ქართული პრესის მიმოხილვა 27.10.2018

“ეგზიტპოლებს მხოლოდ “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აწყობენ
რუსთაველზე აქციები არ შეწყდება, ზაზა სარალიძეს კი 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
“რუსული ეკლესია, ისევე როგორც სახელმწიფო, ყველა მიმართულებით გვიტევს”
* * *
“ეგზიტპოლებს მხოლოდ “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აწყობენ
“28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ღამეს, 8 საათის შემდეგ, მხოლოდ ორი ეგზიტპოლი გამოქვეყნდება და წლეულს ეგზიტპოლებით ბრძოლაში მხოლოდ ორი პარტია ჩაერთვება - “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო”. ამომრჩევლების გამოკითხვებს “რუსთავი 2”-ის დაკვეთით “ედისონ რისერჩი” და “ევროპული საქართველოს” დაკვეთით ბი-სი-ჯი ჩაატარებენ. “იმედი”, “მაესტრო” და საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ არჩევნებზე ეგზიტპოლებით ბრძოლაში ჩართვას არ აპირებენ", - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ეგზიტპოლებს მხოლოდ “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აწყობენ.
“ახლა მთავარია, რომელი ეგზიტპოლი რა მონაცემებს დასვამს და რამდენად დაემთხვევა თუ ასცდება ისინი ერთმანეთს და შემდეგ ცესკო-ს მონაცემებს. მოლოდინია, რომ თუკი რომელიმე ეგზიტპოლით მეორე ტური გამოიკვეთება, ხოლო ცესკო-ს მონაცემებით გამარჯვებული პირველსავე ტურში გამოვლინდება, გაყალბების მოტივით ქუჩაში დიდი საპროტესტო აქცია გაიმართება. თუმცა მარტო ეგზიტპოლების შედეგებით გაყალბებაზე მტკიცება ძალიან გაჭირდება. პარალელურად ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რა მოხდება საარჩევნო უბნებზე, რამდენად ხშირი იქნება დაპირისპირება, შეხლა-შემოხლა და რამდენად ბევრი საჩივარი დაიწერება. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება, “სამართლიანი არჩევნები” ხმის პარალელური დათვლით რა შედეგს დადებს. საზმაუში “რეზონანსს” განუცხადეს, რომ მათ ეგზიტპოლი არ დაუკვეთავთ და არც სხვა ეგზიტპოლებს გააშუქებენ. “იმედსა” და “მაესტროზეც” განაცხადეს, რომ მათ ეგზიტპოლი არ ექნებათ. როგორც ცესკო-ში თქვეს, მათ ოფიციალურად მხოლოდ ორმა კვლევითმა კომპანიამ მიმართა ეგზიტპოლების მოსაწყობად - “ედისონ რისერჩმა” და ბი-სი-ჯიმ”, - , - აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს:
“საგულისხმოა, რომ ყველა არჩევნების დროს ეგზიტპოლების შედეგები განხილვის საგანი ხდება განსხვავებული მონაცემების გამოქვეყნების გამო. მათ შორის ყველაზე დიდი უკმაყოფილება ეგზიტპოლების მონაცემების გამო იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც არც ერთი ეგზიტპოლი არ დაემთხვა ცესკო-ს შედეგს და ზოგიერთში აცდენა 22%-იც კი იყო. ამის გამო ამ გამოკითხვების მიმართ დიდი უნდობლობაა და ბევრი მიიჩნევს, რომ ის უფრო პროპაგანდისტულ მიზანსა და წინასწარი განწყობის შექმნას ემსახურება”.
