამარჯვების ალბათობა არის ძალიან დიდი, თუ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები კარგ მობილიზაციას გააკეთებენ”,"- განაცხადა ივანიშვილმა. მას პარტიის წევრებსაც მიმართა, რომ “ნუ კეკლუცობენ და კეთილი ინებონ, პარტიის პოზიციას პატივი სცენ, ძალიან ღირსეული კანდიდატია ქალბატონი სალომე, ის ძალიან ბევრს იმსახურებს და მაქსიმალურად მხარი დაუჭირონ”, - განაგრძობს გამოცემა.
“ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” ერთმანეთს არა მხოლოდ განცხადებებით, დებატებით უპირისპირდებიან, არამედ სოციოლოგიური კვლევითაც და მიზანი მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებაა. “ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში სოციოლოგია იქცა პოლიტიკის და პიარის შემადგენელ ნაწილად და იარაღად. “რუსთავი 2”-ის მიერ გამოქვეყნებული ყველა კვლევა საზოგადოებას წინასწარ ამცნობს, რომ იმარჯვებს “ნაციონალური მოძრაობა” და ახლა ამას დაუპირისპირდა “ქართული ოცნება” საკუთარი კვლევით და ახლა ის ეუბნება საკუთარ ამომრჩევლებს, რომ პირველ ტურში იგებს. ყველა კვლევით იმარჯვებს ის, ვინც არის დამკვეთი. ამიტომაც კვლევებმა სანდოობა დაკარგა. ასე, რომ ეს დაპირისპირება არა მარტო დებატურია, არამედ სოციოლოგიურიც და ასახავს იმ სამწუხარო პროცესს, რაც ქართულ პოლიტიკურ წრეებში მიმდინარეობს”, - მიიჩნევს ძაბირაძე”, - დასძენს გამოცემა.
“ძაბირაის თქმით, სალომე ზურაბიშვილის პირველ ტურში გამარჯვებაში ეჭვი თავად “ოცნების” ლიდერებსაც შეაქვთ. “ეს გამოჩნდა მაშინ, როდესაც საარჩევნო ვიდეოკლიპში "ოცნების" მთელი ელიტა იყო ჩართული. ზურაბიშვილს რომ უჭირს, ეს ირიბად დადასტურდა, როდესაც ივანიშვილმა მეორე ტურის ალბათობაზე ილაპარაკა პრესკონფერენციაზე და ბოლოში ამომრჩეველს მოუწოდა, რომ კეკლუცობისთვის თავი დაენებებინათ და არჩევნებზე მისულიყვნენ ზურაბიშვილის შემოსახაზად. თუმცა ეს კეკლუცები, როგორც მათ ივანიშვილმა უწოდა, დიდად მეტი არ არის იმ სახელისუფლებო რესურსზე, რაც “ოცნებას” ისედაც აქვს. ახლა ივანიშვილის ამოცანაა, ის ამომრჩევლები მიიყვანოს არჩევნებზე, რომლებიც “ოცნებაზე” განაწყენებული არიან, ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ და არჩევნებზე მისვლას არ აპირებენ. თუმცა რა განწყობაცაა ქვეყანაში, ეს “ოცნებისთვის” ოპტიმიზმის საფუძველს მაინცდამაინც არ იძლევა და ამიტომაც გააქტიურდა ივანიშვილი მოწოდებებით, რომ ყველამ მხარი ზურაბიშვილს დაუჭიროს. ამას ემსახურებოდა სპორტის სასახლეში ამომრჩევლების მობილიზებაც. მართლაც დიდია ალბათობაა, მეორე ტური იყოს. ოღონდ თუკი ვაშაძე გავა, ის აუცილებლად დამარცხდება”, - აცხადებს ძაბირაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ “ ამომრჩეველი “ნაციონალების” კანდიდატს მხარს არაფრით არ დაუჭერს” - წერს სტატიის ავტორი.
“ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ვფიქრობ, რომ ეს კაცი აცდენილია საერთოდ რეალობას და წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქვეყანაში” - ძაბირაძე
“მთავარი მესიჯი იყო ის, რომ “რუსთავი 2” რომ გამოვრთოთ, თურმე ყველაფერი იქნება კარგი და სულ აღმშენებლობაში ვიქნებით. ეს კატასტროფაა. ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. გულწრფელად გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი ასეთ გამოსვლას. ერთადერთი შანსია, რომ ვადამდელი არჩევნები გაკეთდეს, რომ ქვეყანაში არასტაბილური გარემო არ შეიქმნას. ამ ინტერვიუს შემდეგ ვფიქრობ, რომ ეს კაცი ან აცდენილია საერთოდ რეალობას და წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ქვეყანაში, ან რაღაც ისეთ თამაშს თამაშობს, რომელიც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. თუ ის ასე ფიქრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქაოსისკენ მივდივართ...” - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “რეზონანსითვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ პარასკევსაც იგივე უნდა ილაპარაკოს, რაც იმ დღეს, ჩათვალეთ, რომ „ქართული ოცნება“ დასრულდა” - ძაბირაძე / “ამ ინტერვიუს შემდეგ ვფიქრობ, რომ ეს კაცი აცდენილია საერთოდ რეალობას და წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქვეყანაში”
“თუ თვლის, რომ რასაც “რუსთავი 2” ამბობს, ყველაფერი ტყუილია, ის ამუქებს ყველაფერს და ამ არხის გარეშე აღმშენებლობაა - ეს ნიშნავს, რომ რეალობას არ ფლობს. სამწუხაროდ, ივანიშვილი სულაც არ ფიქრობს, რომ ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. ყოველ შემთხვევაში ამ პრესკონფერენციაზე ეს არ ჩანდა. ის ან ვერ ხედავს რეალობას, ან იცის რა არის რეალობა, მაგრამ ქვეყანა სხვა მიმართულებით მიჰყავს. ფაქტობრივად, ჩვენ სისტემა არასდროს არ შეგვიცვლია კომუნისტებიდან მოყოლებული. სახელებს ვუცვლიდით მარტო, უფლებამასილებები გადაგვქონდა ცეკას მდივნიდან ჯერ პრეზიდენტზე და ახლა პრეზიდენტიდან - პრემიერ-მინისტრზე. ხედვა უნდა ამას და მთლიანად რეორგანიზაცია და როცა მენეჯმენტზეა საუბარი, მენეჯმენტი სულ სხვა რამეა, სახელმწიფო სისტემა სრულიად განსხვავებულია და ერთნაირად ამათი მართვა არ შეიძლება და არც ერთმანეთზე მორგება. მაგრამ ხედავს კი ამ პრობლემებს? დემოკრატია სამართავად ცოტა რთული რამაა. ჩვენ ისევ ავცდით დემოკრატიას და მის ნაცვლად პლუტოკრატია, მდიდართა მართვა მივიღეთ. დღეს დაახლოებით ასეა. ამის სიმპტომები უკვე ჩანს დღეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ჰაერზე კი არ ვამბობ - როდესაც ქალაქის მერი იწყებს ლაპარაკს, რომ ქალაქის ცენტრში საშუალო ფენაც ვერ შევა, რომ თურმე ევროპაში ქალაქების ცენტრალურ უბნებში მანქანის გაჩერება არის მაღალი ფასი და იქ რას იღებს საშუალო ფენა, რამდენი აქვთ შემოსავალი, ამას თურმე მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ, შეწუხდნენ ისინი, ვისაც ფული აქვს, რომ მანქანას ვერ აჩერებენ. ამიტომ რა უნდა ქნან?! ყველაზე ადვილი გამოსავალია ქალაქიდან გავდევნოთ ეს ხალხი. ამით იმის თქმა მინდა, რომ სხვა პროცესი იწყება. პლუტოკრატია, მდიდართა ძალაუფლება ყალიბდება”, - განმარტავს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “თქვენ თქვით, რომ ფარცხალაძე მესამეხარისხოვანიაო, თუმცა ივანიშვილმა ბევრჯერ ახსენა, რომ მას დასაჭერი არაფერი სჭირს. რა მესიჯი იყო ეს, ის ხომ არა, რომ ნებისმიერი თუ ივანიშვილის ერთგული იქნება და მის საქმეებს შეასრულებს, მას არ გაწირავს და არაფერი ემუქრება?” - პასუხობს:
“ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებაც და მისი გარემოცვაც ივანიშვილის განცხადებას ფარცხალაძეზე სწორედ ისე აღიქვამს, როგორც თქვით, რომ თუ ჩემი ერთგული იქნები, არ გაგწირავ. თვითონ რისი თქმა უნდოდა, არ ვიცი, მაგრამ ყველა მისი მომხრე ამ განცხადებას ასე აღიქვამს. სხვანაირად, აბა, როგორ შეიძლება აღიქვა ეს?! ეუბნებიან, რომ ორი წლის წინ სახელმწიფო მოხელე სცემა, კადრებიც ვნახეთ და ძიება დღემდე არ არის დამთავრებული. იმასაც კი არ ამბობს, რომ მე არაფერ შუაში ვარ, მიდის ძიება და დაადგენს, დასაჭერია თუ არა - ამდენი წელია ვიძახი, რომ თუ სისტემას არ ცვლი, ის უნდა მართო ან ისე, როგორც სააკაშვილი, ან როგორც შევარდნაძე, სხვანაირად ვერ მართავ. ეს სისტემა ვერ იტანს იმას, რომ თუნდაც ერთი აგური გამოეცალოს. ერთიც რომ გამოეცალოს, შეიძლება უეცრად მთლიანად ჩამოინგრეს. ამიტომ სისტემა მუნდირის შენარჩუნებაზე კი არ არის, ამ ხალხის შენარჩუნებაზეა. თუ მისი ერთგული გაიწირა, ის უნდა გაწიროს თავად მან და არა მიტინგმა ან ვიღაც ჟურნალისტმა ან გამომძიებელმა - სისტემა ითხოვს ამას. სისტემა თუ არ შეიცვალა, ეს ასე გაგრძელდება სულ. შეიძლება ფარცხალაძე დიდად გულზეც არ ეხატება, მაგრამ ახლა რომ გასწიროს, მის გარემოცვა გახდება ფრთხილი. ამიტომ იძულებულია დაიცვას”.
“ივანიშვილი ცოტა მაინც უფრო თვითკრიტიკული უნდა ყოფილიყო, ან საერთოდ არ უნდა ჩაეტარებინა ეს პრესკონფერენცია. თუ ამის თქმას აპირებდა, რაც თქვა, სჯობდა, საერთოდ არ ჩაეტარებინა. “ოცნების” მომხრეებიდანაც არ მგონია, ვინმეს მოსწონებოდა ალალად, გულწრფელად - თავის სინდისთან რომ იყოს მართალი, ისე. მე უფრო სხვა რამე მაინტერესებს, ნეტა ერთი კაცი თუ არის მის გარემოცვაში, რომელიც იმას კი არ ეტყოდა, რომ კატასტოფა იყო ეს ბრიფინგი, არამედ ეტყოდა, რომ მთლად კარგი არ გამოვიდა?! უკვე არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ ერთი კაცი მაინც ეყოლება მართლა გულშემატკივარი. თუმცა, არის კი ასეთი ერთი კაცი მაინც? მე მგონი, რომ თვითონაც არ მოეწონა და იმიტომ დანიშნა მეორე პრესკონფერენცია პარასკევს. თუ პარასკევსაც იგივე უნდა ილაპარაკოს, ჩათვალეთ, რომ „ქართული ოცნება” დასრულდა. არჩევნებში შეიძლება მაინც მოიგონ, მაგრამ „ოცნება", როგორც პოლიტიკური ძალა განულდა და დროის თვლა სხვაგვარად დაიწყება. თუ სხვა რამის თქმა უნდა, არ ვიცი. უკვე გაოგნებული ვარ, მე რომელიც ამ ხელისუფლების მხარდამჭერი ვიყავი და დღესაც ვგულშემატკივრობ, მაგრამ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული რაღაცების გამართლებას არ ვაპირებ”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.
