დუშეთის ისტორიული ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დუშეთში ისტორიული ქუჩების რეაბილიტაციას იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი ითვალისწინებს დუშეთის ცენტრალური ნაწილის: რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს, შამანაურის ქუჩების და ცენტრალური პარკის მიმდებარე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე თავმოყრილია მე-19, მე-20 საუკუნის მიჯნაზე აგებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქური ტიპის შენობა-ნაგებობების გამორჩეული ნიმუშები. პროექტით განსაზღვრულია, ასევე შედარებით მოშორებით მდებარე ორი განსაკუთრებული ისტორიული ღირებულების მქონე სახლის - ილია ჭავჭავაძისა და ე. წ. „აპრელოვის“ სახლების რეაბილიტაცია. საერთო ჯამში, დაგეგმილია 40 სახლის, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე 24 სახლის რეაბილიტაცია/რესტავრაცია.

პროექტის მიზანია ისტორიული და არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობების პირვანდელი სახით აღდგენა და წარმოჩენა. რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს, შამანაურის ქუჩებზე გათვალისწინებულია გზის საფარის, ტროტუარებისა და გარე განათების მოწყობაც.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, უკვე დაასრულა დუშეთში, ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შადრევნის, სანიაღვრეების, კანალიზაციის, საყრდენი კედლის გამაგრება, ბილიკებისა და პატარ-პატარა სკვერების მოწყობა. სამუშაოები ითვალისწინებდა პარკში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის გარე მოპირკეთებასაც.

დუშეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეაბილიტირებული უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ, გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობებს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს