სასამართლოში სამსონ ქუთათელაძის შვილის დაკითხვა მიმდინარეობს

სასამართლოში სამსონ ქუთათელაძის შვილის დაკითხვა მიმდინარეობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სასამართლოში ამ დროისთვის სამსონ ქუთათელაძის შვილის ბესიკ ქუთათელაძის დაკითხვა მიმდინარეობს.

გარდაცვლილი გენერლის ვაჟმა დეტალურად აღიდგინა 15 იანვრის მოვლენები, როდესაც სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. ბესიკ ქუთათელაძე აცხადებს, რომ მამამისს გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში მოუვიდა.

“მამაჩემა მითხრა, გიორგი ჭანტურია იყო მოსული, გაღიზიანებული და მითხრა ლუკმას მართმევო. ჭანტურიამ მაშინ არასწორად გაიგო მამაჩემის სიტყვები და ამიტომ მასთან გაღიზიანებული მივიდა და ყვიროდა: "ლუკმას მართმევო". ჭანტურიამ მამაჩემს ბაზრობაზე, მისი კუთვნილი დახლების 300-400 ათასად შეძენა სთხოვა. მამაჩემმა ეს თანხა გამოიტანა ბანკიდან. მე ვუთხარი, რომ ეს დიდი თანხაა და მამაჩემმა მიპასუხა, რომ გიორგი ჭანტურიასთან ურთიერთობას, მირჩევნია ეს თანხა გადავუხადოვო", - განაცხადა ბესიკ ქუთათელაძემ.

მისივე თქმით, ეჭვი, რომ შესაძლოა მამამისი გიორგი ჭანტურიამ მოკლა, მკვლელობის საღამოსვე გაუჩნდა. "გიორგი ჭანტურია მოვიდა ჩემთან მომისამძიმრა და მითხრა როგორი კარგი კაცი იყო მამაჩემი. მეკითხებოდა პოლიციას რა ვუთხარი და ვისზე მქონდა ეჭვი",- განაცხადა მან.

ადვოკატის კითხვაზე, რატომ გამორიცხავს, რომ მამამისი შესაძლოა, მამუკა ცხოვრებაძეს მოეკლა, ბესიკ ქუთათელაძემ განაცხადა, რომ მამუკა ცხოვრებაძე(შპს "ერთობის" დირექტორი) მამამისის სოფლელი, სკოლელი იყო, ასევე სამსონ ქუთათელაძე მისი შვილის ნათლია იყო.

„მასთან შელაპარაკება, მით უმეტეს თანხის გამო, არ მოსვლია, რადგან მამუკა ცხოვრებაძეს თუ თანხა რაიმეში სჭირდებოდა, იმდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, რომ სამსონ ქუთათელაძე აძლევდა მას. რაც შეეხება ბაზრობის კიდევ ერთი მეწილის - უზიელ ნონის ჩვენებას, იმაზე, რომ მამუკა ცხოვრებაძეს სამსონ ქუთათელაძემ ჩხუბის დროს კალკულატორი ესროლა, ტყუილია, ის თავად იყო იმ დროს კაბინეტში. უზიელ ნონიმ ქართული არ იცის და ჩვენებაში რაც დაწერა, მამუკასა და მამაჩემს შორის კონფლიქზე, ეს ვიღაცის მიერ მასთან მიტანილი დამახინჯებული ჭორია",- განაცხადა ბესიკ ქუთათელაძემ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმის არსებითი განხილვის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე მოწმის სახით მოკლული გენერლის შვილი იკითხება. ბესიკ ქუთათელაძე აცხადებს, ის ფიქრობს, რომ მამამისი ჭანტურიამ მოკლა. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული, რომელიც ბოლო სამ სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა. ჭანტურია წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.