ქართული პრესის მიმოხილვა 05.11.2018

ქართული პრესის მიმოხილვა 05.11.2018

მამუკა არეშიძე - “ქართულ ოცნებაში” დიდი წმენდა დაიწყება?!

ზვიადაური, ჯაჭვლიანი და კურტანიძე “ოცნების” გადასარჩენად ბრუნდებიან

კოტე ჯანდიერი - “ხალხმა გაუცხოებულ ხელისუფლებას ალიყური უთავაზა”

* * *

მამუკა არეშიძე - “ქართულ ოცნებაში” დიდი წმენდა დაიწყება?!

“თავდაპირველად ვიტყვი: მიუხედავად ოპოზიციის შიშისა, აშკარაა, რომ საარჩევნო პროცესში განსაკუთრებული დარღვევები და გადაცდომები არ ყოფილა, რაც აღიარეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც და ამაზე ხმას ვერც ოპოზიცია იღებს. რაც შეეხება დანარჩენს - მიღებული შედეგი საზოგადოებამაც და ხელისუფლების წარმომადგენლებმაც კულუარულად “ქართული ოცნების” დამარცხებად აღიქვეს. ის სტაბილური შედეგი, რაც ჰქონდა “ქართულ ოცნებას” 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებში, თვალსა და ხელს შუა გაქრა”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქართულ ოცნებაში” დიდი წმენდა დაიწყება?! / “თუ მმართველ პარტიას გადარჩენა სურს, მან დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიცილოს და გამოძიება დაიწყოს ხელისუფლებასთან შეზრდილ იმ “რუხი კარდინალების” წინააღმდეგ, რომლებიც ხელს აფათურებენ ბიზნესში, პოლიტიკაში თუ სამართალდამცავ სტრუქტურებში და მაფიოზურ-ოლიგარქიული სქემებით მუშაობენ” / “მამუკა ხაზარაძის მისამართით სააკაშვილის განცხადებები აჩვენებს, რომ ის არასდროს შეიცვლება. სააკაშვილი იყო და რჩება სასტიკ და მატყუარა ადამიანად”

“ქართულმა ოცნებამ” ეს უპირველესად, უნდა დააბრალოს საკუთარ თავს და სხვას არავის, თუმცა თავიდანვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ სათავისოდ სწორად წარმართული წინასაარჩევნო კამპანია. შემთხვევით არ მითქვამს, სათავისოდ-მეთქი, ზოგადად კი ეს კამპანია დაფუძნებული იყო ადამიანის ღირსების შელახვაზე, ტყუილზე, თავაშვებულობასა და ზიზღის დამკვიდრებაზე, რაშიც მათ მოახერხეს მმართველი ძალის აყოლიებაც, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობაში “ქართული ოცნება” ისეთივე ამორფული იყო წინასაარჩევნო კამპანიისას, როგორიც წლების განმავლობაში. “ქართულ ოცნებას” დაუდგა მომენტი, როდესაც მასზე გაბრაზებულმა ამომრჩეველმა უარი უთხრა, ნაწილობრივ - არჩევნებზე წაუსვლელობით, ნაწილობრივ კი - მის წინააღმდეგ ხმის მიცემით; მეტიც - ნაწილმა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერილ კანდიდატსაც კი მისცა ხმა. ასეთი გაბრაზება განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა: სამართლიანობის აღდგენის პროცესის უკიდურესად გაჭიანურებამ, დაპირებების შეუსრულებლობამ, უმძიმესმა საკადრო პოლიტიკამ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უმახინჯესმა კოაბიტაციამ. აქვე ვიტყვი, რომ ჩემი აზრითაც კოაბიტაცია აუცილებელი იყო, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და ფორმა. ამას დაემატა მხარდაჭერისთვის, შეიძლება ითქვას, მთლად სწორად ვერშერჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი, რაც არ არის არჩევნების შედეგის უმთავრესი მიზეზი, მაგრამ თავისი წვლილი ამანაც შეიტანა. “თუ გონს ვერ მოვა “ქართული ოცნების” ზოგიერთი ლიდერი, რომელიც გაქსუებულ პოზაში დგას, 2020 წელს `ოცნება~ უარეს შედეგს მიიღებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“თუ ხელისუფლება ყველა მიმართულებით დაშვებულ შეცდომებს ვერ დაინახავს, ვერ გააანალიზებს და დაგროვილ კითხვებს ამომწურავ პასუხებს ვერ გასცემს, მაშინ ეს არჩევნები რომც გადააგორონ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შანსი აღარ ექნებათ. მხოლოდ საკუთარი დაპირებების თანამიმდევრულად შესრულებით შეიძლება მიაღწიონ წარმატებას. ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა და სამუშაო ადგილების შექმნა მცირე ინდუსტრიის განვითარების მეშვეობით; მხოლოდ ასე შეიძლება მოახერხონ დაკარგული ნდობის აღდგენა. თუ ხალხმა არ დაინახა, რომ ხელისუფლება ქმნის ბაზას სერიოზული ეკონომიკური განვითარებისთვის - არ ვლაპარაკობ ეკონომიკის აყვავებაზე და, აქედან გამომდინარე, ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა არ გამოსწორდა, “ქართული ოცნება” განწირული იქნება მარცხისთვის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, ხელისუფლებაში არიან ძალები, რომლებიც აქამდე კონკრეტული სუბიექტური ვითარების გამო თავს იკავებდნენ, მაგრამ ახლა ალაპარაკდნენ; მათ შორის არიან დეპუტატებიც... ამ არჩევნებმა "ქართული ოცნებისთვის" იქნებ დადებითი როლიც კი შეასრულოს და ბევრი გამოაფხიზლოს. იგრძნეს რა გარკვეული საფრთხე, ვფიქრობ, აღარ შეურიგდებიან იმ პროცესებს, რაც აქამდე ხდებოდა. აშკარად გამოჩნდა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერთა შორის ბევრი ახალგაზრდაა, რომელსაც ჩინოვნიკური მუშაობის გარდა, საქმის კეთება არ შეუძლია... მიუხედავად იმისა, რომ 28 ოქტომბერს აშკარად გაჩნდა “ნაციონალური მოძრაობის” აგრესიული რევანშის საფრთხის საფუძველი, მიმაჩნია, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ეს მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია. ხალხმა გააკეთა ეს არჩევანი, ხელოვნურად არავის არაფერი დაუწერია, შესაბამისად, ნამდვილად საინტერესო პროცესი დაიწყო. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობასა” და მისდამი დამოკიდებულებას... კოაბიტაცია ვახსენე და მიმაჩნია, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ მივიდა არჩევნებზე და არ მისცა ხმა “ქართულ ოცნებას” სწორედ იმიტომ, რომ ეს კოაბიტაცია არ მოსწონს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ლამის სააკაშვილის რეჟიმის ამა თუ იმ წარმომადგენელთან შერწყმად იქცა... ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ვერ იგებენ ადამიანები, რაღატომ იდგნენ წლების განმავლობაში ქუჩაში, წვიმასა და ქარში, თუკი ის ადამიანები, ვისაც ებრძოდნენ, ვინც ამდენი სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, ისევ მაღალ თანამდებობებზე იქნებიან - სამართალდამცავი­ სტრუქტურები იქნება, პროკურატურა თუ სასამართლო... მათ რომ ჰკითხო, "ნაციონალური მოძრაობა" არსად წასულა, ისევ ხელისუფლებაშია. მართალია, მართვის მეორე, მესამე რგოლებში, მაგრამ ისევ ხელისუფლებაში. ამათ პირველ რგოლშიც “ნაციონალები” თუ დაემატნენ, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება დაატრიალონ ქვეყანაში. ისინი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია “ნაციონალური მოძრაობის” ნაშთის სახით, იმავეს აკეთებენ, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” დროს აკეთებდნენ... “ქართული ოცნების” ზოგიერთი ლიდერი გაუთავებლად ლაპარაკობს ცხრა წელზე, მაგრამ ეს ცხრა წელი არ არის, ცხრას ექვსიც უნდა მიუმატონ, რაც უკვე 15-ია. დიახ, 15 წელია, ისინი უყურებენ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის კონკრეტულ წარმომადგენლებს კონკრეტულ თანამდებობებზე, რომლებიც კვლავაც ძველი მეთოდებით ემსახურებიან სისტემას და ამაგრებენ მას...”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

“ამის პარალელურად, ქვეყანაში ჩამოყალიბდა სოციალური ფენა, რომელსაც შეიძლება დავარქვათ “გაბრაზებულები”. მათი თავისკენ შეტრიალება ხელისუფლებას ხუთჯერ უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე აქამდე შეიძლებოდა დასჯდომოდა. აქ თანხაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ იმ ნაბიჯების გადადგმაზე, რაც ამ ხალხს `ქართული ოცნებისკენ" მოატრიალებს. თუ ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯები გადადგა თუნდაც ერთ კვირაში - მე არ ვამბობ კოაბიტაციის სრულად მოშლას, ეს ასე უცებ არ გამოვა - შეიძლება ჯერ კიდევ მოახერხოს ამ "გაბრაზებულების" გულის მოგება. მაგალითად, ოქუაშვილთან დაკავშირებულ შეკითხვებს სასწრაფოდ უნდა გაეცეს პასუხი. მინისტრები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, მაგან ბოლო კაპიკამდე უნდა გადაიხადოს დავალიანებაო; ახლა მილიონი შეიტანა და ეს ამბავიც დასრულდა, არადა, კაცმა ლამის ქვეყანა დააქცია. ოქუაშვილმა მოატყუა “იბერიის” თანამშრომლები, დააშანტაჟა მთელი საზოგადოება, მაგრამ გაუვიდა, იმიტომ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაუჭირა მხარი; ლამის სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივედით და ახლა ვითომ არაფერი - არხეინად მუშაობს საწარმო, ყველაფერი რიგზეა, ერთადერთი “იბერია” შეეწირა ამ ამბავს. რატომ და როგორ დაექვემდებარა ხელისუფლება შანტაჟს?! ვინ უნდა აგოს ამ პროცესებზე პასუხი?! _ აი, ამ კითხვებს უნდა გაეცეს სასწრაფოდ პასუხი”, - დაასკვნის ექსპერტი.

“თუ მმართველ პარტიას გადარჩენა სურს, მან დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიცილოს და გამოძიება დაიწყოს ხელისუფლებასთან შეზრდილ იმ “რუხი კარდინალების” წინააღმდეგ, რომლებიც ხელს აფათურებენ ბიზნესში, პოლიტიკაში თუ სამართალდამცავ სტრუქტურებში და მაფიოზურ-ოლიგარქიული სქემებით მუშაობენ. დროულად, მეორე ტურამდე უნდა გაეცეს პასუხი 16 წლის დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც, თორემ “ქართული ოცნება” ე.წ. ხორავას საქმის ტვირთისგან ვერასდროს გათავისუფლდება. იმ ადამიანების უგულებელყოფა - დავარქვათ მათ პირობითად 2012-იანები - რომელთაც მოიყვანეს ეს ხელისუფლება, გვერდით ედგნენ ამ პოლიტიკურ ლიდერებს, იყო უდიდესი შეცდომა. ამ ხალხის დაბრუნებაა ახლა საჭირო.... ვაშაძის გამარჯვება იმიტომ კი არ შეიძლება იქცეს პრობლემად, რომ ის რუსეთის აგენტია - ეგ არის რიგითი ჯარისკაცი “ნაციონალური მოძრაობისა”, რომელსაც ჰყავს ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, ის კი ადეკვატურობას კარგა ხანია, გასცდა. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებით არ ჩანს, რომ მან თავის შეცდომებზე რამე ისწავლა. ის უკვე გადავიდა პერსონალურ მუქარაზე, თან - ემუქრება ბიზნესს... მამუკა ხაზარაძის მისამართით სააკაშვილის განცხადებები აჩვენებს, რომ ის არასდროს შეიცვლება. სააკაშვილი იყო და რჩება სასტიკ და მატყუარა ადამიანად. ალბათ, ოპონენტები მკითხავენ, რა, დღევანდელ ხელისუფლებაში არ არიან მატყუარებიო? რამდენიც გინდათ, იმდენია, მაგრამ საქმე ის არის, რომ სააკაშვილის ამ თვისებებმა გაუხსნა ხელი მის ხელქვეითებს, ჩაედინათ საშინელებები... ახლაც აშკარაა, რომ სააკაშვილი რევანშისთვის ემზადება”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა მედიაზე... რასაც “რუსთავი 2” აკეთებს, იმის მიხედვით ვხედავთ, რომ ის აშკარად პოლიტიკური მხარეა, ახლა კი უკვე “იმედმაც” გვითხრა, რომ მეორე ტურისთვის აპირებს საგანგებო ვითარებაზე გადასვლას და პოლიტიკური პოზიციის ასევე აშკარად გამოხატვას... შეიძლება მედიასაშუალებას ჰქონდეს საკუთარი პოზიცია და ეს, გარკვეულწილად, სარედაქციო პოლიტიკაზეც აისახებოდეს, მაგრამ არა - ტყუილის ტირაჟირებით და არა ისე, რომ საზოგადოება გაყოს და ერთმანეთს დაუპირისპიროს. ამაზე კარგად უნდა დაფიქრდეს ყველა. არ შეიძლება ასე ხელაღებით მოექცე საზოგადოებას. ყველაფერს აქვს წესი... პროცესები უფრო რადიკალური გახდება, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ორივე მხარეს ბევრი აქვს დასაკარგავი. არ გამოვრიცხავ პროვოკაციებს.გახარიას უწყების საქმე სწორედ ის არის, რომ არ დაუშვას დაპირისპირება. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებსაც ასეთი მოლოდინი აქვთ, ამიტომაც სერიოზულად ემზადებიან... მიუხედავად ვითარების სიმწვავისა, დაუშვებელია არათუ სამოქალაქო დაპირისპირების შესაძლებლობა, არამედ ამაზე განცხადებების კეთებაც. მმართველი პარტიის ერთ-ერთი დეპუტატისგან გაისმა ამგვარი ვარაუდი, რასაც “ქართული ოცნების” ლიდერებისგანაც კი ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა”, - დასძენს მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - “მთელ საარჩევნო კამპანიას ლაიტმოტივად გასდევდა მხარეების მიერ ერთმანეთის რუსეთის აგენტობაში დადანაშაულება. თქვენი აზრით, ეს პროცესი როგორ ჩანს რუსეთიდან?” - პასუხობს:

