თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

მე-12 საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

“ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მყოფი ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი მაღალი რანგის კონფერენციების სისტემატიურად გამართვა, სადაც არაერთგზის ფიქსირდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ღია მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების მტკიცე და ურყევი არჩევანი. ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს სრულფასოვანი წევრობისკენ მისწრაფება კი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით”, - აღნიშნა რეგიონის მთავრობის მეთაურმა.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან ფორუმს სამხრეთ კავკასიაში, სადაც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება.

ღონისძიებაში 300-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

რიგით მე-12 “საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია” (GDSC) 2 ნოემბერს დასრულდება.