თორნიკე რიჟვაძე ქედაში 6 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტზე- ეს იყო უნებართვო ობიექტი და კანონით გათვალისწინებული ყველა მკაცრი ღონისძიება გატარდება

ეს იყო უნებართვო ობიექტი და გატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა მკაცრი ღონისძიება, - ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქედაში 6 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტს. როგორც თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მომხდარზე გამოძიება გრძელდება და უფრო მეტი კონკრეტიკა გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
"ჩვენ და შს სამინისტროს უმკაცრესი მყისიერი რეაგირება გვქონდა ამ ფაქტზე. სამი ადამიანია პასუხისგებაში მიცემული, გამოძიება გრძელდება, უფრო მეტი კონკრეტიკა გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი. ეს იყო უნებართვო ობიექტი და გატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა მკაცრი ღონისძიება", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, ქედაში, ქვის კარიერზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა. მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვს ქვა დაეცა. შემთხვევა ქედაში, სოფელ დოლოგანში, ჭინკაძეების დასახლებაში მოხდა.
ქედაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, თურქეთის 3 მოქალაქე გუშინ დააკავეს.

