“მილიონს გადავუხდი, ვინც ბიძინას მოკლავს” - მორიგი კომპრომატი სააკაშვილის ბიძის მონაწილეობით?
წინასაარჩევნოდ ფარული ჩანაწერებით ომი გრძელდება. ვებგვერდზე, რომელსაც უკრაინული დომენი აქვს, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის - თემურ ალასანიას სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. ეს ვებგვერდი 2015 წელს არის დარეგისტრირებული, თუმცა სამი წლის განმავლობაში უმოქმედო იყო და მასალები პირველად ახლა აიტვირთა. დიალოგი სავარაუდოდ ყოფილ პრეზიდენტსა და მის ბიძას შორის მიმდინარეობს. ალასანაი ჩანაწერებში ქართველებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს. საუბარი “რუსთავი 2”-ის გენდირექტორ ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესაც ეხება - ალასანია ექსპრეზიდენტს ეუბნება, რომ გვარამია კარგად იქცევა და სავარაუდოდ, მის მითითებებს ასრულებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “მილიონს გადავუხდი, ვინც ბიძინას მოკლავს” - მორიგი კომპრომატი სააკაშვილის ბიძის მონაწილეობით?”
“აუდიოჩანაწერის მიხედვით თემურ ალასანია ამბობს: “ერთ მილიონ გადავუხდი, ვინც სნაიპერსკი ვინტოვკით მოკლავს ბიძინას”. ვებგვერდზე ნათქვამია, რო, “რედაქციას” სანდო წყარომ მოაწოდა ოდესის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის, “კაგებეს გადამდგარი გენერლის” თემურ ალასანიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. თემურ ალასანია ამ ჩანაწერს “სრულ ფაბრიკაციას” უწოდებს. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ “მკვლელობებს საერთოდ არ უკვეთავს და მით უმეტეს ტელეფონით”... “ჩემსა და პრეზიდენტს შორის ვითომ შემდგარი სატელეფონო საუბარი წარმოადგენს სრულ გაბრიკაციას და არ გამოიწვევს არავითარ ვნებათაღელვას. შემოვიფარგლები მარტო ორი კომენტარით - ამათ ან ჩვენ ვგინოვართ სულელები, რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, ან ქართველი ხალხი, რომელმაც ეს უპირობოდ უნდა გადაყლაპოს...”. ჩანაწერს მიხეილ სააკაშვილიც ქსელში მცირე კომენტარით გამოეხმაურა და “ნაციონალურ” მოძრაობაშიც” ეხმაურებიან. პარტიის წევრი თინა ბიკუჩავა აცხადებს, რომ ღიმილის მომგვრელიც არის წლიდან წლამდე ამ რევოლუციურ სცენარზე საუბარი. ჯიკა გვარამიას თქმით ეს არის სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული ფრაზები, თემურ ალასანიას კი მხოლოდ მისალმების დონეზე იცნობს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მმართველი გუნდის წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება თუ არა, ეს უკვე გამოძიების პრეროგატივაა. მისი თქმით, ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ. “ეს ადამიანები ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ყველაფრის მკადრებლები არიან და გამორიცხული არ არის, რომ მსგავსი სურვილები ჰქონდეთ”, - ამბობს ჩუგოშვილი და დასძენს, რომ “ამიტომ მისთვის ჩანაწერში მოსმენილი საუბარი მოულოდნელი არ ყოფილა”, - წერს სტატიის ავტორი.

























