ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლის ანგარიშის წარდგენაზე მოქალაქემ პროტესტის ნიშნად პოლიეთილენის ის პარკი მიიტანა, რომლითაც დევნილთა საცხოვრებელი გადაუხურეს

ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლის ანგარიშის წარდგენაზე მოქალაქემ პროტესტის ნიშნად პოლიეთილენის ის პარკი მიიტანა, რომლითაც დევნილთა საცხოვრებელი გადაუხურეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, მაიზერ ნანავს საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენაზე მოქალაქე თეონა ქარდავამ პროტესტის ნიშნად პოლიეთილენის პარკი მიიტანა და სამუშაო მაგიდაზე დააგდო. მისი თქმით, ეს ის პარკია, რომლითაც ნანავამ ჩაის ფაბრიკის ყოფილ შენობაში ჩასახლებულ დევნილებს საერთო საცხოვრებელი გადაუხურა.

„მოვუტანეთ ის პოლიეთილენის პარკები, რომელიც ჩვენს შენობას გადააფარეს. მოვიტანე, რატომ უნდა დაეკარგოთ ამ ადამიანებს თავიანთი გაკეთებული საქმე. მოვიტანე და ჩავაბარე ანგარიში. მოსახლეობისადმი სწორედ ასეთმა მიდგომამ მოუტანათ ის შედეგი, რაც დაუდგათ და წუხან. ჩვენ ვართ უბინაოდ და უსახურავოდ დარჩენილები. არ გავსულვართ არჩევნებზე და არ მიგვიაცია არც ერთი კანდიდატისთვის ხმა“, - განაცხადა ქარდავამ.

ის მერიაში სხვა დევნილებთან ერთად იმყოფებოდა. მათი თქმით, წლებია საცხოვრებელ ფართებს ითხოვენ, თუმცა მათთვის მხოლოდ პოლიეთილენის პარკი გაიმეტეს.

მოგვიანებით ქარდავას საქციელი მაიზერ ნანავამ შეაფასა. მისი თქმით, ეს იყო გიჟური საქციელი და მის უკან იდგნენ გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც დღევანდელი შეხვედრის ჩაშლა სურდათ.

ზუგდიდის მერია დევნილთა დასახლებაში პოლიეთილენის პარკების მიტანას უარყოფს. როგორც მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ განმარტა, მათ პირველადი დახმარება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაუწია.

„მივედით ჩვენ და დავადგინეთ, თუ რა იყო გასაკეთებელი. ხუთი ათასი ლარის ფარგლებში შეგვეძლო გადაგვეხურა. არ მიუშვეს, არ გააკეთოო, ჩვენ გვინდა მთლიანად გადახურვაო, რომელიც დაჯდებოდა 40 000 ლარი. არც ეს თანხა იქნებოდა პრობლემა. დევნილთა სამსახურმა გვითხრა, რომ ეს კორპუსები არის ავარიულ მდგომარეობაში და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებაო“, - აღნიშნა კილასონიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ დღეს მუშაობის ერთწლიანი ანგარიში საზოგადოებას წარუდგინა.