აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს

აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას განაგრძობს. ამჯერად, ტრენინგები ტურისტული სააგენტოების, კვებისა და განთავსების ობიექტების 200-მდე სხვადასხვა მიმართულების მენეჯერს უტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ტრენინგები ძირითადად ეხება ტურისტული სერვისების მარკეტინგს, სერვისპლიუსის, გაყიდვებისა და ეფექტური კომუნიკაციის როლს ტურისტულ სექტორში, თანამედროვე ხელოვნებას ტურიზმის ინდუსტრიაში, მოლაპარაკების ხელოვნებას და უსტრესო პროდუქტიულობას.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ტრენინგებს ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ახორციელებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში დეპარტამენტმა ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში 1000-მდე ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული ადამიანი გადაამზადა. წლის ბოლომდე კი, ტრენინგები დაგეგმილია გიდებისთვის და სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეებისთვის. გიდები ბათუმის ტურის, ქედის ღვინის ტურისტული მარშრუტისა და დაცული ტერიტორიების მიმართულებით გადამზადდებიან, საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები კი ინგლისური ენის შემსწავლელ ტრენინგკურსს გაივლიან.