ქართული პრესის მიმოხილვა 01.11.2018

ქართული პრესის მიმოხილვა 01.11.2018

“პრეზიდენტს არა აქვს უფლება, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები” - დემეტრაშვილი

“ივანიშვილმა ფული უნდა გაიღოს და საარჩევნო პროცესი დაალაგებინოს იმ ხალხს, ვინც ეს საქმე კარგად იცის” - ძაბირაძე

“ძალიან მეშინია ეს არ გადაიზარდოს დაპირისპირებაში, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყანას” - მერაბ კოკოჩაშვილი

* * *

“პრეზიდენტს არა აქვს უფლება, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები” - დემეტრაშვილი

“კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ცვლილება ძალაში შედის ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი თუ გრიგოლ ვაშაძე, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ორივე იძულებული იქნება, დატოვოს პარტია, თუმცა ვერ დაავალდებულებ, შინაგანად მხარი არ დაუჭიროს საკუთარი პარტიის სტრატეგიას. რაც შეეხება სხვა უფლებებს, რასაც კონსტიტუცია ვარაუდობს, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ რამდენიმე მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას”, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა უფლებები ექნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს / “პრეზიდენტს არა აქვს უფლება, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები”.

“ახალ პრეზიდენტს, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, არა აქვს უფლება, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები. ვადამდელი საპრალამენტო არჩევნების დანიშვნა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა არ დაამტკიცა ბიუჯეტი და მთავრობის შემადგენლობა, ანდა თუ თავად მმართველი გუნდი გადადგამს ამ ნაბიჯს და მოითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ასეთი შემთხვევები დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ, კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტს ეს მექანიზმი არ გააჩნია, მას შეუძლია, ისეთი პოლიტიკური კლიმატი შექმნას თავისი არგუმენტებით, რომ მიმართოს ხალხს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოწოდებით. ვთქვათ, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძე იტყვის, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა, მას შეუძლია ამ ლეგიტიმურ ხარისხზე საუბარი. მაგრამ ამ სცენარის განვითარების შემაკავებელი არის კალენდარი. მმართველ გუდს შეუძლია, გადადოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილი.

“სამართლებრივად პრეზიდენტს რომ პარლამენტის დათხოვნისა და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების უფლება მიეცეს, სახალხო ინიციატივის წესით ცვლილება უნდა შევიდეს კონსტიტუციაში, მაგრამ ამას 200 ათასი ხელმოწერა სჭირდება. ანუ რთული კონსტიტუციური მექანიზმია. პრეზიდენტს რჩება ვეტოს გამოყენების, ასევე შეწყალების უფლება. შეზღუდულად, მაგრამ მოქალაქეობის საკითხი და რაც მნიშვნელოვანია, მას შეუძლია, დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე, თავისი კანდიდატი წარადგინოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ. ეს შტატი პრეზიდენტის პრეროგატივაა. დანარჩენი უფლებები ხორციელდება მხოლოდ მთავრობის ხელმოწერით. საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადებაც მხოლოდ მთავრობის წინადადებითა და თანხმობით ხდება. ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე სიტუაციაში, საომარი მდგომარეობის დროს, პრეზიდენტი რეალურად ხდება ქვეყნის ბატონ-პატრონი”, - დასძენს ავთანდილ დემეტრაშვილი.

“ივანიშვილმა ფული უნდა გაიღოს და საარჩევნო პროცესი დაალაგებინოს იმ ხალხს, ვინც ეს საქმე კარგად იცის” - ძაბირაძე

“მათემატიკური გათვლებით ვერ გეტყვით, მაგრამ ვაშაძემ რომ მეორე ტურში გაიმარჯვოს დამატებით 200 ათასი ამომრჩეველია საჭირო, ანუ მილიონ რვაასი ათასი ხმა უნდა მიიღოს. მაგრამ, რამდენად მზარდი იქნება მეორე ტურისთვის მათი ელექტორატი არ ვიცი, რადგან რესურსის რომ ზრდა იყოს, ასე არ არის... რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას შეიძლება იმ ამომრჩევლის ხმები დაემატოს, რომელიც პირველ ტურში სახლში დარჩა, მაგრამ დღესაც “ოცნების” ერთგულია და სხვაგან არ წასულა. არის მეორე მოტივიც, თუ ადრე ამომრჩეველი ფიქრობდა, რომ თუ “ოცნების” ხელისუფლებას ხმას არ მოვცემ “ნაციონალები” დაბრუნდებიანო, დღეს ეს რეალობად იქცა და ამომრჩეველი ამ რეალობის წინაშე დადგება. არ არის გამორიცხული, რომ ამ ფაქტორმა კარგად იმუშაოს”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილმა ფული უნდა გაიღოს და საარჩევნო პროცესი დაალაგებინოს იმ ხალხს, ვინც ეს საქმე კარგად იცის - ძაბირაძე.

