სამცხე-ჯავახეთში სპეციალისტებმა ფერმერებს მეცხოველეობის, ვეტერინარიის და რძის პირველადი დამუშავების საკითხებზე კონსულტაციები გაუწიეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, ფერმერებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მეცხოველეობის, ვეტერინარიის და რძის პირველადი დამუშავების საკითხებზე სპეციალისტებმა კონსულტაციები გაუწიეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სოფლის მეურნეობის რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების სოფლების მეცხოველეობის ფერმები დაათვალიერეს, დარგში მიმდინარე სამუშაოებს და არსებულ პრობლემებს გაეცნენ.
მათივე ინფორმაციით, ფერმერებს რეკომენდაციები მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-მოშენების, ჯიშობრივი გაუმჯობესების, საკვები ნედლეულის დამზადებისა და დაბალანსებული საკვების შედგენის მიმართულებით მიიღეს.
„ყურადღება გამახვილდა ფერმებში არსებულ ვეტერინარულ-სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასატარებელი ღონისძიებების, განსაკუთრებით საშიში ინფექციების მიმართ ბრძოლის ღონისძიებების და დაავადებების თავიდან არიდების, ასევე, უვნებელი და ხარისხიანი რძის წარმოებისა და გადამუშავების მექანიზმებზე.
პროექტი „მობლური ექსტენცია” 2016 წლიდან ხორციელდება, მისი მიზანია ფერმერების მხარდაჭერა და აგრარულ დარგში სიახლეების გაცნობა. პროექტის ფარგლებში უკვე 14 ათასამდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია.
მობილური ექსტენციის ფარგლებში, ფერმერებთან შეხვედრები 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში (სოფლები - დაბა ლენტეხი, ხოფური, ოყურეში, ორბელი, ჭრებალო, ბუგეული, სორი, უწერა, გლოლა) გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.

























