დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ოქტომბრიდან სსიპ „იუსტიციის სახლის“ 12 ფილიალში C ჰეპატიტზე მოსახლეობის საყოველთაო უფასო სკრინინგის პროექტი დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სსიპ „ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრიდან“ აცნობეს, პროექტი „საჯარო სივრცე C ჰეპატიტის ელიმინაციის სამსახურში“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 სექტემბრის N454 დადგენილების საფუძველზე ხორციელდება.
„აღნიშნული პროექტის მიზანია, იუსტიციის სახლის ვიზიტორებს, სხვა სერვისებთან ერთად, ერთი ფანჯრის პრინციპით მიეწოდოს C ჰეპატიტის სკრინინგის უფასო სერვისი, რათა საქართველოს მოქალაქეებმა დამატებითი ძალისხმევის გარეშე შეძლონ C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარება, ინფიცირების სტატუსის გასარკვევად.
იუსტიციის სახლში C ჰეპატიტზე მოქალაქის სკრინინგი 3 წუთიანი პროცედურაა, სკრინინგის შედეგი მოქალაქეს ეცნობება იმავე დღის ბოლოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, მის მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.
აღნიშნული პროექტით მოქალაქეებს ეძლევათ უნიკალური შანსი დამატებითი დროისა და ფინანსური დანახარჯის გარეშე ჩაიტარონ C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი და ინფიცირების დადებითი სტატუსის იდენტიფიცირების შემთხვევაში, ჩაერთონ მკურნალობაში და განიკურნონ“, – აცხადებენ ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, C ჰეპატიტის მკურნალობა 2020 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა, რომლის ღირებულება სხვა ქვეყნებში 60-დან 80 ათას ევრომდე შეადგენს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, სსიპ „იუსტიციის სახლი“ და სსიპ „ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ მოუწოდებს მოქალაქეებს დროულად მიმართონ სკრინინგის ცენტრებს და სამკურნალო დაწესებულებებს, რათა ისარგებლონ იმ უნიკალური შესაძლებლობით, რომელიც ეძლევათ 2020 წლის ბოლომდე C ჰეპატიტზე ინფიცირების სტატუსის განსაზღვრისა და ამ დაავადებისგან სრულიად უფასოდ განკურნების კუთხით.
ცენტრის განცხადებით, C ჰეპატიტზე მოსახლეობის საყოველთაო უფასო სკრინინგის პროექტი მიმდინარეობს სამუშაო დღეებში 09.00 საათიდან 18.00 საათამდე იუსტიციის სახლის შემდეგ მისამართებზე: თბილისის იუსტიციის სახლში (ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2). იმერეთში – ქუთაისის იუსტიციის სახლში (ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქ. № 20.)
სამეგრელო-ზემო სვანეთში – ზუგდიდის იუსტიციის სახლსა (ქ. ზუგდიდი, თეატრის ქუჩა №2) და ფოთის იუსტიციის სახლში (ქ. ფოთი რუსთაველის წრე).
აჭარაში – ბათუმის იუსტიციის სახლში (ქ. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. №7)
გურიაში – ოზურგეთის იუსტიციის სახლში (ქ. ოზურგეთი, ი. პეტრიწის ქ. №9)
შიდა ქართლში – გორის იუსტიციის სახლში (ქ. გორი, დ. გურამიშვილის ქ. №5)
სამცხე-ჯავახეთში – ახალციხის იუსტიციის სახლში (ქ. ახალციხე, თამარაშვილის ქუჩა, სკვერის მიმდებარედ).
ქვემო ქართლში – რუსთავის იუსტიციის სახლში (ქ. რუსთავი, ხალხათა მეგობრობის გამზირი №29) და მარნეულის იუსტიციის სახლში (ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. №1)
კახეთში – თელავის იუსტიციის სახლში (ქ. თელავი, ერეკლე II-ის მოედანი №3) და გურჯაანის იუსტიციის სახლში (ქ. გურჯაანი თამარ მეფის ქ. №14).
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"