რუსთაველზე აქციები არ შეწყდება, ზაზა სარალიძეს კი 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
“აქციები, რომელსაც რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მართავდნენ, არ შეწყდება. ზაზა სარალიძის დედა მარინა ბეგაძე შიმშილობას იწყებს - ამის შესახებ თავად სარალიძის დედამ განაცხადა, რომელიც სარალიძის დაკავების შემდეგ, პარლამენტის შენობასთან მივიდა. “მართალია, ზაზა დაიჭირეს, მაგრამ მე აქ ვარ, ზაზა მარტო არ არის. მე ვაგრძელებ დღეიდან ყველაფერს იმას, რასაც ზაზა აკეთებდა. ყველანაირად ჩავერთვები აქციაში. ზაზას მხარს ყოველთვის უმაგრებდა ჩვენი ოჯახი და ახლაც გავაგრძელებთ ასე, - აცხადებს ზაზა სარალიძის დედა, - ზაზამ მითხრა, დედა არ წამოხვიდე, შენ იქ ვერ გაუძლებო, მაგრამ მე მაინც იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. დაკავების მიზეზი არ ვიცი. მე აქციას ვუერთდები. 50 დღეა ცდილობენ სამართალდამცველები, მთავრობა, რომ ზაზა პროვოკაციაზე წამოეგოს და ეს დღეს ყველანაირად მოახერხეს. მე ბევრჯერ მითქვამს სოციალურ ქსელში, ასე საჯაროდ არასდროს გამოვსულვარ, რომ ზაზას გაჩერება დაკავებით ან რაიმე ფორმით არ მოხდება. ჩვენ არ გავჩერდებით, მაგას ჰყავს უკან ოჯახი, ჰყავს საკმაოდ დიდი წრე, ვინც ზაზას მოსაზრებებს იზიარებს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს”. მარინა ბეგაძემ ასევე დასძინა, რომ სარალიძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსთაველზე აქციები არ შეწყდება, ზაზა სარალიძეს კი 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდა ისე, რომ მთელი ღამე და მთელი დღე პარლამენტთან 24-საათიანი მორიგეობა გაეწია, ამიტომ მოდიოდა სახლში, 2-3 საათი ისვენებდა და მერე უკან ბრუნდებოდა. მეც სულ აქ ვიქნები, მის ნაცვლად პარლამენტთან მე ვივლი”, - განაცხადა მარინა ბეგაძემ. ზაზა სარალიძე ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება. მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. სარალიძემ კლინიკაში მიყვანის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მის მიმართ პოლიციელებმა ზეწოლა მოახდინეს. ზაზა სარალიძის ადვოკატის ნესტან ლონდარიძის განცხადებით, სარალიძის დაკავების შემდეგ, მისი შეყვანის პროცედურები შსს-ს უკვე დაწყებული ჰქონდა და მასზე დასწრების საშუალება ადვოკატს არ მიეცა. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმისთვის დააკავეს. შსს-მ სარალიძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რუსული ეკლესია, ისევე როგორც სახელმწიფო, ყველა მიმართულებით გვიტევს”
“ვის შეიძლება ამზადებდეს რუსეთი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად? აფხაზეთსა და ცხინვალში დარჩენილი ეკლესიებიც რუსეთის ოკუპანტური პოლიტიკის ნაწილია. მსოფლიო პატრიარქი აფხაზეთსა და ცხინვალში ქართული ეკლესიის სრულ იურისდიქციას აღიარებს, რაც მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა მეუფე ზენონთან საუბარში დაადასტურა”, - ამის შესახებ გაზეთ “ახალ თაობას” ესაუბრება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისტორიის დოქტორი ჯემალ გამახარია, სტატიაში სათაურით “რუსული ეკლესია, ისევე როგორც სახელმწიფო, ყველა მიმართულებით გვიტევს”.
“დიახ, მეუფე ზენონი ფეისბუკზე იხსენებს კონსტანტინოპოლისა და ახლისა რომისა მთავარეპისკოპოსის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის პოზიციას საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის შესახებ. მეუფე ზენონი წერს: როდესაც ვუთხარი მის უწმინდესობას, არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი თქვენ გიხსენიებენ საქართველოს პატრიარქის ნაცვლად თავის მაკურთხებლად, რომ თითქოს მათ აქვთ კონსტანტინოპოლიდან წახალისება, მითხრა, ჩამოვალ საქართველოში თუ ეს პატრიარქის სურვილი იქნება და თბილისიდან საჯაროდ განვაცხადებ, რომ აფხაზეთის თვითმარქვია ავტოკეფალისტებს მსოფლიო საპატრიარქოდან არ აქვთ მხარდაჭერა. გამოვაცხადებ, რომ აფხაზეთის ერთადერთი ეპისკოპოსი და პატრიარქი არის უნეტარესი და უწმინდესი ილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის ოკუპირებული. გვაქვს ინფორმაცია, რომ იქ უკანონოდ მოქმედებენ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები”, - აცხადებს ჯემალ გამახარია და შეკითხვას - “ეს განცხადება რას უნდა ნიშნავდეს?” - პასუხობს:
“ჩვენ ეს სიტყვები უნდა გავიგოთ ზუსტად ისე, როგორც არის ნათქვამი. მსოფლიო საპატრიარქოს, კონკრეტულად, მსოფლიო პატრიარქს არაერთხელ განუცხადებია ამის თაობაზე, მაგრამ ასეთი მკაფიო განცხადება არ მახსენდება. ადრე იყო განცხადებები, ქართული ეკლესიის მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე, მაგრამ თუ ადრე კითხვები იყო დარჩენილი, აქ ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული”.