“ვფიქრობ, ძალიან სასაცილოდ, ამიტომაც აშკარად დაგვცინიან კიდეც და ამ ნეგატიურ პროცესებს აქეზებენ. არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი მათთვის სერიოზული ფიგურა არ არის და თან მათ დაკნინებას უფრო მეტად ცდილობენ. ჩვენი საზოგადოების ერთი, მაგრამ, სამწუხაროდ, მცირე ნაწილისთვის, ეს სიბინძურე მიუღებელია. ამით დისკრედიტაცია ხდება არა კონკრეტული პიროვნებების, არამედ მთელი ქართული სახელმწიფოსი. უნდა ითქვას, რომ აქ “ნაციონალების” დანაშაული მეტია. მათ ააგეს თავიანთი კამპანია გაღმა შედავების პრინციპზე - რადგან იცოდნენ, რომ ვაშაძის ბიოგრაფიაში არის ლაქები, თავიდანვე დაიწყეს ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეტევა და მისთვის აგენტობის მიზანმიმართულად დაბრალება. ამ პიარსვლამ “ნაციონალურ მოძრაობას” რაღაც დივიდენდები მოუტანა, მაგრამ ქვეყნისთვის ამგვარი პროცესები დამღუპველია”.

ზვიადაური, ჯაჭვლიანი და კურტანიძე “ოცნების” გადასარჩენად ბრუნდებიან

“ამომრჩევლების მობილიზაციისთვის წინასაარჩევნო ოპერაცია - “მიშა მოდის” და “სისხლიანი 9 წელი ბრუნდება” უკვე დაიწყო. ჯერ 2012 წლამდე მოკლული ახალგაზრდების მშობლები გამოვიდნენ მოწოდებით, რომ “ნაციონალების” წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ, შემდეგ კი ახმეტის ყოფილმა მაჟორიტარმა, ყოფილმა სპორტსმენმა ზურაბ ზვიადაურმა დააანონსა, რომ მეგობრებთან ერთად ახმეტიდან იწყებს აქტიურობას და სხვა ყოფილ თუ მოქმედ სპორტსმენებთან ერთად სათავეში უნდა ჩაუდგეს წინასაარჩევნო პროცესს. ზვიადაურის მოწოდება მოიწონა სოსო ჯაჭვლიანმაც და ისიც გეგმავს, “ოცნების” ძველი სახეები, 2012-იანელები, შეკრიბოს და გააქტიურდეს, რათა არ დაბრუნდეს “სისხლიანი 9 წელი”, რისი საფრთხეც პირველი ტურის შემდეგ გაჩნდა. ოღონდ ჯერ არ იცის, როგორ, რა ფორმით ჩაერთოს ამ “წინასაარჩევნო ოპერაციაში”. სოსო ჯაჭვლიანის თქმით, ის გაბრაზებულია იმის გამო, რომ “ნაციონალების” დაბრუნების საშიშროება გაჩნდა, რაც კოაბიტაციის შედეგია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ზვიადაური, ჯაჭვლიანი და კურტანიძე “ოცნების” გადასარჩენად ბრუნდებიან.

“არამც და არამც არ შეიძლება, ის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმი დაბრუნდეს. ჩემს ძმას, ზვიადაურს, რომელმაც განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მოძრაობას და ხალხში სიარულს დაიწყებს, მე, რა თქმა უნდა, ვუერთდები. ძველი სახეები, 2012-იანელები, ყველა შევიკრიბებით, რათა ადამიანები დავარწმუნოთ, რომელი რომელს სჯობს. ჯერ არ ვიცი, ეს როგორ მოხდება, ერთმანეთთან კონტაქტი გვაქვს, ამ დღეებში შევიკრიბებით და ფორმაზე ჩამოვყალიბდებით”, - ამბობს ჯაჭვლიანი. ასევე, ყოფილი პარლამენტარი დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ის აქტიური იყო პირველი ტურის წინაც და აქტიურობას გააგრძელებს ამ ერთ თვეშიც, თუმცა ზვიადაურთან შეერთებას არ გეგმავს. მისი თქმით, ძველი სახეების მონაწილეობით, ერთობლივად ჯგუფის შექმნა და კლიპები არ იგეგმება, მაგრამ საქართველოში აქტიურობის ძალიან დიდი არეალია და სადაც მივა, ყველგან მოუწოდებს ხალხს, რომ “ნაცმოძრაობის” დაბრუნება არ უნდა მოხდეს. ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ყოფილმა მაჟორიტარმა, 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელმა ზურაბ ზვიადაურმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ სპორტსმენებთან ერთად ახმეტაში იწყებს ბრძოლას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე ვარ ახმეტაში. მე, ზურაბ ზვიადაური, ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან, მოჭიდავეებთან ერთად შევეცდები, რომ ყველას მივაწვდინო ხმა, მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს. “გუშინ ჩამოვედი ახმეტაში და მეორე ტურამდე დარჩენილ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებ, რომ "ნაციონალური მოძრაობის", მოძალადეების წინააღმდეგ მისცეს ხალხმა ხმა. ეს ომია. არ შეიძლება “ნაცმოძრაობის” უკან დაბრუნება. არ შეიძლება, საქართველოში დაბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი”, - აღნიშნა მან. კონკრეტულად ვისთან ერთად შეიძლება ზვიადაური გამოჩნდეს? ამ კითხვაზე ყოფილი პარლამენტარი არ პასუხობს - ამბობს, რომ ამას ყველა დაინახავს და მის გვერდით დადგებიან ყოფილი და მოქმედი სპორტსმენები. პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, დღეს “ქართული ოცნება” იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მისთვის ნებისმიერი ადამიანის მხარდაჭერა ფასეული და ღირებულია”, - განაგრძობს გამოცემა.

“ახლა ვერ ვიტყვი, ვინ იქნება, ყველა გამოჩნდება და თვითონ იტყვის. არ მინდა, მათ მაგივრად მე ვილაპარაკო. საუბარია მოჭიდავეებზე და სხვადასხვა სახეობის სპორტსმენებზე, მათ შორის მოქმედი სპორტსმენებიც იქნებიან. ყველა დაინახავს, ვინ დგას ქვეყნის გაერთიანების მხარეს. ჩემს მეგობრებს დავუკავშირდი და, რა თქმა უნდა, ყველა ჩემთან ერთად ჩაერთო. კურტანიძე, ჯაჭვლიანი თავისთავად ჩაერთვებიან იმიტომ, რომ ჩვენ 2012 წელს ვუთხარით “არა” მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს, გავერთიანდით და ცხადია, დღეს, როცა დავინახეთ ეს საშიშროება, ისევ უნდა გამოვიდეთ. ეს ადამიანები, რომლებიც სისხლისმღვრელები არიან, სამწუხაროდ, ისევ წამოიწივნენ და ჩვენებმა, “ოცნებამ” კი, ალბათ ვიღაც-ვიღაცების გამო რეიტინგი დაკარგეს. ეს საშიშროება რომ დავინახეთ, გამოვთქვი სურვილი ნებაყოფლობით და ჩავერთე ამ კამპანიაში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ზვიადაური.

“აქ ლაპარაკი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ რამეზე - არ უნდა წამოსწიონ ისეთი ხალხი, ვინც ხმებს ვერ მიიღებს. ამიტომ ეს იქნება ზვიადაური თუ სხვა ვინმე, ამას მნიშვნელობა არა აქვს, არც იმას, რამდენად დიდ გავლენას შესძენს ეს “ოცნებას”. მთავარია, ხმა არ დააკარგვინოს. ზვიადაურს შეიძლება სადღაც აქვს გავლენა, სადღაც - არა, მაგრამ ცნობადი სახეა და, აქედან გამომდინარე, მერყევ ამომრჩეველზე, შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს. კოლოსალური რაოდენობის ხმების მომტანი და საზოგადოებრივი აზრის კარდინალურად შემცვლელი ვერ იქნება ვერც ზვიადაური და ვერც სხვა რომელიმე სპორტსმენი, ვინც შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ გარკვეულ ხმებს მოკრეფს და მეორეც, თუ ასეთი ჯგუფები ბევრი იქნება, ეს იმოქმედებს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, ზოგადად. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის ერთი გზა იმ სტრატეგიიდან, რომელიც ყალიბდებოდა და რომელსაც ჰქვია “გეშინოდეთ, რომ 9 წელი ისევ დაბრუნდება და განმეორდება”. ეს პიარის ერთ-ერთი მიმართულებაა - ამომრჩეველს ისევ და ისევ შეახსენონ განვლილი 9 წელი და რამდენადაც შესაძლებელია, შეაშინონ “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებით. მთავარია, ამ ჯგუფებმა არ დაკარგონ ზომიერების გრძნობა. თუ ზომიერების გრძნობას დაკარგავენ და დაუკრეფავში გადავლენ, მაშინ საწინააღმდეგო შედეგსაც მიიღებენ”, - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

კოტე ჯანდიერი - “ხალხმა გაუცხოებულ ხელისუფლებას ალიყური უთავაზა”

“არჩევნებზე მივიდნენ ძირითადად პარტიულად მოტივირებული ამომრჩევლები, ხოლო მათი ორგანიზება “ნაცებს” უკეთ გამოუვიდათ, ვიდრე “ოცნებას”. ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილი კი საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე და ამ ადამიანების უმრავლესობა არა სიზარმაცის, არამედ ხელისუფლებისადმი პროტესტის გამო დარჩა სახლში და სწორედ არჩევნებზე არმისვლა მიმაჩნია ალიყურად, რომელიც ხალხმა რეალობას მოწყვეტილ, გაუცხოებულ ხელისუფლებას უთავაზა”, - აცხადებს მწერალი კოტე ჯანდიერი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კოტე ჯანდიერი: “ხალხმა ხელისუფლებას სილა გააწნა” / “ახლა ჩვენ ძალიან სახიფათო მიჯნას მივუახლოვდით, რომლის იქითაც, სავარაუდოდ, ქაოსი, კრიზისი და სამოქალაქო დაპირისპირება იწყება” / “შემზარავი სცენარი აქვთ გამზადებული რევანშისტებს და ხვალ ის შეიძლება რეალობად იქცეს”.

“სამწუხაროდ, “ქართული“ ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ თითქოს არც ისე მკაფიოდ, ხოლო კოალიცია “ქართული ოცნების” დაშლისა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ აშკარად დაადგა საზოგადოების იგნორირების გზას. დაიჯერეს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მარტო, ხალხის გარეშე დაამარცხეს და ამის გამო მადლიერ საზოგადოებას მუდმივად უნდა ეკრა ტაში. თუკი ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს ახალი საკონსტიტუციო მოდელის, სასამართლო რეფორმის, მურუსიძის, მარიხუანას პლანტაციების, უბიოგრაფიო ადამიანების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის, იმავე ფარცხალაძის, ან მიშას დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაუბრუნებლობის შესახებ, ეს ხომ სისულელეა და რატომ უნდა გაეწიოს ანგარიში?! - ასე ფიქრობდნენ ისინი. და მოხდა შემდეგი - თუკი მიშას დროს განსხვავებულ აზრს დევნიდნენ და ახშობდნენ, აჩუმათებდნენ ციხეებსა და საწამებელ კამერებში, ახლა, უბრალოდ, მას იგნორირებას უკეთებენ!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კოტე ჯანდიერი.

“ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში არსებული სიღარიბის მთავარ მიზეზად ადამიანების უნიათობასა და ანალიზის უნარის არქონას მიიჩნევს და მთავრობის მუშაობაში ხარვეზებს ვერ ხედავს! - ეს არის უკიდურესად მემარჯვენე ლიბერტარიანული მოსაზრება, რომელსაც საქართველოში კახა ბენდუქიძე ნერგავდა. საქართველოსნაირი ღარიბი ქვეყნის მოსახლეობისათვის ეს პოზიცია სულ ცოტა, შეურაცხმყოფელია. რა დიდი მიხვედრა უნდა, რომ ამ მოსაზრების ტირაჟირება საქართველოში კონტრპროდუქტიულია, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში! ახლა ჩვენ ძალიან სახიფათო მიჯნას მივუახლოვდით, რომლის იქითაც, სავარაუდოდ, ქაოსი, კრიზისი და სამოქალაქო დაპირისპირება იწყება. ამიტომ მეორე ტურში ისე ვეღარ მოვიქცევით, როგორც 28 ოქტომბერს, თავს ვერ მივცემთ ამის უფლებას. თუ პირველ ტურში სილა გავაწანით ხელისუფლებას, ახლა ჩვენი არჩევანით “ნაცმოძრაობას” უნდა ვუთხრათ - არა! წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ნაცების" კანდიდატი ღიად აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის მთავარი მიზანი სააკაშვილის, “ორი გვამის” მაძიებელი მერაბიშვილის, ახალაიების, ქარდავების, “ქილერასა” და სხვა სახელმოხვეჭილი სადისტების შეწყალებაა. ასეთი შეწყალების აქტი აუცილებლად გამოიწვევს უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისს, პროცესების რადიკალიზაციას ქუჩის აქციებსა და სამოქალაქო დაპირისპირებას; ქაოსი, არეულობა უკან გადააგდებს ჩვენს ქვეყანას და შედეგად მოიტანს, ისედაც სუსტი ეკონომიკის სრულ მოშლას, კატასტროფულ უმუშევრობას, ინვესტიციების შეჩერებასა და ტოტალურ სიღარიბეს - ეს შემზარავი სცენარი აქვთ გამზადებული რევანშისტებს და ხვალ ის შეიძლება რეალობად იქცეს, თუკი ჩვენს განაწყენებას და სიბრაზეს გონივრულ კალაპოტში არ მივმართავთ, ყველანი ერთად არ გამოვალთ არჩევნების მეორე ტურში და საბოლოოდ უარს არ ვეტყვით “ნაცმოძრაობას”. ეს არ იქნება დღევანდელი ხელისუფლების გამარჯვება, ეს საზოგადოების გამარჯვება იქნება, თანაც ისეთი გამარჯვება, რომელსაც ვერავინ მიიწერს საკუთარ თავზე, ვერ მიითვისებს და ვერ მოგვპარავს. მე მჯერა ქართველი საზოგადოების გონიერების”, - დასძენს კოტე ჯანდიერი და შეკითხვაზე - “სხვა კანდიდატისთვის რომ დაეჭირა მხარი“ქართულ ოცნებას", პირველი ტურის შედეგები შეიცვლებოდა?”, - პასუხობს:

“არ ვიცი, მაგრამ ერთში კი დარწმუნებული ვარ - პირველ ტურში ხელისუფლებამ მიიღო ის, რაც დაიმსახურა. მაგრამ ახლა ჩვენ ყველანი რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, სისხლიან რევანშისტებზე გამარჯვების გზა დღეს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაზე გადის და სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს. მან უნდა გაიმარჯვოს არა ხელისუფლების ან ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე, არამედ ჩვენი საზოგადოების გონივრული, კარგად გააზრებული არჩევანის საფუძველზე. წერტილი უნდა დავუსვათ გაუთავებელ არჩევანს “ნაცებსა” და “ქართულ ოცნებას” შორის. პირველ ტურში დამარცხდა `ქართული ოცნება~, მეორეში კი “ნაცები” უნდა დავამარცხოთ! მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიბადოს ახალი, ნორმალური პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში შეცვალოს ხელისუფლება და ქვეყნის მართვა მშვიდობიანად გადაიბაროს”.