დარაჯი, რომელმაც ე.წ. სტამბოლის ბაზარში გაჩენილი ხანძრისას დაკვამლიანების შედეგად ინტოქსიკაცია მიიღო, კვლავ კლინიკაში რჩება

დარაჯი, რომელმაც ე.წ. სტამბოლის ბაზარში გაჩენილი ხანძრისას დაკვამლიანების შედეგად ინტოქსიკაცია მიიღო, კვლავ კლინიკა „რუსთავში“ რჩება. მორიგე ექიმის განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„გუშინ, დაახლოებით 02:15 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა პაციენტი, რომელიც ხანძრის დროს დაშავდა. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ჰქონდა სუნთქვის გაძნელება, მსუბუქი ტრამვები კოჭი-წვივის მიდამოში. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილური და კლინიკაში რჩება“,- განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან საუბარში კლინიკა „რუსთავის“ მორიგე ექიმმა მარინე ბაქრაძემ.
ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე დამწვარია ფართი, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ინახებოდა. ცეცხლის გაჩენის დროს ბაზარში მხოლოდ დარაჯი იმყოფებოდა.
ადგილზე მუშაობდა 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო დამატებითი ძალები თბილისიდან.

