“ასეთ შედეგს არავინ ელოდა, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია. ოპოზიციას ეს შედეგი უზრდის მოტივაციას შეცვალოს ხელისუფლება. ფაქტია, რომ ივანიშვილის ხვეწნა- მუდარას ხალხი არ გაჰყვა, თანაც ვინც ეს საარჩვნო კამპანია დაგეგმა შედეგიანი ვერ აღმოჩნდა. ამიტომ, ახლა სასწრაფოდ უნდა გაანალიზონ და განსაჯონ ყველაფერი, მაგრამ ეს სამუშაო რომ აწარმოოს, ასეთი გუნდი “ოცნებაში” არ მეგულება. ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა ფული უნდა ამოიღოს, მგონი ცოტა კიდევ აქვს და საარჩევნო პროცესი დაალაგებინოს იმ ხალხს, ვინც ეს საქმე კარგად იცის. ეგზიტპოლები მაინც ჩაატარებინონ კომპეტენტურ კომპანიას. რაც შეეხება აქვს თუ არა შანსი “ოცნებამ” ეს არჩევნები მოიგოს, ამის თეორიული შანსი არის. რამდენად შეძლებს ხელისუფლება თავის სასარგებლოდ შეცვალოს სურათი, ვერ გეტყვით, რადგან ერთ თვეში ალბათ ძნელია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “თუმცა, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მეორე ტურში ვაშაძის გამარჯვებას პროგნოზირებს და დიდი ალბათობით არც იმას გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტი თუ გახდა, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს და “ოცნება” უბრალოდ ჩამოიშლება...” - პასუხობს:

“საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის უფლება პრეზიდენტს კონსტიტუციის არც მოქმედი რედაქციით ჰქონდა და მით უფრო ახალი რედაქციით მას ამის უფლება არ ექნება. საპარლამენტო რესპუბლიკაში ასე არ არის. პრეზიდენტი თავისი სურვილით ვერაფერს ვერ გააკეთებს, მაშინ ქვეყანაში კრიზისული სიტუაცია უნდა შეიქმნას”.

“ძალიან მეშინია ეს არ გადაიზარდოს დაპირისპირებაში, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყანას” - მერაბ კოკოჩაშვილი

“როგორც ჩანს “ოცნება” დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი რიგზე არის და საზოგადოებას მათი სჯერა. ზედმეტად ოპტიმისტურად იყო ყველაფრის მიმართ. მართალია, ეკონომიკური თვალსაზრისით იყო წინსვლა, მაგრამ ამან დადებითად ვერ იმოქმედა საზოგადოებაზე, ხალხს უჭირს და ხელისუფლებამ ბოლომდე ვერ შეასრულა დაპირებები”, - აცხადებს რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ძალიან მეშინია, რომ ეს არ გადაიზარდოს დაპირისპირებაში, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყანას” - მერაბ კოკოჩაშვილი.

“ძალიან აქტიურმა ოპოზიცამ, რომელსაც საშინელი წარსული აქვს, იბრძოლა და დღესაც იბრძვის ძალაუფლებისთვის, კარგად გამოიყენა საზოგადოების ეს განწყობები, რათა ზეგავლენა მოეხდინა საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე. საბოლოო შედეგამდე ერთი თვეა დარჩენილი და არავინ იცის რა შეიძლება მოჰყვეს ამ ვაკხანალიას. ქართულმა საზოგადობამ, რომელმაც ამ ძალას 2012 წელს უარი უთხრა, კვლავ დაპირისპირებით მოდის. ძალიან მეშინია, რომ ეს არ გადაიზარდოს ისეთ დაპირისპირებაში, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყანას...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მერაბ კოკოჩაშვილი.

“ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამ კრიზისულ სიტუაციაში უდიდესი როლის შესრულება შეუძლია მასმედიას. მოვლენების ობიექტურად გაშუქების შემთხვევაში ჩვენ გავიგებთ ობიექტურ სიმართლეს... რაც შეეხება კანდიდატთა გამარჯვების შანსებს, მე მხარს ვუჭერდი სალომე ზურაბიშვილს... მისი გამარჯვება დამოკიდებულია ამომრჩეველზე და იმედი მაქვს, რომ იგი ამ არჩევნებში გაიმარჯვებს”, - დასძენს რესპონდენტი.