“ადრე დარჩენილი კითხვები აფხაზეთის ეკლესიას ეხებოდა. სეპარატისტები იქ ჩადიოდნენ, მათ იღებდნენ და უსმენდნენ. როგორც ჩანს, მსოფლიო საპატრიარქოში მსოფლიო პატრიარქი სეპარატისტებს კი იღებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკლესიის მთლიანობის თაობაზე პოზიცია არანაირად არ შეცვლილა. უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებული ვნებათაღელვის ფონზე მსოფლიო პატრიარქმა ალბათ მიიჩნია, რომ პოზიცია მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გამოეხატა, რასაც მე მხოლოდ მივესალმები. ეს ძალიან კარგია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტი.
“რასაც რუსეთის საერო ხელისუფლება აკეთებს (აცხადებს, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი დამოუკიდებლები არიანო, სინამდვილეში ოკუპირებული აქვს და ახლა ანექსიას ახდენს), დაახლოებით იმავე პოლიტიკას წარმართავს რუსული ეკლესია. ერთი ახალი ფაქტის თაობაზე ორი დღის წინ გამოქვეყნდა. არის ასეთი ახალგაზრდა კაცი ინალ არძინბა, რომელიც მუშაობს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ალბათ, აფხაზეთის მომავალ ე.წ. პრეზიდენტად ამზადებენ. ორი დღის წინ ის დაინიშნა რუსეთის პატრიარქთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა კონფესიათშორისი საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარედ. ვფიქრობ, ეს არის განსაზღვრული მინიშნება და განსაზღვრული გაფრთხილება რუსეთის ეკლესიის მხრიდან - ფრთხილად იყავით უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით, თორემ ასე და ასე იქნებაო... აბა, არძინბას მეტი ვერავინ მოხიბლა? ასე რომ, რუსული ეკლესია, ისევე როგორც სახელმწიფო, ყველა მიმართულებით გვიტევს. იმედია, თავს დავიცავთ. ჩვენი პატრიარქისა და მღვდელმთავრების სიბრძნის იმედი გვაქვს. ისინი ნაჩქარევ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჩვენ თვითონ არ გავხდეთ საბაბი რუსეთის ეკლესიისთვის, რომ მათ ღიად გადადგან (როგორც მათ სჩვევიათ) აგრესიული ნაბიჯი... უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას რომ იმსახურებს, აქ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს”, - ამბობს ჯემალ გამახარია და შეკითხვას - “თქვენ ადრე მითხარით, რომ რუსეთის ეკლესიას საქმე მიჰყავს ჩიხამდე, განხეთქილებამდე. ფაქტობრივად, რუსეთის ეკლესიამ განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ევქარისტიულ კავშირს წყვეტს. ამის იქით რა ბედი ელის რუსეთის ეკლესიას, ის იქნება განაპირებული, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესია?” - პასუხობს:
“როგორც არის, ისე იქნება, მაგრამ მსოფლიო საპატრიარქოსთან ურთიერთობა არ ექნება. ეს ძალიან ცუდია და ძალიან დიდ განხეთქილებას გამოიწვევს. არ ვიცი, რუსეთს ამაში ვინ დაუჭერს მხარს, მაგრამ არ მგონია, რუსეთის გამო რომელიმე ეკლესიამ კონსტანტინოპოლთან კავშირი გაწყვიტოს. ღრმად ვარ დარწმუნებული, ამას არც საქართველოს ეკლესია გააკეთებს. შესაძლოა საქართველოს ეკლესიამ განსაზღვრული პერიოდი თავი შეიკავოს და უკრაინის ავტოკეფალია არ აღიაროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მსოფლიო პატრიარქთან, კონსტანტინოპოლთან კავშირი არ გაწყდება. ჩემი ღრმა რწმენით, არც ერთი ეკლესია ამას არ გააკეთებს. ვნახოთ, ძალიან რთული ვითარებაა შექმნილი მართლმადიდებელ სამყაროში. სამწუხაროდ, რუსეთი აქაც პრობლემებს ქმნის. საბოლოო შედეგის პროგნოზი ძალიან მიჭირს, მაგრამ უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას რომ იმსახურებს და ავტოკეფალიას მიიღებს, ამაში ეჭვი არ გვეპარება. ნელ-ნელ მოგვიხდება უკრაინის ეკლესიასთან კავშირის დამყარება”.

























