ბათუმი NATO-ს სამხედრო ხომალდებს მასპინძლობს

ბათუმი NATO-ს სამხედრო ხომალდებს მასპინძლობს

ბათუმის საზღვაო ნავმისადგომში ნატო-ს 5 გემის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის შემადგენლობაში შედის: გერმანიის, თურქეთის, ესპანეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის საფლაგმანო ხომალდები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ნატო-ს სამხედრო ხომალდები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად, სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიებების მიზანია საქართველოს და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება.

„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში არსებული პროგრესი ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში, ზოგადად, ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაღრმავებას. ნატო-ს საერთაშორისო სწავლებებში აქტიური ჩართულობა საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, რომელმაც ნატო-ს სამხედრო გემების დახვედრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

დღესვე, ნატო -ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის მეთაური, კაპიტანი ფრანკ მაგინსკი და ხომალდების ეკიპაჟის მაღალი რანგის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ალიანსს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობაზე, რასაც ნატო-ს მაღალი დონის სამხედრო ხომალდების საქართველოს ტერიტორიულ წლებში რეგულარული ვიზიტები ადასტურებს. სტუმრებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიმართ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ერთ სულ მოსახლეზე სამხედროთა რაოდენობით.

ნატო-ს ხომალდები ბათუმის ნავმისადგომში 5 ნოემბრამდე დარჩებიან. პარალელურად ბათუმში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია“ მიმდინარეობს, რომელშიც ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები მონაწილეობენ.